სიახლეები

როგორ იქცა ბათუმის საკრებულო ცხრაკლიტულად – საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების იგნორირება

08.06.2026
როგორ იქცა ბათუმის საკრებულო ცხრაკლიტულად – საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების იგნორირება

ბათუმის საკრებულოს ბოლო სხდომა, რომელიც 29 მაისს გამართეს, საუკეთესო ილუსტრაცია იყო იმის საჩვენებლად, როგორ უგულებელყოფს საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას – საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებას.

საუკეთესო ილუსტრაცია იყო იმის საჩვენებლადაც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო მაისურაძის მტკიცება, თითქოს რეგლამენტის დარღვევის უფლებას არავის აძლევს, სინამდვილეში ხერხია შეზღუდოს ოპოზიციის გამოსვლები, თავი რომ აარიდონ რამდენიმეწუთიან დისკომფორტსაც კი, რასაც მათთვის ოპოზიციის გამოსვლები იწვევს.

თავმჯდომარე აქტიურად ახსენებს ოპოზიციას „რეგლამენტს“, სიტყვა რომ არ გაუგრძელდეს რომელიმე მათგანს. სხვა დროს კი მარტივად არღვევს რეგლამენტს, არაერთ საკითხთან მიმართებაში.

გვახსოვს ისიც, იგივე საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობის წევრები როგორ მიესალმებოდნენ ქვეყანაში ე.წ. გამჭვირვალობის კანონის დამტკიცებას. შესაბამისად, საინტერესოა, თავად რატომ დაივიწყეს, რომ თვითმმართველობის კოდექსი მათ საჯაროობას, ანგარიშვალდებულებას და ამომრჩევლის ჩართულობის მიღწევას ავალდებულებს – ასევე მერიის კონტროლსაც.

ვანო მაისურაძე

  • ბოლო სხდომა, როგორც ილუსტრაცია, თუ როგორ მალავს საკრებულო ინფორმაციას

29 მაისს, სხდომის დაწყებისას ვრცელი მისალმების შემდეგ, როცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო მაისურაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა, სიტყვა ითხოვა ვაჟა დარჩიამ – ის საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენს.

მან სხდომამდე 2 დღით ადრე დამატებული 10 საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მათი შესწავლა 2 დღეში შეუძლებელი იყო. შესაბამისად, არ იცოდა, რას უნდა დასთანხმებოდა ან წინააღმდეგობა გაეწია, რადგან ვერ შეისწავლა ისინი.

საკრებულოს თავმჯდომარემ ამაზე არავითარი განმარტება არ გააკეთა – დაუყოვნებლივ დააყენა კენჭისყრაზე ვაჟა დარჩიას წინადადება, დამატებული 10 საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებაზე. „ოცნების“ უმრავლესობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მხარი არ დაუჭირა.

ისევე როგორც თავმჯდომარეს, საკრებულოს არცერთ წევრს „ოცნებიდან“ ამ საკითხზე მოსაზრებაც კი არ გამოუხატავთ. როგორც ჩანს, მათთვის მისაღებია სხდომაზე განსახილველი საკითხების, მათ შორის მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტების ამომრჩევლისთვის დამალვა.

29 მაისის სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტი, რომლის დაცვასაც თავმჯდომარე თითქოსდა ცდილობს, მხოლოდ იმით არ დაურღვევიათ, რომ სხდომის საკითხები და მასთან დაკავშირებული პროექტების დიდი ნაწილი საკრებულოს წევრებმა დროულად ვერ მიიღეს. დაარღვიეს იმითაც, რომ განსახილველი 17 საკითხიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ გამოქვეყნებული ერთი კვირით ადრე, დარჩენილი 16 საკითხი კი სხდომის წინა დღეს – 28 მაისის საღამოს დაამატეს.

რეგლამენტის მიხედვით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვანო მაისურაძე ასე „მონდომებით იცავს“, საკრებულო ვალდებულია სხდომაზე განსახილველი საკითხები ერთი კვირით ადრე გაასაჯაროოს. ამას ითხოვს, როგორც თვითმმართველობის კოდექსი, ასევე რეგლამენტი. ამ შემთხვევაში ალბათ დაავიწყდა თავმჯდომარეს რეგლამენტის არსებობა.

საკრებულოს რეგლამენტის 47-ე მუხლის მეორე თავის მიხედვით, თავმჯდომარის ბრძანება სხდომის ჩატარების შესახებ, სხდომის ადგილისა და დროის მითითებით, განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, ინიციირებული სამართლებრივი აქტების პროექტები, უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო გაცნობისთვის ხელმისაწვდომ და თვალსაჩინო ადგილას და საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumicc.ge

29 მაისს სხდომის ჩანიშვნის შესახებ საკრებულომ 22 მაისს გამოაქვეყნა და თან დაურთო დღის წესრიგი, რომელშიც მხოლოდ ერთი საკითხი იყო შეტანილი. 28 მაისს, სხდომის წინა საღამოს კი, დღის წესრიგი შეცვალეს და 16 საკითხი დაამატეს, მათ შორის იყო ისეთი საკითხები, რასაც თან ახლდა განაშენიანების დეტალური გეგმები, კონცეფციები და ასე შემდეგ, ისინი არ აუტვირთიათ. ეს პროცედურის დარღვევაა.

დააკვირდით მინაწერს, თითქოს მოქალაქეებს ჩართულობას სთავაზობენ, ამ დროს მხოლოდ ერთი საკითხი აქვთ გამოქვეყნებული, სხდომის წინა დღეს. საღამოს კი 16 საკითხი დაამატეს. როდის უნდა მოეხერხებინა დაინტერესებულ მოქალაქეს ამ საკითხების შესწავლა, მაშინ, როცა ეს საკრებულოს წევრმაც კი ვერ მოახერხა.

29 მაისის სხდომაზე, მათთვის საინტერესო საკითხის მოსასმენად და საკრებულოს წევრებთან პოზიციის დასაფიქსირებლად, ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები მივიდნენ. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახებს ე.წ. კვადროციკლების გაქირავებით არჩენენ. ამ დღეს მართლაც იმსჯელა საკრებულომ მათთვის საინტერესო საკითხზე, თუმცა არცერთი მათგანი სხდომაზე არ შეუშვეს.

„გვითხრეს გუშინ უნდა მოგემართათ, საშვები რომ დაგვეშვაო. ჩვენი ბრალია, რა ვქნათ“, – უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა „ბათუმელებს“.

სხდომა უმაღლესი საბჭოს შენობაში ჩატარდა, რადგან საკრებულოს შენობაში რემონტია. მოქალაქეები თავსხმა წვიმაში გარეთ დატოვეს, ისე რომ შენობის ფოიეში თავის შეფარების საშუალებაც არ მისცეს. მათთან დასალაპარაკებლად კი მხოლოდ ვაჟა დარჩია გავიდა.

მოქალაქეები ბათუმის საკრებულოს სხდომის დასრულებას თავსხმა წვიმაში, ქუჩაში ელოდებიან. სხდომა უმაღლესი საბჭოს შენობაში გაიმართა

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კოდექსში მკაფიოდ ამბობს, რომ მოქალაქეს სხდომაზე შესასვლელად არანაირი წინასწარი შეთანხმება არ სჭირდება.

კოდექსის მიხედვით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და კომისიის საჯარო სხდომებს. საჯარო სხდომებზე დასწრების მსურველებს კი, სხდომათა დარბაზში ადგილები უნდა გამოუყონ.

თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა აღემატება დარბაზში გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც სხდომაზე დასწრების მსურველებს სხდომის მსვლელობის მოსმენის საშუალებას მისცემს.

მეტიც, კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, რეგლამენტით დადგენილი წესით, დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.

ამ საკითხს განსხვავებულად აწესრიგებს ბათუმის საკრებულოს რეგლამენტი, თუმცა ის კოდექსზე უპირატესი ვერ იქნება, ამიტომაც, როცა მოქალაქე საჯარო სხდომაზე დასწრებას ითხოვს, არავის აქვს უფლება მას უთხრას: „შენი ბრალია, რომ ვერ გიშვებთ – გუშინ უნდა გეთხოვა ნებართვა. დღეს სხდომაზე ვერ შეგიშვათო“, როგორც ეს კვადროციკლების გამქირავებლებს უთხრეს.

გიორგი მასალკინი და ვაჟა დარჩია

  • როგორ აწესრიგებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობას საკრებულოს რეგლამენტი

საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაესწრონ საკრებულოს ღია (საჯარო) სხდომებს.

რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს აპარატი დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების საფუძველზე, მიმართვისთანავე, უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ერთჯერადი საშვის შევსებასა და გაცემას.

საკრებულოს აპარატი, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, უფლებამოსილია არ გასცეს დაინტერესებულ პირებზე სხდომაზე დასასწრები ერთჯერადი საშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დასწრების მსურველ პირთა რაოდენობა აღემატა სხდომის დარბაზში არსებულ ტევადობას და მათი დასწრებით ხელი შეეშლება სხდომის ნორმალურად ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს აპარატი ვალდებულია სხდომაზე დასწრების მსურველ პირს განუმარტოს, რომ მას შეუძლია სხდომაზე მიმდინარე პროცესებს დააკვირდეს საკრებულოს ვებგვერდის მეშვეობით.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილები მოქალაქეებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ შეამცირეს, ამ თემაზე:

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: