სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც გრანტის სახით, 1 657 775 ლარი უნდა გადასცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თითოეული ორგანიზაცია, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ შეარჩია, 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
ვინ არიან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების სახელით შეარჩია და დააჯილდოვა? – „ბათუმელები“ გამარჯვებული ორგანიზაციების ნაწილს ესაუბრა. ნაწილთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, რადგან რეგისტრაციის დოკუმენტში საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვთ მითითებული.
„ოცნების“ მიერ დაჯილდოებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის კვლევის ცენტრია“, რომელიც 2025 წლის 22 ივლისს დაფუძნდა.
ორგანიზაციის დირექტორს, ნუგზარ გრძელიშვილს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა აქამდე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება და ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი რეპრესიული კანონები მიიღო სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციის დაფუძნება.
„ჯერ ერთი, ეგ ჩემთვის რუსული კანონი არ არის… სიცრუეა ის, რომ ეს არის რეპრესიული კანონი. არასამთავრობო სექტორის საქმიანობა ამ კანონს არ შეუზღუდავს, არავინ არ გამქრალა, მშვენივრად მუშაობენ. მან, უბრალოდ მოსთხოვა არასამთავრობოებს გაესაჯაროებინათ თავიანთი დაფინანსება“, – ამბობს გრძელიშვილი „ოცნების“ მიერ მიღებულ რუსულ კანონზე და დასძენს, რომ წლების წინ მასაც ჰქონდა არასამთავრობო დაარსებული.
როცა თქვენ არასამთავრობოში მუშაობდით, არ გქონდათ გასაჯაროებული ფინანსები და მალავდით რაიმეს? – ჩავეკითხეთ მას. თუმცა ნუგზარ გრძელიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარი აღარ უნდა.

გამომძიებელი ჟურნალისტის მანქანა რუსული კანონის მიღების შემდეგ. გრძელიშვილი კი მიიჩნევს, რომ კანონი რეპრესიული არ არის.
ნუგზარ გრძელიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გრანტი მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციოლოგიური კვლევის ჩატარებისთვის მიიღო.
„ვაპირებთ კვლევის ჩატარებას სხვადასხვა თემაზე, ეს თემებია სოციალური დისტანცირების დონის გამოვლენა, ენების ცოდნის დონის გამოვლენა, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის დამოკიდებულების გამოვლენა, უცხოელებთან დამოკიდებულების გამოვლენა“, – ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.
ანუ ქსენოფობიას იკვლევთ? – ჩავეკითხეთ მას, რაზეც ნუგზარ გრძელიშვილმა გვიპასუხა – „ქსენოფობია რატომ, კარგი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს?“
რატომ არის ამ საკითხის გარკვევა საჭირო მაინცადამაინც ეთნიკურ უმცირესობებში? – ამ კითხვას გრძელიშვილი ასე პასუხობს: – „პრობლემას რატომ ეძებთ ყველაფერში? მარნეული იმიტომ შეირჩა, რომ უფრო კარგად დაგეგმოს მთავრობამ ინტეგრაციული პროცესები. ყველა ეთნიკურ ჯგუფში, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უნდა ვიცოდეთ რა ხდება“.
მისი თქმით, ამავე კვლევაში შედის მედიის გავლენის კვლევაც. „ეს მოგვცემს რაოდენობრივ მონაცემებს, შემდეგ ჩავატარებთ ფოკუსჯგუფებს, 6 ფოკუსჯგუფი ჩატარდება, რაც მოგვცემს უკვე თვისობრივ შედეგებს, შემდეგ შევადგენთ ანგარიშს და წარვუდგენთ მთავრობას“, – ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.
მას ვკითხეთ, შერჩეული ჰყავთ თუ არა კვლევის ჯგუფი და რამდენი ადამიანი აპირებს ამ კვლევის ჩატარებას. ნუგზარ გრძელიშვილი დეტალებს არ აზუსტებს, თუმცა ამბობს, რომ „ყველა გვყავს, რაც საჭიროა“.
ნუგზარ გრძელიშვილს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა აქამდე სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ძალიან ბევრ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„ჩემი ბიოგრაფია მოგიყვეთ? ჩემს სვ-ს გამოგიგზავნით, გაწყობთ? მეილზე გადმოგიგზავნით სივსაც და სხვების მონაცემებსაც, ვინც ჩართულია ამ პროექტში“, – გვითხრა ნუგზარ გრძელიშვილმა. თუმცა შემდეგ დაპირებული ინფორმაცია მისგან აღარ მიგვიღია.
„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ 2020 წელს არის დაფუძნებული. ამ ორგანიზაციიდან მარიამ ვერშინინას ვესაუბრეთ.
მისი პროექტი თვითმმართველობებში, კონკრეტულად, საკრებულოს ფუნქციურ გაძლიერებას და შიდა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას უნდა მოემსახუროს.
როგორ აპირებს მარიამ ვერშინინა ამას? როგორც თვითონ გვეუბნება, მისი ორგანიზაცია თვითმმართველობისთვის „ტიპური რეგლამენტის შექმნას“ აპირებს.
„არის ხოლმე რაღაც საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არ აისახება რეგლამენტებში. ჩვენ ვაპირებთ, 2014 წლიდან თვითმმართველობის კოდექსში რა საკანონმდებლო ცვლილებაც შევიდა, ეს შევაგროვოთ, რომელიც ყველა თვითმმართველობას დაეხმარება, რომ მოახერხონ იმპლემენტაცია“, – ამბობს მარიამ ვერშინინა.
ხომ არსებობს საკანონმდებლო მაცნე, ამაზე კიდევ ცალკე მუშაობა რატომ არის მნიშვნელოვანი? – ვეკითხებით მას.
„როცა საკანონმდებლო ცვლილებები რეგლამენტში არ არის ასახული, საკრებულოს წევრები არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, ასევე მოსახლეობის ჩართულობა არ არის.
ამ შეგროვებული ინფორმაციის იმპლემენტაციაში ჩვენ გვეხმარება ასოციაცია „NALA“ და დიდი ალბათობით ონლაინ ექნებათ ამ რესურსზე წვდომა“, – ამბობს მარიამ ვერშინინა.
მისი თქმით, სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და წინა წლებში სხვა არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთანაც უმუშავია.
„მიმუშავია UNDP“-სთან, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პროექტში, მქონია სხვადასხვა გრანტი, მაგრამ სახელმწიფო გრანტი პირველად მივიღე“, – ამბობს მარიამ ვერშინინა.
რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვები მასაც დავუსვით.

საზოგადოების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ.
„რუსული კანონის რეესტრში დავრეგისტრირდით, არავინ გვაიძულებდა, მაგრამ მაინც“, – ამბობს ის. მიიჩნევს თუ არა, რომ ე.წ. კანონი უცხოური გავლენის შესახებ რეპრესიულია? – მარიამ ვერშინინას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ სახელმწიფო გრანტი გადასცა, „საზოგადოებრივი დამცველია“. ორგანიზაცია, რეესტრის მიხედვით, 2011 წელს არის დაფუძნებული. „ბათუმელები“ მის წარმომადგენელს, ირინა ფუტკარაძეს ესაუბრა.
ირინა ფუტკარაძის თქმით, მას წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო დონორის დაფინანსებით აქვს პროექტები განხორციელებული და მიმდინარე პროექტსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
ეს პროექტი იძებნება რუსული კანონის რეესტრშიც – ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საზოგადოებრივი დამცველი“ დარეგისტრირებულია ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში. გამოდის, „ოცნება“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 99 688 ლარს უხდის ორგანიზაციას, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრშია.
ამ კითხვის დასმას ირინა ფუტკარაძისთვისაც ვაპირებდით, თუმცა მან ტელეფონი გათიშა – „უკაცრავად, დაკავებული ვარ. მეტს ვერ გიპასუხებთ“. დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად კი ის გვერდი მიგვითითა, რომელიც, მისივე თქმით, „ახლა გათიშულია“.
სახელმწიფო გრანტს 97 900 ლარის ოდენობით ასევე მიიღებს „დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი“.
ორგანიზაცია წელს, 20 ივნისს დაფუძნდა. მისი წარმომადგენელი ნატალია კოპალეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია და ახლა ენჯეოსექტორშიც აპირებს მუშაობს.
„ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე თვეა, რაც არსებობს, ახალი შექმნილია და ჩავატარებთ კვლევას – გამოვიკვლევთ შობადობის შემცირების პრობლემას, იმ მიზეზებს, რაც არის საქართველოსთვის თავისებურება, გარდა იმ გლობალური პრობლემებისა, რაც ყველა ქვეყანას ახასიათებს.
კვლევა ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხება 18-45 წლის ასაკის მოსახლეობა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მრავალშვილიანობაზე, ქორწინების ასაკზე, რატომ იკლო ჩვენთან შობადობამ, ბავშვთა ყოლის მოთხოვნა როგორია მოსახლეობაში, რომ მარტივი აღწარმოების კოეფიციენტსაც ვერ ვაკმაყოფილებთ დღეს. ამ კვლევის შედეგები დაიდება“, – ამბობს ნატალია კოპალეიშვილი.
„მე ვარ დემოგრაფი“, – გვეუბნება ის. – „რა თქმა უნდა, მაქვს გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ მე საქსტატში ვმუშაობდი 20 წელი, დემოგრაფიის განყოფილებაში და მაქვს მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება.
ახლა ვმუშაობ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტში. არასამთავრობოში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. ეს არის ჩემი პირველი კვლევა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის“, – ამბობს ნატალია კოპალეიშვილი.
მასაც ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ რეპრესიულ გარემოზე, რომელსაც გაქრობისკენ მიჰყავს სამოქალაქო ორგანიზაციები და რომლებიც ასევე მუშაობდნენ მსგავს საკითხებზე, მათ შორის ქალების, ბავშვების უფლებებზე და ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე.
„ჩვენ გვქონდა პირველი მცდელობა და პირველივე მცდელობაზე მოვიპოვეთ გრანტი. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს უარყოფითი განწყობა“, – გვეუბნება კოპალეიშვილი.
მას ვკითხეთ, უნდა ჰქონდეთ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად, დასავლური გრანტების მიღების შესაძლებლობა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი იარლიყების მიწებების გარეშე, რის გაკეთებასაც დღეს აიძულებს რუსული კანონი ასეთ ორგანიზაციებს?
„მე ამ მხრივ არ მაქვს არანაირი გამოცდილება, ამ კანონს ასე ახლოს ჯერ არ შევხებივარ, ამაზე ნაფიქრი არ მაქვს… მე არ ვთვლი, რომ ქვეყანაში რეპრესიებია… მე დემოგრაფიაზე ვმუშაობ და დემოგრაფიას და პოლიტიკას მე ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ“, – გვიპასუხა ამ კითხვაზე ნატალია კოპალეიშვილმა.
„დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტიც“ სახელმწიფო გრანტის მიმღებია. ორგანიზაცია 2023 წელს არის დაფუძნებული. „ბათუმელები“ მის წარმომადგენელს, თინათინ ცერცვაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ დრო არ ჰქონდა.
„გასაუბრებებზე ვარ ახლა და ვერ დაგელაპარაკებით, დამიკავშირდით 3 დღის შემდეგ“, – გვითხრა და ტელეფონი გათიშა.
სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ორგანიზაციას 100 ათას ლარს გადასცემენ „ახალგაზრდებში რბილი უნარების განვითარების“ ხელშეწყობისთვის და ამისთვის ორგანიზაცია მოაწყობს საჯარო გამოსვლებისა და დისკუსიების სერიას.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტიდან მიიღებს გრანტს, „ახალი ქართული ჰაბია“. ეს ორგანიზაციაც 2025 წლის 25 მარტში დაფუძნდა, როცა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მათ შორის რუსული კანონის და სხვა რეპრესიული კანონების გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ნუცა ქოქრაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს მათი პირველი გრანტია.
„აქამდე არ გვქონია გრანტები და ჩვენი პროექტი გულისხმობს შშმ პირების მშობლების გაძლიერებას. ფსიქოლოგი ჩაატარებს ტრენინგებს, როგორ უნდა შეუწყონ თავიანთ შვილებს ხელი, რომ მათი სოციალიზაცია მოხდეს და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – გვიტხრა მან და. თუმცა დასძინა, რომ ეს ტრენინგები მხოლოდ თბილისის მასშტაბით არის დაგეგმილი.
ასევე გვითხრა, რომ თავად ამჟამად კომპანია „სილქნეტშია“ დასაქმებული და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა იქნება თქვენთვისაც დაბრკოლება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომ მოიძიოთ სხვა, მაგალითად დასავლური გრანტები? – ვკითხეთ ნუცა ქოქრაშვილს.
„ახლა ამაზე ვერ გიპასუხებთ, სამომავლო გეგმებზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, – გვიტხრა ქოქრაშვილმა და დაამატა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ არანაირი პრობლემა არ აქვთ.

სამოქალაქო აქტივისტის სახლის კედელი რუსული კანონის მიღების შემდეგ.
„დემოკრატიის განვითარების სააგენტო“ 2016 წელს არის დაფუძნებული.
