მთავარი,სიახლეები

„პატრული, მოძრაობას აფერხებთ“ – ბათუმში მოქალაქემ პოლიციელს გენინსპექციაში უჩივლა

26.06.2026
„პატრული, მოძრაობას აფერხებთ“ – ბათუმში მოქალაქემ პოლიციელს გენინსპექციაში უჩივლა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელს არასწორად გაჩერებულ მანქანაზე მიუთითა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი, მისივე თქმით, უსაფუძვლოდ დააკავა.

„ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩავიარე ავტომანქანით და პატრულს არასწორად ჰყავდა გაჩერებული პოლიციის მანქანა. „პატრული, მოძრაობას აფერხებთ-მეთქი“, – გადავძახე ავტომანქანიდან და გზა გავაგრძელე.

განვაგრძე გზა და სარკეში გავიხედე: პატრული მომყვება,“ – ამბობს იოსებ დავითაძე. მისი თქმით, სამართლიანი შენიშვნის გამო გაღიზიანებულმა პატრულმა იგი უკანონოდ დააჯარიმა, შემდეგ კი, 6 საათის განმავლობაში სხვა პოლიციელებმა ოჯახის წევრებთან, ასევე ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

დაკავებიდან 24 საათში წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ მოქალაქემ პატრულის თანამშრომელს – ირაკლი ჭელიძეს გენინსპექციაში უჩივლა. შს სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 26 ივნისს „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, დაიწყო თუ არა ამ შემთხვევის გამოკვლევა.

მოქალაქე იოსებ დავითაძე პატრულს 24 ივნისს ბაგრატიონის ქუჩაზე გაუჩერებია – რამდენიმე წუთში იმ ფრაზიდან: „პატრული, მოძრაობას აფერხებ“.

„გამაჩერა პატრულმა და მომმართა, ჩამოდიო. მივუთითე, რომ თქვენ თავად უნდა მოხვიდეთ მძღოლის მხარეს, გამეცნოთ და ჩაატაროთ დანარჩენი ღონისძიებები-მეთქი. ეს შენიშვნაც არ მოეწონა,“ – გვიყვება იოსებ დავითაძე და პატრულის ამ კონკრეტული თანამშრომლისთვის მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოსაც გვაჩვენებს, – „გადავედი მანქანიდან და ვკითხე, რამდენი წლის იყო. მითხრა, რომ 21 წლისაა და საპატრულოს უფროსი ლეიტენანტია. ამდენი ცოდნა ვინ მოგცა, ბავშვობიდან პოლიციელობაზე სწავლობდი, თუ როგორაა საქმე-მეთქი?

მითხრა, რომ სიმთვრალეზე უნდა გადამამოწმოს. მას შემდეგ, რაც აპარატმა ნულოვანი შედეგი აჩვენა, მითხრა, რომ ღვედი არ მეკეთა და ამის გამო დამაჯარიმებს. აქ უკვე მქონდა ემოცია: სპეციალურად გამომყევი, რადგან შენიშვნა მოგეცით, ახლა კი, მიზეზს ეძებ, რადგან მე ღვედის გარეშე ავტომანქანაში არ ვჯდები, აღმაშენებლიდან მოვდივარ, ამოიღეთ კამერის ჩანაწერები და თუ სადმე ჩანს, რომ უღვედოდ ვმოძრაობ, 50 ლარი კი არა, სამმაგი ჯარიმა დამიწერეთ-მეთქი.

აქ პოლიციელი მეუბნება: რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, როგორც მე გეტყვი, ისე იქნებაო! ვუთხარი, რომ ეს არის არაადამიანობა, ჩაგვრა და ამის უფლება პოლიციას არ აქვს. ამ დროს თანმხლებმა პოლიციელმა გოგომ გადასცა ინფორმაცია, რომ დახმარება სჭირდებათ, რადგან თითქოს პოლიციელს არ ვემორჩილებოდი. მოვიდნენ და დამადეს ბორკილები,“ – ამბობს იოსებ დავითაძე.

მოქალაქის თქმით, ის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან პოლიციის ავტომანქანით გადაიყვანეს, თუმცა შენობაში შესვლამდე ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე მანქანიდან გადმოსვეს და უთხრეს, რომ პირადი ჩხრეკა უნდა ჩაუტარონ.

„ვუთხარი, რომ ჩხრეკას სჭირდება მოწმე, ასევე ადვოკატი და თვითონაც ვალდებული იყვნენ, ეს პროცედურა განემარტათ. მითხრეს, ბევრს ლაპარაკობო… მობილურით სარგებლობის უფლებაც არ მომცეს, რომ ვინმესთან დამერეკა. ისევ ბორკილები დამადეს.

დაახლოებით 6 საათი ვიყავი გატაცებული. საბოლოოდ, საღამოს შვიდის ნახევრისთვის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მომცეს საშუალება დავკავშირებოდი ჩემი ოჯახის წევრს.

არ ჩავიბარე არცერთი ოქმი, რადგან არ ვეთანხმებოდი იმას, რომ რამე დავარღვიე. წარმოიდგინეთ, ღვედზე ოქმი შეადგინეს სამრეცხაოსთან, უკვე დღის 3 საათი იყო, იმ პოლიციელმა კი, დაახლოებით 13:10 საათზე გამაჩერა.

მე, პირადად და სხვა მოქალაქესაც არასდროს არ გაუჩნდება სურვილი საჭიროებისამებრ რომ დასჭირდეს პოლიცია, თავში გაივლოს, რომ მას პოლიცია დაეხმარება და გვერდში დაუდგება. ეს იყო ჩემი განსაკუთრებული ემოციის მიზეზი: კაცმა რომ ვერაფერზე ვერ მიპასუხა, იმით იმართლა თავი, რომ ფორმა მაცვია და რასაც გეტყვი, ის უნდა მივიღო თურმე. მე არ მიგინებია პოლიციელისთვის – მხოლოდ აღშფოთება გამოვხატე.

იმ 21 წლის პოლიციელს ვუთხარი ისიც, რომ ბათუმში ახალგარემონტებული სკოლის საქმეზე მივდიოდი და IT სპეციალისტი ვარ, მომავალ თაობას ვემსახურები, თქვენ კი, უკანონოდ მაჩერებთ და მაკავებთ-მეთქი,“ – აღნიშნა იოსებ დავითაძემ „ბათუმელებთან“. იგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის [განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება] თანამშრომელია.

იოსებ დავითაძეს ღვედთან დაკავშირებული ოქმი ისევ შსს-ში გაუსაჩივრებია, სხვა ოქმი კი მას არ ჩაჰბარებია. უცნობია, რა მუხლის საფუძველზე იყო დაკავებული იოსებ დავითაძე. მოქალაქე ამბობს, რომ სავარაუდო სამართალდარღვევაზე სასამართლო პროცესიც არ ჩანიშნულა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

_________________

ფოტოზე: იოსებ დავითაძე და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: