მთავარი,სიახლეები

„უფასოდ დავუმზადებთ ჟეტონებს შინაური ცხოველების მეპატრონეებს და მიმკედლებლებს“ – მოქალაქე

02.04.2026
„უფასოდ დავუმზადებთ ჟეტონებს შინაური ცხოველების მეპატრონეებს და მიმკედლებლებს“ – მოქალაქე

ბათუმელი ექიმი თამარ ნაკაშიძე ცხოველთა მოყვარულებს ძაღლების საყელოების გრავირებას უფასოდ სთავაზობს.

მისი თქმით, გრავირებული საყელოები ცხოველებს დაიცავს იმისგან, რომ ისინი ვინმემ დაუკითხავად არ აიყვანოს ქუჩიდან და არ დატოვოს მიუსაფარ ადგილებში.

„მთელი ოჯახი შეშფოთებული ვართ იმით, რაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ირგვლივ ხდება, რადგან მეც მყავს სახლში ორი ძაღლი.

მე და ჩემი მეუღლე ექიმები ვართ, მაგრამ ბათუმში გვაქვს დანადგარი და ვამზადებთ შინაური ცხოველებისთვის გრავირებულ ჟეტონებს, რომელზეც ცხოველის სახელი და მეპატრონის ტელეფონის ნომერია ამოტვიფრული.

ეს ჩვენი პატარა ოჯახური ბიზნესი და ჰობია. თუმცა, შეგვიძლია ბათუმში მცხოვრებ ცხოველთა მოყვარულებს უფასოდ დავუმზადოთ ასეთი ჟეტონები და ასე დავიცვათ ისინი, რომ აღარ აიყვანონ ისინი ქუჩიდან.

ძაღლი, რომელიც დადის ქუჩაში და არ აქვს რაიმე ნიშანი, რომ მას ჰყავს მეპატრონე ან შემკედლებელი, ხელს ჰკიდებენ და მიჰყავთ. მაგრამ თუ ძაღლს ექნება ჟეტონი, უნებართვოდ ვეღარ გადაიყვანენ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ ნაკაშიძე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჟეტონზე ვინმე თავის ნომერს მიუთითებს, თუმცა შემდეგ აღარ იზრუნებს ამ ძაღლზე? – ვკითხეთ თამარს.

მისი თქმით, თუ საზოგადოება გარკვეულ პასუხისმგებლობას არ იგრძნობს მიუსაფარი ცხოველების მიმართ, მაშინ ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„მათი ბოლო იქნება კრემატორიუმი. როგორმე გავერთიანდეთ ბათუმელები და ერთად მოვიფიქროთ რამე. მე და ჩემმა მეუღლემ, ამჯერად ეს მოვიფიქრეთ – ჟეტონების გაკეთება ძაღლებისთვის, რომ ამ ფორმით მაინც შევძლოთ მათი გადარჩენა. ვიფიქრეთ, რომ თუ საყელური ექნება ძაღლს, მას გვერდს აუვლიან და აღარ გადაიყვანენ სხვაგან“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.

მისი აზრით, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს პირველ რიგში მეპატრონეების აღრიცხვიდან უნდა დაეწყო, რომ სცოდნოდა რამდენი ძაღლი ცხოვრობს შინაურ გარემოში და ქუჩაში აღმოჩენის შემთხვევაში ადვილად მომხდარიყო მეპატრონის იდენტიფიცირება.

„მეპატრონეებიდან უნდა დაწყებულიყო აღრიცხვა და კონტროლი, რომ ეს ძაღლები სახლიდან ქუჩაში აღარ აღმოჩნდნენ. ჩვენც ვხედავთ რამდენი ძაღლი დარბის ქალაქში. რამდენი ჰასკი გამოაგდეს გარეთ – მობეზრდათ. არ ვიცი, ეს როგორი ადამიანობაა.

ბევრს საყელოს გარეშე ჰყავს გაშვებული ძაღლი და ასეთი ცხოველებიც მიჰყავთ ხოლმე. ამიტომ, აუცილებელია პატრონიან ძაღლებსაც ჰქონდეთ ჟეტონი, სადაც ეწერება ძაღლის სახელი და პატრონის ნომერი.

კარგი იქნებოდა სახელმწიფოს ამაშიც ჩაედო გარკვეული რესურსი საწყის ეტაპზე მაინც, სანამ პირდაპირ ცხოველების დაჭერაზე გადავიდოდა. დარწმუნებული ვარ, გამოუჩნდებოდათ ამ ძაღლებს მზრუნველები“, – გვეუბნება ის.

თამარ ნაკაშიძე ბათუმში, ლუკა ასათიანის 105 ნომერი ცხოვრობს. „აქ გვიდგას გრავირების დანადგარიც და თუკი ვინმეს სურს, შინაური ან მიკედლებული ცხოველისთვის ჟეტონი დავუმზადოთ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ“, – ამბობს თამარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: