ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით გადაწყვეტილების აუცილებლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და გარდა ამისა, ზრდა უკვე არსებულ ფასზე მეტით არის დაგეგმილი და „ამას ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს“.
ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს.
„ამ ფორმით არასდროს არცერთი ტარიფი არ გაზრდილა, ორნახევარჯერ მეტით იზრდება. სხვა გამოცდილება რომ ავიღოთ, ტარიფები იზრდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ასე“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია. მისივე თქმით, ის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას მხარს არ დაუჭერს.
ვაჟა დარჩია ამბობს, რომ თავადაც მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდება. ის მიიჩნევს, რომ მგზავრობის ფასის ორნახევარჯერ გაზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება:
„წლების განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა იყო, რომ ფასი უნდა ყოფილიყო ყველასთვის მისაწვდომი. საწვავის ფასზე და მარშრუტებზე საუბრობენ. იგივე მარშრუტებია, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. #13 ელექტრონულია, მაგალითად, არ შევცვალოთ მაშინ ამ ნომრით მგზავრობის ფასი…
ერთი მხრივ, სუპერმარკეტებში ძალიან ძვირია ფასებიო და ამ დროს ყველაზე ხელმისაწვდომი და საჭირო რაც არის მოქალაქისთვის – ორნახევარჯერ რეალურად ზრდიდე ფასს, მგონი ეს არ არის სწორი მიდგომა“.
ვაჟა დარჩია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გადაწყვეტილება არანაირ ანალიზს არ ეყრდნობა:
„არანაირი კვლევა არ არსებობს, თუ რატომ უნდა გაძვირდეს ფასი. მე ვაპირებ სხდომაზე დავაყენო ეს საკითხი, რომ ჯერ მოხდეს შესწავლა, მარშრუტების ანალიზი, დათვლა. არანაირი მსგავსი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა. ვთქვათ, 50 თეთრი თუ გახდებოდა მგზავრობა, შესაძლებელია მისაღები ყოფილიყო მოქალაქეებისთვის, მაგრამ როცა ორნახევარჯერ იზრდება, არ არის მისაღები“.
ავტობუსით მგზავრობის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, სულიკო გოგოლიშვილი. ის საკრებულოში გახარიას პარტიას წარმოადგენს.
„არ უნდა გაძვირდეს. გადაწყვეტილება სათანადო კვლევას და დასაბუთებას უნდა ეყრდნობოდეს“ – გვითხრა მან.
საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს გიორგი მასალკინსაც, რომელიც საკრებულოში „გირჩს“ წარმოადგენს. მისი თქმით, ჯერ საკითხი კომისიებში არ განუხილავთ და გადაწყვეტილებას მხოლოდ განხილვის შემდეგ მიიღებს, თუმცა ფასების გაზრდა მისთვის მისაღები არ არის:
„როცა მოსახლეობას უჭირს, ფასების მომატება არ არის კარგი. მით უმეტეს, რომ ბათუმის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და მეორე ბიუჯეტია საქართველოს მასშტაბით – 570 მილიონია. არის ქალაქები, სადაც საერთოდ დოტაციურია ტრანსპორტი, თავიდან ბოლომდე. საჯარო ტრანსპორტი არასდროს არ იქნება მომგებიანი, მოგეხსენებათ“ – გვითხრა მან.
ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს, როცა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, ბათუმის მერია მუნიციპალური ავტობუსის ფასი გაზრდას არ გეგმავდა: „თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური“ – წერდა მერია პროექტში. ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი სწორედ ამ ჩანაწერით დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ერთ თვეში კი მერიამ საკრებულოს მგზავრობის ტარიფის მოთხოვნით მიმართა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ წლის განმავლობაში საშუალოდ 25 500 000 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, შესაბამისად, თვის განმავლობაში კომპანიას დაახლოებით 2 მილიონ 125 000 მგზავრი გადაჰყავს.
2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება 36 მილიონ 900 000 ლარით დააფინანსეს, მათ შორის 24 მილიონ 315 200 ლარი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას მოხმარდება, 12 მილიონ 584 800 ლარით კი მერიამ ავტობუსები უნდა შეიძინოს. დაგეგმილია სულ 18 ერთეულის შეძენა, თითოეულის საშუალო ფასი 699 156 ლარია.