დავუკავშირდით მის წარმომადგენელს თეა ესართიას, თუმცა მან გვითხრა, რომ დაკავებული იყო და შეგვეძლო დავკავშირებოდით „9 საათის შემდეგ“. თუმცა შეთანხმებულ დროს „ბათუმელების“ ზარებს მან აღარ უპასუხა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, თეა ესართიას ორგანიზაციამ 99 980 ლარი უნდა მიიღოს პროექტისთვის, რომლის მიზანია „დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა“.
თუმცა უცნობია, როგორ აპირებენ ასეთი ვრცელი თემატიკის დაფარვას 11 თვეში.

სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია „ენაგრამა“ 2021 წელს დაფუძნდა. „ბათუმელები“ მის წარმომადგენელს, რატი სხირტლაძეს ესაუბრა.
„ჩვენ ვართ ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ორგანიზაცია. ჩვენი პროექტი არის ციფრული სტენოგრაფი და ვაკეთებთ ქართულენოვან ხელოვნურ ინტელექტს. ეს არის ტექსტი ხმაში, ანუ როცა ხმის სტენოგრაფირება მოხდება ავტომატურად.
ამ პროექტის ფარგლებში შერჩეულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აქ კვირაში 2-3-ჯერ აქვთ სხდომა და შემდეგ ხდება ამის დაოქმება. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ხელით კეთდება, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
ჩვენ დიდი ხანია გვინდა განათლების სისტემაში ამის დანერგვა. ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელი ვარ კავკასიის უნივერსიტეტში და მაისში გავდიოდით ამ პროგრამის აკრედიტაციას. მაშინ შედგა ამ უწყებასთან ჩვენი კავშირი, მამაჩემიც ექსპერტი იყო აქ დიდი ხანი და ვიცოდი, რომ ხანგრძლივი და რთული სხდომები აქვთ.
ამ სისტემაში გამართვის შემდეგ, გვინდა, რომ მერე გავრცელდეს სხვა უწყებებზეც“, – ამბობს რატი სხირტლაძე.
მისი თქმით, ამ სახელმწიფო გრანტამდე მათ მიღებული ჰქონდათ ორი გრანტი რუსთაველის ფონდიდან, რომლებიც ითვალისწინებდა აფხაზური ენის სასწავლო, ელექტრონული კურსის შექმნას. „ასევე ჰორიზონტ ევროპის გამარჯვებულებიც ვართ. ეს გრანტიც წელს მოვიპოვეთ. გრანტის მოცულობა არის 2 მილიონ 700 ათასი ევრო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია კოორდინატორი და ჩართულია სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ. „ჰორიზონტ ევროპას“ გრანტზე არის დაშვებული გამონაკლისი, ამიტომ „გამჭვირვალობის“ რეესტრში დარეგისტრირებას არ გვთხოვენ“, – გვეუბნება ის.
რატი სხირტლაძეს კითხვები დავუსვით იმ რეპრესიულ გარემოზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო სექტორისთვის შექმნა ქვეყანაში.
მას ვკითხეთ, რას ფიქრობს იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ დასავლური გრანტების მიღების შემთხვევაში, არასამთავრობოებს მოსთხოვა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები დაიწერონ?
რატი სხირტლაძე ამბობს, რომ „ასეთ თემებზე საუბარს ერიდება“.
„მეცნიერი ვარ მე და ასეთ თემებზე საუბარს ძალიან ვერიდები. ბევრი რამე მომწონს, ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ პოლიტიკურ კითხვებზე თავს შევიკავებ“, – გვიტხრა რატი სხირტლაძემ.
დასავლურ გრანტებს მეცნიერებიც იღებდნენ რეპრესიულ კანონებამდე. არ ფიქრობთ, რომ ეს კანონები, თუნდაც როგორც მეცნიერს ხელს შეგიშლით მომავალში? – ამ კითხვაზე რატი სხირტლაძემ გვითხრა, რომ პოლიტიკურ შეფასებებს ახლა ვერ გააკეთებს, ,,არ ვსაუბრობ პოლიტიკაზე“.
მთლიანობაში სახელმწიფოსგან დაფინანსებას, ანუ 1 657 775 ლარს, წელს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი 17 ორგანიზაცია მიიღებს და ამაში ხალხის ფული დაიხარჯება, მათ შორის მათიც, ვისაც ივანიშვილის რეჟიმი წელიწადზე მეტია რეპრესიებით, ძალადობითა და დევნით უპირისპირდება.






