მთავარი,სიახლეები

სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

02.04.2026
სურსათის სააგენტო ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეს და დასაჭერ მარყუჟებს 481 00 ლარად ყიდულობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეების [ბირკა/საჭდე] და საყურის დასამაგრებელი ხელსაწყოს – აპლიკატორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სააგენტო 43 500 კომპლექტს საყურეს და 30 ცალ აპლიკატორს მაქსიმუმ 44 237 ლარად იყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით:

„საყურე ნიშანი უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე, ერთმანეთთან შეერთებადი/ჩაკეტვადი დედალი და მამალი ნაწილებისაგან. უნდა იყოს ელასტიკური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეთანის მასალისაგან, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს უჟანგავი ლითონის ჩანართებს, ან დაბოლოებებს. უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ.

ამასთან, უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში. საყურე ნიშანი დამაგრებისას არ უნდა საჭიროებდეს ცხოველის ყურის წინასწარ სავალდებულო დამუშავებას, დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ალერგიულ რეაქციებს, შეშუპებას, ანთებით პროცესებს, დაჩირქებას, ქსოვილის ნეკროზს და სხვა.

საყურის დიამეტრი უნდა იყოს – არანაკლებ 28 მმ – არაუმეტეს 30 მმ; ცხოველის იდენტიფიკაციისათვის არ უნდა გააჩნდეს ასაკობრივი შეზღუდვა. შეერთების/ჩაკეტვის შემდეგ დედალ და მამალ ნაწილებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 7 მმ;

საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე აღნიშნული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო 8 ციფრიანი ნომერი არაბული ციფრებით. საყურე ნიშნები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი, თანამიმდევრული ნუმერაციით: GE 439 04001-დან GE 439 47500 ჩათვლით; ამოტვიფრული სიმბოლოები უნდა იყოს გარჩევადი წყლით, ან თეთრი სპირტით სველი ჩვრით გაწმენდის შემდეგაც…

მწარმოებელმა უნდა გასცეს საგარანტიო წერილი, რომლითაც აიღებს ვალდებულებას, იგივე მარკირებით არ დაამზადოს საყურე ნიშნები სხვა დამკვეთისთვის. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული საგარანტიო წერილის წარმოდგენა“.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, „ფასების ცხრილის უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის დასახელება/მოდელი, იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მოდელი, უნდა გააკეთოს ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ, მაგ: „ცხოველის საყურე/ბირკა (მოდელი არ გააჩნია)“.

სააგენტომ საყურეები და აპლიკატორები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლის დასაჭერი სახელურიანი 364 ცალი მარყუჟის შესყიდვაზეც აქვს ტენდერი გამოცხადებული.

მარყუჟების შესყიდვაზე სააგენტომ ელექტრონული ტენდერი 436 800 ლარით გამოაცხადა, ანუ 1 ცალი მარყუჟის შესყიდვის მაქსიმალური ფასი 1 200 ლარია.

ამ თემაზე: სურსათის სააგენტო ძაღლის დასაჭერ მარყუჟებს ყიდულობს – ტენდერი 436 800 ლარით

განახლება: ტენდერებში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აპრილს დასრულდა.

  • შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის სააგენტოს შპს „ჯგ 20.26“ მარყუჟებს 95 500 ლარად სთავაზობს. აღნიშნული კომპანია 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული, ანუ ტენდერის გამოცხადებამდე 15 დღით ადრე. კომპანიის წილებს ფლობენ მარიამი ჭიპაშვილი /საქართველო/და ირაკლი ჯალაღონია /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/. კომპანიის დირექტორია ირაკლი ჯალაღონია.
  • ძაღლის საიდენტიფიკაციო საყურეებს კი სააგენტოს შპს „უნიფორმ თრეიდი“ სთავაზობს 19 575 ლარად. ეს კომპანია 2024 წელსაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრე და დირექტორია ჯუმბერ ყიფიანი.
  • ორთავე კომპანია სააგენტოს ჩინურ პროდუქციას სთავაზობს.
  • ტენდერები შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შესაბამისად, ჯერ უცნობია მონაწილეობენ თუ არა მათში სხვა პრეტენდენტებიც.

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.

თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ისინი ცხოველების გაუჩინარებაზეც საუბრობენ.

რა ხდება მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით

თბილისში, ფილარმონიასთან მოქალაქეები გამოექომაგნენ მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა და წაიყვანა. სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ ძაღლი ცოფზე ასაცრელად მიჰყავდა.

მოქალაქეები პროცესს ეჭვის თვალით უყურებდნენ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე:

დღეს, 2 აპრილს, მოქალაქეები თბილისში ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართანაც შეიკრიბნენ:

მოგვიანებით თბილისის მერია გამოეხმაურა ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას და განაცხადა, რომ მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების გაქრობის / შესაძლო დაწვის შესახებ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ „მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“.


აქციებს პერიოდულად მართავენ ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და კინოლოგები ბათუმშიც.

მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ კანონმდებლობიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს.

ამ თემაზე: „ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

„თუ ჩვენ გვექნება სწორი პოლიტიკა, აღვრიცხავთ ყველა პატრონიან ძაღლს და კატას, გვეცოდინება რამდენი პატრონიანი შინაური ცხოველი გვყავს ქვეყანაში, ავტომატურად ყველა მიტოვებულ შინაურ ცხოველზე გვექნება ინფორმაცია, თუ ვინ მიატოვა და მისი მეპატრონეები შესაბამის სანქციებს მიიღებენ.

თუ ქუჩაში არსებული მიუსაფარი მდედრი ძაღლების 70% გასტერილდა, მიუსაფრების რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს და რა თქმა უნდა, შედეგი დაიდება. ამათ კი ყველაფერი დაიწყეს უკუღმა და არასწორად“, – ამბობს ცხოველთადამცველი მარიამ შეყილაძე.

ამ თემაზე:

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: