განათლება,მთავარი,სიახლეები

„მოგვატყუეს, პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს“- თსუ-ს სტუდენტების პროტესტი

16.06.2026
„მოგვატყუეს, პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს“- თსუ-ს სტუდენტების პროტესტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები, მათი 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიანად გადაკეთებას აპროტესტებენ. სტუდენტების თქმით, ისინი მოატყუეს, როცა თქვეს, რომ „ოცნების“ რეფორმა არ გავრცელდებოდა რეფორმამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე.

სტუდენტები თსუ-ს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ თავიანთი უფლებებისთვის.

ის, რომ საბაკალავრო პროგრამების შემცირება 2025 წელს ჩარიცხულ სტუდენტებსაც შეეხებოდათ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ 13 მაისს ისაუბრა პარლამენტში გამოსვლისას.

მათი ინიციირებული ნორმატიული ცვლილება გულისხმობს 240 კრედიტის შემცირებას 180 კრედიტამდე. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ სტუდენტები.

„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს – ქრისტინე მექვაბიძეს, ბულუდ მამედოვს და სანდრო კვიციანს ესაუბრა, რომლებიც გასულ წელს გახდნენ პირველკურსელები და წესით, „ოცნების რეფორმა“ არ უნდა გავრცელებულიყო მათზე.

ქრისტინე მექვაბიძე – „ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა ისე გადაგვიკეთეს სამწლიანად, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხზე არ ჰქონია ჩვენთან ადმინისტრაციას.

თავდაპირველად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი მოქმედ პირველკურსელებს, მოქმედ სტუდენტებს არ შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიყავით ამისთვის მზად, რადგან უკვე დაწყებული გვქონდა სწავლა ოთხწლიანი პროგრამით და სამწლიანი პროგრამა შუა გზაში დაგვეწია“.

ბულუდ მამედოვი – „მე როგორც ვიცი, თავიდან იყო ნათქვამი, რომ „რეფორმა“ არ შეეხებოდა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. გაგვაცნეს კიდეც პროგრამები. კონკრეტულად ჩვენ, პოლიტიკის მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს გაგვაცნეს პროგრამები დაახლოებით ერთი კვირის წინ და არ ყოფილა იქ ამაზე საუბარი.

სანამ პროტესტი გაჩნდებოდა და დავიწყებდით პეტიციაზე ხელმოწერებს, მანამდე ვთხოვეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა მეილებზე გადმოგვიგზავნეს მიჭრილ-მოჭრილი პროგრამები, ათობით მნიშვნელოვანი საგანია პროგრამიდან ამოღებული“.

სანდრო კვიციანი – „რაც შეეხება თვითონ პროგრამებს, მაგალითად პოლიტიკის მეცნიერებაზე ამოღებულია ისეთი საგანი, როგორიცაა გამოყენებითი ეკონომიკა, რომელიც ერთი სემესტრი ისწავლებოდა. ამოღებულია გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა. მაქსიმალურად დავიწროებულია ისეთი თემატიკა, რომელსაც ანალიტიკური აზროვნება სჭირდება.

მაგალითად, გვქონდა ასეთი საფაკულტეტო პროგრამა – „სოციალური კვლევის მეთოდები“, რომელიც პრაქტიკულად წინასწარ გამზადებს იმისთვის, როგორ უნდა ჩაატარო რაოდენობრივი, თვისობრივი კვლევა, რაც აუცილებელია ჩვენს პროფესიაში. როცა ამას იღებენ, ჯერ ჩვენთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.

არ მოგვცეს საშუალება ჩვენი აზრი გამოგვეხატა ამ საკითხებზე. პირდაპირ გამოგვიქვეყნეს და გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შეასრულოთო. ჩვენ გვსურს 4-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა, რაზეც ჩავაბარეთ თავის დროზე და მოვითხოვთ, რომ იგივე პროგრამა დაგვიტოვონ“.

სტუდენტებს ვკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ ამ დრომდე ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შემცირებაზე, ეს ხომ ბევრად ადრე დააანონსა „ოცნების“ ხელისუფლებამ? – სტუდენტების თქმით, აქამდე მხოლოდ იმას ისმენდნენ, რომ ცვლილება არ შეეხებოდათ „რეფორმამდე“ ჩარიცხულ სტუდენტებს. „ახლა კი ფაქტობრივად, კონტაქტი დაგვირღვიეს“, – ამბობს ქრისტინა.

„დაახლოებით აპრილის ბოლოსკენ გახდა ჩვენთვის ცნობილი ეს ინფორმაცია. მანამდე არ ვიცოდით, რადგან უნივერსიტეტისა და საკუთარი ფაკულტეტების დეკანებისგან ინფორმაცია არ მიგვიღია. არ აქვთ სტუდენტებთან უშუალო კონტაქტი.

პრობლემა სწორედ ეს არის, რომ პროგრამა შეგვიცვალეს, კონტრაქტი დაგვირღვიეს ყველანაირად. არც შეხვედრები ჩატარებულა, რომ სადმე ჩვენი აზრი გამოგვეხატა. როცა ჩვენი ინიციატივით შევხვდით შესაბამის პირებს და ვიკითხეთ, რატომ შეგვიმცირეს 240-კრედიტიანი პროგრამა 180-კრედიტამდე, აქამდე სად იყავით, დაგაგვიანდათო, – ასე გვიპასუხეს“, – ამბობს ქრისტინა.

ბულუდ მამედოვი – „ყველა მიმართულებას აქვს თავისუფალი კრედიტები. მაგალითად მე, პირველ სემესტრშივე გავლილი მქონდა ორი საგანი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია და მეტყველების კულტურა, რომელიც ავტომატურად ავსებდა ამ თავისუფალ კრედიტებს.

მეტყველების კულტურა საერთოდ გააუქმეს და გაგვიუქმეს კვლევის მეთოდებიც, სოციალური მეცნიერების მიმართულებაზე, როგორც სანდრო ამბობდა. არავინ გვეუბნება, სად ჩაიწერება ამ გაუქმებული საგნებიდან მიღებული თავისუფალი კრედიტები. მხოლოდ ის გვესმის, რომ „რაღაცას იზამენ“.

სანდრო კვიციანი – „სად არის ჩვენი ხმა, სად არის ჩვენი ინტერესები დაცული? მე, მაგალითად, მსურდა კონფლიქტოლოგიის გავლა, რომელიც გაგვიუქმეს და არასწორია, რომ ეს უფლება შეგვიზღუდეს. პრობლემაა ისიც, რომ ფაკულტეტი გაგვიუქმეს – ფაქტობრივად მილევად რეჟიმშია გადასული. 2027 წლიდან დიპლომატთა აკადემია გაიხსნება და ჩვენი ფაკულტეტი ალბათ იქ გადავა“.

ქრისტინე მექვაბიძე – „მე ჟურნალისტიკის მიმართულებით ვსწავლობ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა არ არის მილევად მიმართულებებს შორის, პრობლემა მაინც რჩება ის, რომ საშუალოდ 30-40 საგანია ამოღებული პროგრამიდან.

ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ განათლების დონე დაიწევს, რომელიც ისედაც დაბალია ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის რეფორმა, „დეფორმაა“, როგორც უწოდეს მას, რადგან 180-კრედიტიანი პროგრამით განათლების მაღალი ხარისხით მიღება გამორიცხულია“.

სანდრო კვიციანი – „მთავარი არგუმენტი, რაც გვესმის პროგრამების შემცირებაზე არის ის, რომ „აი, ევროპაშიც არის სამწლიანი პროგრამები“. მაგრამ იმას არ ითვალისწინებენ, რომ იქ სკოლებია 12, 13-წლიანი და ხარისხის დონეც ბევრად მაღალია“.

ქრისტინა მექვაბიძე – „ჯამური რაოდენობა ევროპაში სწავლის გამოდის 16 წელი და ჩვენთან არა. კონკურენციას ვერ გავუწევთ“.

ბულუდ მამედოვი – „სამწლიანზე გადასვლა მოხდა ძალიან სწრაფად, ჩემი აზრით. ოთხწლიანი უფრო მისაღებია, რადგან უფრო გამართულია სტრუქტურულად. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით ამ ყველაფერში? სათანადოდ არ არიან სტუდენტები ინფორმირებული. ახლახან მქონდა საუბარი სტუდენტებთან და ძალიან ბევრმა არ იცის, რომ სამწლიან პროგრამაზე გადავყავართ.

მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ვესაუბრებოდი და იმათაც კი არ ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.

დეზინფორმაცია ან ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს იმას, რომ სტუდენტები არ იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის.

ქრისტინე მექვაბიძე – „ფაკულტეტის დეკანი გვეუბნება, თავის დროზე რატომ არ დაიწყეთ პროტესტი, სანამ თქვენ შეგეხებოდათო. პირველი კურსის პირველი სემესტრელები ვიყავით, როცა ამ „რეფორმის“ გატარება დაიწყეს და ბევრი რამ არ ვიცოდით. ჯერ ადაპტაციის პროცესში ვიყავით და არ ვიყავით გათვითცნობიერებული.

ჩვენ დაგვირღვიეს კონტრაქტი და ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომლის გასაჩივრების უფლებაც გვაქვს. სწორედ ამიტომ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ მივმართოთ სამართლებრივ გზას. ჯერ რექტორატის დონეზე შევეცდები, დაგვიკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. თუ არ გაითვალისწინეს, შემდეგ მივიღებთ სხვა ზომებსაც. 27 მაისს მივწერეთ ჯაბა სამუშიას, უკვე გავიდა 13 დღე და არ მიგვიღია პასუხი. ვითხოვთ ახსნა-განმარტებას – რატომ შეგვიმცირეს კრედიტები ჩვენთან შეთანხმების გარეშე. მივმართავთ განათლების სამინისტროსაც“.

ბულუდ მამედოვი – „ალბათ იცით, რომ გავავრცელეთ პეტიცია, სადაც 1500-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე მოგვიწერა ხელი. აქედან 40%-ი სტუდენტების ხელმოწერაა. ხელმოწერებს ვაგროვებთ გარეთაც.

ვითხოვთ მოგვცენ სტუდენტებს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და არ ვიყოთ შეზღუდულები არჩევანში“.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, თეონა მატარაძეს. ის მიიჩნევს, რომ სტუდენტები მოატყუა განათლების სამინისტრომ, რადგან უკან წაიღეს გივი მიქანაძის განცხადება, რომ თითქოს „რეფორმა“ არ გავრცელდებოდა წინა წლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე.

თეონა მატარაძე

„21 ოქტომბერს გივი მიქანაძემ განაცხადა სრულიად მკაფიოდ, რომ რეფორმასთან დაკავშირებით შესული ცვლილებები არ შეეხებოდათ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს. მან ეს დაპირება უკან წაიღო.

ამიტომ, არათუ სტუდენტებს, ჩვენც კი არ გვქონდა ამაზე ინფორმაცია. შესაბამისად, სტუდენტებს უფრო ადრე ვერ ექნებოდათ რეაქცია. ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს ის, რომ „თუ მე არ მეხება“, არ გვაქვს ხოლმე დროული რეაგირება პრობლემებზე – მაშინ, როცა ჩვენ გამოვდიოდით ამ რეფორმის წინააღმდეგ, სტუდენტების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ამ პროცესში არ აგვყვა.

როდესაც განათლების სისტემა ნადგურდება, არა მხოლოდ სტუდენტმა და ლექტორმა, არამედ ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიმაღლოს ამაზე ხმა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაშინ გვესმის პროტესტი, როდესაც უშუალოდ ზარალდებიან ადამიანები.

თუმცა სტუდენტების ეს პროტესტი, რომელიც ერთი კვირაა რაც დაიწყო, მაინც დასაფასებელია“, – ამბობს  თეონა მატარაძე.

პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უშლის სტუდენტებს ხელმოწერების შეგროვებაში: „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურობენ, მაგრამ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული ამ პროცესში.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთოდ არ იცოდნენ, რომ პროგრამები 180-კრედიტიანი ხდება და რეაგირებაც იყო დაგვიანებული. თუმცა პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ამის მაგალითი იყო თსუ-სტუ-ს გაერთიანების უკან წაღება, ისევე როგორც ამის მაგალითი იყო დიუშენის ბავშვების თემა.

ეს პრობლემა შეეხო კერძო უნივერსიტეტებსაც. იმედი მაქვს, ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების დამშვიდების პოლიტიკა მიდის და ერთ-ერთი არგუმენტი რაც მომისმენია, იყო ის, რომ თურმე მაგისტრატურაში თუ ჩააბარებენ საზღვარგარეთ, „დანართს“ არავინ უყურებს, რაც არ არის სიმართლე. რა თქმა უნდა, დანართს უყურებენ მაგისტრატურაში ჩაბარებისას.

ამოიღეს ლოგიკა, ფილოსოფია, სტატისტიკა, ეს საგნები აკადემიური სწავლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტი პროფესიული სასწავლებელი არ არის და ამ საგნებიდან რომ 60 კრედიტი დააგროვეს სტუდენტებმა, ეს კრედიტები ჩახსნილია.

სტუდენტებს ეუბნებიან, რომ „როგორღაც გიღიარებთ“ – რა მექანიზმით, ამაზე პასუხი არ არის. მაშინ მოუწევთ გაზარდონ თავისუფალი კრედიტების რაოდენობა. ეს, პირველ რიგში, აზარალებს სტუდენტს, რადგან დანარჩენ ორ წელიწადში მას აღარ ექნება თავისუფალი კრედიტები და ვერაფერს ვეღარ აირჩევს.

ან მეორე სცენარი იქნება – უღიარებენ კრედიტებს პროფესიულ არჩევით საგნებში, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მათი დიპლომის დანართისთვის, რადგან პროფესიული საგნების ნაცვლად გავლილი ექნებათ საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო საგნები. ეს პრობლემა აუცილებლად გამოჩნდება ორი-სამი წლის შემდეგ.

შეიძლება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ ამაზე თვალი დახუჭოს, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, უცხოეთში მაგისტრატურის სწავლისთვის აუცილებლად გამოიწვევს ბევრ პრობლემას.

ამას ემატება ერაზმუსით სწავლებაც – აქამდე ერაზმუსში მონაწილეობის უფლება სტუდენტებს ჰქონდათ ხუთი სემესტრის განმავლობაში. დამამთავრებელ სემესტრში ვერ მიდიან ერაზმუსით და ვერც პირველ კურსზე. იქიდან ჩამოტანილი კრედიტების ნაწილი მიდიოდა თავისუფალ კრედიტებში. ახლა ეს თავისუფალი კრედიტები აღარ ექნებათ სტუდენტებს, რადგან გადავსებული იქნება პროგრამა პირველი დონის საგნებით“, – ამბობს თეონა მატარაძე.

რაც შეეხება დავას სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის: „თუ დაამტკიცებენ (და ეს დამტკიცებადია) სტუდენტები, რომ ამ ცვლილებით მათ სწავლის ხარისხი გაუარესდა და ეს გამოიწვია ხელშეკრულების პირობების ცვლილებამ, ნამდვილად არის სამართლებრივი დავის საგანი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: