ბათუმი,მთავარი,სიახლეები • • •

ბზარები ბათუმში ბონის კულტურის სახლზე – „ლელო“ ექსპერტიზას ითხოვს

06.10.2026
ბზარები ბათუმში ბონის კულტურის სახლზე – „ლელო“ ექსპერტიზას ითხოვს

„ლელო“ აჭარის აკადემიური ანსამბლის, „არსიანის“ შენობის [ ე.წ. ბონის კულტურის სახლის] უსაფრთხოების შესწავლას ითხოვს. დღეს, 6 ოქტომბერს ამ თემაზე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა შენობასთან.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენო თებიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმ მშობლებმა მიმართეს, რომელთა შვილებიც, მოსწავლეები, ამ შენობაში სწავლობენ და ვარჯიშობენ.

გენო თებიძის ინფორმაციით, შენობას ბზარები აქვს.

ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ შენობის ერთ მხარეს ბზარი იმდენად ღრმაა, რომ კედლის ერთი მხარე ფაქტობრივად დაცილებულია მეორე მხარესთან.

დააკვირდით ბზარს კედელზე

ბზარი უფრო ახლო ხედით

ანსამბლი „არსიანი“ აჭარის კულტურის სამინისტროს სსიპ-ის დაქვემდებარებაშია. სამინისტროს განმარტებით, „არსიანის“ ბალანსზე არსებულ შენობას ბზარები არ აქვს და ის უსაფრთხოა.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ შენობის უსაფრთხოების საკითხი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნით უნდა დადასტურდეს.

„ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ექსპერტებმა დაადასტურონ. მართალია, ბზარები შენობის გაგრძელებაზე არსებულ ნაწილში ფიქსირდება, მაგრამ ეს ერთი შენობაა, შესაბამისად, კითხვები ეხება მთელ შენობას. 

„ბასკოს“ აქვს იჯარით აღებული ფართობი და აქაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ტენდერიც იყო გამოცხადებული, მაგრამ ვინ და რატომ გადადო, არ ვიცით. ამ ყველაფერზე პასუხები არ გვაქვს, ამიტომ უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაციის სახით“, – ამბობს ვაჟა დარჩია.

რას ნიშნავს კულტურის სამინისტროს პასუხი, რომ „არსიანის“ ბალანსზე არსებულ შენობას ბზარები არ აქვს და ის უსაფრთხოა, როცა შენობას ბზარები ნამდვილად აქვს? – საქმე ისაა, რომ ამ შენობის ნაწილი აჭარის მთავრობამ 2006 წელს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ მიჰყიდა. სახელმწიფოს ბალანსზე დარჩა 1310.80 კვ. მეტრი, 1328.50 კვ.მეტრი კი შპს „ბათუმის ნავთობტემინალმა“ დაირეგისტრირა.

„ბათუმის ნავთობტემინალის“ შენობაში საკალათბურთო კლუბ „ბასკოს“ სპორტსმენები რომ ვარჯიშობენ, ამონაწერში არ ჩანს, თუმცა როგორც ადგილზე გვითხრეს, ისინი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იყენებენ შენობას.

შენობის ფასადის მხარეს არსებული ღრმა ბზარები მართლაც ტერმინალის მხარეს ფიქსირდება, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან შენობა ერთია და მისი მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – რამდენად უსაფრთხოა შენობა, სადაც მოზარდები კალათბურთში ვარჯიშობენ.

„როცა ინვესტორს დანგრევა და კორპუსის მშენებლობა სურს, ხომ უცებ ამზადებენ დასკვნებს, ახლა რატომ არ შეიძლება იგივე ეფექტურად გააკეთონ?“ – სვამს კითხვას ვაჟა დარჩია.

„ბასკოს“ წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ უსაფრთხოების საკითხზე შენობის მესაკუთრისგან პასუხებს ელოდება:

„უნდა ჩატარდეს შესაბამისი შემოწმება, ჩვენ ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ველოდებით შესაბამის პასუხებს. როგორც იცით, შენობა ჩვენი არ არის და თუ დაზუსტდება, რომ შენობა უსაფრთხო არ არის, მოგვიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა“ – გვითხრა მან და დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გენო თებიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა გამოსწორებასაც ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა თავს ვერ ართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მილიონები იხარჯება, დაგროვდა და ყოველდღე მწვავდება:

„ქობულეთში ჩავედით – 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი არ აქვს ხალხს. აქ კი იმის გამო მოვედით, რომ მშობლებმა გვთხოვეს, ბავშვები და მათი უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, გადახედონ საქართველოს კონსტიტუციას და წაიკითხონ, რით იწყება კონსტიტუცია. ადამიანზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს და როდესაც ჩვენ ასეთ გარემოში შეგვყავს ჩვენი ბავშვები, კითხვები ჩნდება და უნდა ვიცოდეთ, მოხდა თუ არა ამ შენობის სრული შესწავლა, ან როდის მოხდება“. 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შენობის რესტავრაცია 2012 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.

„ლელოს“ ბრიფინგი ადგილზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: