მთავარი,სიახლეები

„ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

14.03.2026
„ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად ამ ჩანაწერს“- რას უპირებს „ოცნება“ მიუსაფარ ცხოველებს?

დღეს 14 მარტს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს ცხოველთა უფლებადამცველებმა.

ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ცხოველის დაბრუნება, სკოლამდელი აღზრდის და სამედიცინო დაწესებულებებთან, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, საბავშვო და სპორტულ მოედნებთან.

რატომ არის სარისკო ეს ჩანაწერი და რას უპირებს სახელმწიფო ქუჩიდან აყვანილ ცხოველებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“  Zero Strays Georgia -ს დამფუძნებელს და ცხოველთადამცველ მარიამ შეყილაძეს ესაუბრა.

მარიამ შეყილაძე

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა 2025 წელს დაიწყო და აქამდე არ არსებობდა ჩანაწერი, რომელიც გასტერილებული ცხოველის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ქრებოდა კონკრეტული ადგილებიდან ცხოველები და ასობით აქტივისტი, – ქუთაისიდან, ზესტაფონიდან თუ ტყიბულიდან გვაწვდიდა ამ ინფორმაციას, რომ ცხოველებს სტერილიზაციის შემდეგ, ბუნებრივ გარემოში აღარ აბრუნებდნენ.

წელს უკვე მთავრობის განკარგულებაში ჩანაწერი გაჩნდა, სადაც კონკრეტული ადგილებია მითითებული, სად ვერ დაბრუნდება ცხოველი. ასეთი ადგილია მაგალითად, კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები და ასე შემდეგ.

აქ პრობლემაა ის, რომ ჩანაწერში წერია „თან“ და არა ვთქვათ „ში“. მაგალითად, ვერ დაბრუნდება სკოლას-თან, ბაღ-თან, მოედან-თან, კვების ობიექტ-თან. რას გულისხმობენ ამ “თან”-ში, ეს არის მნიშვნელოვანი.

რამდენ მეტრს გულისხმობენ? 100 მეტრში, 50 მეტრში, 200 მეტრში? – ძალიან ბუნდოვანი ეს ჩანაწერი“-ამბობს მარიამ შეყილაძე.

მისი თქმით, ძაღლი და კატა კომპანიონი ცხოველია, რომელიც მუდმივად ადამიანების თავშეყრის ადგილებში ბინადრობს და შეუძლებელია აუკრძალო არ დაბინავდეს რაღაც საცხობთან, თუ იქ მიკედლებულია და ჰყავს მზრუნველი მიმკედლებელი ადამიანიც.

„ის ადგილები, სადაც ვთქვათ ძაღლი ან კატა არ უნდა მოხვდეს, უნდა იყოს შემოსაზღვრული. მაგალითად, ბაღი უნდა იყოს დაცული, შემოღობილი და იქ ბაღის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, თუ არ უნდათ ცხოველის მოხვედრა მათ ტერიტორიაზე, შიგნით. მაგრამ განკარგულებაში საუბარია ბაღთან გადაადგილებაზე და ამ ჩანაწერს ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად. უფრო  ნათელი უნდა იყოს ეს ჩანაწერი და არა ასეთი ბუნდოვანი.

თუ მაგალითად, ლუბლიანას ქუჩაზე რაღაც საცხობთან მიკედლებული ძაღლი თუ აიყვანეს, ის ძაღლი ისევ იმ ადგილას უნდა დაბრუნდეს. მაგრამ ის ჩანაწერი, რაც ამ 412-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში გვაქვს, კრძალავს კვების ობიექტებთან, საავადმყოფოებთან ცხოველების დაბრუნებას.

გუშინ გვქონდა შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ცხოველთმოყვარულებს, დამცველებს და ორგანიზაციებს და დავსვით კითხვები, რომ თუ ამ ადგილებში ვერ დააბრუნებთ ცხოველებს, მაშინ სად უპირებთ მათ გადაყვანას?  დაუსახლებელ ადგილებში უპირებთ ჩამოსმას, ტყეებში, ტრასებზე? პასუხი იყო – არა. მაშინ სად? – ამაზე პასუხი არ მოგვისმენია“- ამბობს მარიამ შეყილაძე.

ფიქრობთ, რომ ცხოველები შეიძლება გაანადგურონ? – ვკითხეთ მარიამს.

„დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა გვიჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ევთანაზიას უპირებდნენ და არ დააბრუნონ. ფაქტია, რომ 2025 წელს ასობით ძაღლი გაუჩინარდა და არ დაბრუნებულა მიკედლების არეალებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ საპილოტე პროგრამაში ჩართულ ეკიპაჟებს ჰქონდეთ სამხრე კამერები, როცა ძაღლების დაჭერებს განახორციელებენ“- ამბობს მარიამ შეყილაძე.

2026 წლის განკარგულებით საუბარია 36 000 ცხოველის სტერილიზაციაზე.

უხეში გათვლებით, ნახევარი მილიონი მიუსაფარი ცხოველი გვყავს ქვეყანაში. საუბარია როგორც ძაღლზე, ისე კატაზე და ბუნებრივია, არ ვეწინააღმდეგებით, რომ სახელმწიფომ მასობრივი სტერილიზაციის კამპანიები დაიწყოს. პირიქით, მივესალმებით, ვოცნებობდით კიდეც ამაზე, მაგრამ მოვითხოვთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ჰუმანურად განხორციელდეს ეს პროექტი და ამხელა თანხები არ გაიფლანგოს, მაგრამ გვაქვს შენიშვნები.

მიგვაჩნია, რომ ძაღლი, რომელიც უკვე სტერილიზებულია და საყურეც აქვს, არ უნდა აიყვანონ ტყიბულიდან და გადაიყვანონ ქუთაისის თავშესაფარში იმისთვის, რომ მხოლოდ ცოფის აცრა გაუკეთდეს. აცრის გაკეთება ადგილზეც შესაძლებელია.

ჩვენ გვინდა ჩანაწერი, – ცხოველი დაბრუნდეს პირვანდელ არეალში, იქიდან, საიდანაც იქნა აყვანილი. თუმცა, რომც დააბრუნონ გასტერილებული ცხოველები, ეს მაინც ეს ვერ მოაგვარებს ამ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მართალია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ორგანული კანონი “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”, რომელიც აქამდე არ გვქონდა და ამისთვისაც ბევრს ვიბრძოდით, რომ სამართლებრივად მოწესრიგდეს შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის ყოლის წესი ქვეყანაში, რომელიც აქამდე სრულიად უკონტროლო იყო, – ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ცხოველის გამრავლება, ყოლა ოფიციალური საშენის რეგისტრაციის გარეშე და ლიცენზიების გარეშე და შემდეგ ამ ცხოველების უდიდესი ნაწილი ხვდებოდა ქუჩაში.

მიზანია, რომ სახლებიდან ქუჩაში ცხოველების მოდინება შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ქუჩაში ასტერილო ცხოველი, ამით ვერაფერს შეცვლი“- ამბობს მარიამ შეყილაძე.

________________

მთავარი ფოტო: აქცია პარლამენტთან ცხოველების დასაცავად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: