დღეს, 26 მაისს, თბილისში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლის და გადაადგილების უფლება არ მისცეს, არც ბანერით და არც ბანერის გარეშე.
„ბანერზე ეწერა – „წამალი ბავშვებს“ – მეტი არაფერი და ბანერი არ შეგვატანინეს 26 მაისის დამოუკიდებლობის აქციაზე“- ამბობენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები.
„ვერ შეხვალთ, ღონისძიება მიმდინარეობს“ – უთხრა მშობლებს პოლიციამ და მათ გადაადგილების საშუალებას არ მისცა.
„რომელი კანონით, მითხარით, რომელი კანონით არ შეგვატანინეთ ჩემი ბავშვის ბანერი?“ „შვილი რომ მიკვდება, ღონისძიება მიმდინარეობს?“, „ბავშვები გვეღუპება“ – ამბობდნენ ბავშვების მშობლები.
„100 მშობელს ებრძვით, 100 ბავშვს კლავენ, ყველა გამოვალთ“- ამბობდნენ მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ მშობლების ბრძოლას.
„გვინდოდა შევერთებოდით დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს და გაგვეშალა ჩვენი ბანერი. იმიტომ, რომ ბავშვების გარეშე არ არსებობს არც მომავალი, არც დამოუკიდებლობა და არც დამოუკიდებელი საქართველო. თუ ბავშვები არ გვეყოლება, მაშინ რისთვის გვჭირდება დამოუკიდებლობა და საერთოდ, ქვეყანა რისთვის გვინდა“- უთხრა ჟურნალისტებს კახა წიქარიშვილმა, ერთ-ერთი ბავშის მშობელმა.
მშობლები პოლიციამ არც მეტრო „თავისუფლების“ მხრიდან შეუშვა 26 მაისის ღონისძიებაზე, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფებოდა.
„არც ბანერით შეგვიშვეს და არც უბანეროდ. გამოდის, რომ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის დღე უნდა იზეიმოს მშობლების გარეშე, რომლებიც იბრძვიან თავიანთი შვილების გადასარჩენად“ – ამბობს კახა წიქარიშვილი.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები თბილისში ერთ თვეზე მეტია ქუჩაში დგანან, 24-საათიან უწყვეტ აქციას მართავენ და წამალს ითხოვენ შვილების სიცოცხლის გადასარჩენად.
ილიაუნის სტუდენტებმა მარათონი გამართეს მათ დასახმარებლად, სადაც რამდენიმე დღეში 1.5 მილიონზე მეტი ლარი შეუგროვეს ბავშვებს.
ნახეთ ვიდეო:






