პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა.
ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის.

ზვიად რატიანი
„მე ვფიქრობ, ეს სილაც ზვიადის მხრიდან იყო საპროტესტო აქტი.
უბრალოდ, ისეთი რეალობა დადგა საქართველოში, რომ ზვიადისნაირი ადამიანები და, ზოგადად, პატრიოტი ადამიანები თავს გარეთ ვერ გრძნობენ კომფორტულად: თუ რაღაცას აკეთებ ამ ქვეყნისთვის, რუსეთს ებრძვი, სისტემას ან ამ მდგომარეობას, ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა იყო ციხეში, დევნილი, რეპრესირებული და დასჯილი ხელისუფლებისგან. ალბათ ეს აქტი იყო, ჩემი აზრით.
მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ უნდა იჯდეს – ის ციხეშიც თავისუფალი იქნება, ასე თვლის, ალბათ, თავად.
რეჟიმთან შეწინააღმდეგების ფორმები ძალიან ბევრია მაგრამ მთავარია, როგორია რეჟიმის მოწინააღმდეგეების სტრატეგიული შეთანხმება. ეს არის ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და, ზოგადად, სიმყარე საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ არ ვეგუებით რუსულ რეჟიმს.
რაშიც დღეს ვართ, ეს დიქტატურაა და წყალი არ გაუვა. ეს არ არის გადაჭარბება და თუკი ამაში შარშან, შარშანწინ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ნიშნები სახეზე იყო, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცხოვრობთ სრულფასოვან რუსულ დიქტატურაში.
ამიტომ, თუ გაქვს ღირსება, ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.
მისი აზრით, ცხადია, ყველას ვერ დაიჭერენ და ყველა ციხეში ვერ წავა, თუმცა რეჟიმი შეეცდება, სინდისის პატიმრებისთვის ციხეში ადგილები გამოათავისუფლოს.
„თუკი ვინმეს შიში აქვს რაღაცის, ეს შიშიც ბუნებრივია. გასაგებია, რომ კრიმინალებს გარეთ უშვებენ და ათავისუფლებენ ადგილებს და ვის იწყალებენ – ვის იჭერენ, უკვე ამის გარკვევაც კი შეუძლებელია. ვინც მკვლელობაზეა დაჭერილი, გამოუშვებენ და ვინც გარუსების წინააღმდეგაა, დაიჭერენ. მაგრამ მთელ საქართველოს მაინც ვერ დაიჭერენ.
ის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბებული დიქტატურაა, მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გავუფორმოთ ჩვენი შიშით ან ჩვენი დათრგუნვით ან ხელების ჩამოყრით, რადგან ჩვენი ეს ბრძოლა არ არის დასრულებული.
კი, ყველა მათი ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში გავრუსდეთ, დავმშვიდდეთ და ვიცხოვროთ ამაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და ქართველებისგან ვერ ვხედავთ ჩვენ ამ ამბავთან შეგუებას.

ზვიად რატიანი სასამართლო პროცესზე.
ციხეში ახლა ხალხია – მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც აქციების დროს დაიჭირეს, პოლიტიკოსები, ზვიადი – ყველა, ამათ ციხეში ყოფნასთან შეგუება შეუძლებელია, რადგან ყველა ეს ადამიანი არის დიქტატურის მძევალი.
და ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია, მათი მძევლობიდან დახსნა. საქართველოსი და პოლიტპატიმრების ტყვეობიდან გათავისუფლება.
ამიტომ, უბრალოდ არ გვაქვს უფლება ვთქვათ – „რა ვქნათ, დიქტატურაა“ და მორჩა“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.
მისი თქმით, ზოგადად, არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას ის, რომ დიქტატურაში სიჩუმეს ვინმე გადაერჩინოს.
„დიქტატურის, ავტოკრატიის ლოგიკაა ეს. გაჩუმება არის ფაზა და გაჩუმება არ შველის.
არათუ გაჩუმება, მათ მხარეზე ყოფნაც კი არ შველის ხშირად. რეპრესიის ბუნება ისეთია, რომ ის, რაღაც დროს ავტოკრატიიდან ტოტალიტარიზმში გადასვლის პერიოდში ივიწყებს ვინ არის ჩუმად.
შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ მოეჩვენოს, რომ გამომეტყველება გაქვს ოპოზიციური. ან თავისი ბიძაშვილის ჩანაცვლება მოუნდეს გაჩუმებული მასწავლებლის ადგილას და მაინც რეპრესიებში მოჰყვე. გაჩუმება არაფრისგან გიცავს და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, რომ გაჩუმება ადამიანს არ იცავს საფრთხისგან. იმიტომ, რომ ეს არის მტაცებელი ცხოველი, მაინც შეგჭამს, რაც არ უნდა უღიმო და უთხრა „ბაბაია“. ამას რომელი საზოგადოებაც ვერ მიხვდა, ყველა შეჭამა ამ მტაცებელმა.
ამ შემთხვევაში რეჟიმმა, ოკუპაციურმა რუსეთმა, დიქტატურამ, ავტოკრატიამ.
ტოტალიტარულ სისტემაში გაჩუმებულსაც მიადგებიან და ეტყვიან, „გაჩუმებული კი ნუ ხარ, დაწერე ჩემი საქებარი სიტყვები“ და ეს ყველაფერი, ყოველდღე უფრო და უფრო აუტანელი ხდება.
ჩვენ ეს უნდა ჩაგვეხშო, როცა საწყისი ნიშნები გამოჩნდა. მაგრამ შეგვეშალა. როგორც ერთხელ შეგვეშალა, რომ რუსული ხელისუფლება არ უნდა მოგვეყვანა. ახლაც შეგვეშალა, რადგან როცა სუსტები იყვნენ და დაიწყეს ეს პროცესი – ქვეყნის დიქტატურიზაციის, მაშინ უნდა გამოგვეჩინა ალბათ სხვა ტიპის წინააღმდეგობა.
არის შეცდომები, რომელიც ხდება საბედისწერო.
გვაქვს თუ არა გამოსწორების შანსი? – შანსი ყოველთვის გაქვს. როგორც კი დავიჯერებთ, რომ შანსი არ გვაქვს, აი, მანდ მოიგებს დიქტატურა.
დილით გავიღვიძებთ თუ არა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი დღეს დატყვევებულია. ვისაც ეს ქვეყანა უნდა ექცია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნად, ყველა პროფესიის, ყველა ასაკის პატრიოტი ადამიანი, დღეს არის ციხეში, ესენი არიან ჩვენი მუდმივი სადარდებელი და საზრუნავი, რომ მართლა 7-7 წელი არ ჩარჩნენ იქ“, – ამბობს ქეთი.
„ზვიადი ყოველთვის წუხდა იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი იყო ციხეში, თვითონ კი ვერაფერს ახერხებდა ციხის გარეთ. შეიძლება ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მოტივაცია ამ სილის“, – ამბობს პოეტი პაატა შამუგია.
მისი თქმით, პოეტი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა სისტემის მხრიდან ძალადობას, ამ სისტემაზე უბრალო რეაქციის გამო, შესაძლოა 7 წელი გამოკეტონ ციხეში.
„მე მაინც მგონია, რომ ზვიადი, რომელსაც წლების განმავლობაში მართლა ტანჯავდა ეს სისტემა და დაინახა ადამიანი, რომელიც ამ სისტემას წარმოადგენდა, დიდი შანსია, რომ მას ძველი ტრავმები გაღვიძებოდა და სწორედ ამის გამო ჰქონოდა ტრავმული რეაქცია ამ ყველაფერზე.
მე ასე წარმომიდგენია, თუმცა ზვიადმა იცის ყველაზე კარგად, რას გრძნობდა იმ წუთას.
ფაქტია, რომ ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში სცემდა, აწამებდა, ოჯახში უვარდებოდა სისტემა, ამ სისტემაზე ერთი პატარა რეაქციაც კი აი, ასე ძვირად უჯდება.
პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ სილის გარტყმის გამო 7 წლით უშვებ ადამიანს. ეს სად წერია, როგორ წერია და რაში წერია საერთოდ.
ზვიადი ყოველთვის წუხდა იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი იყო ციხეში და თვითონ ვერაფერს ახერხებდა ციხის გარეთ. შეიძლება ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მოტივაცია ამ სილის გარტყმის.
ყოველ შემთხვევაში, მას მუდმივად ჰქონდა სინდისის ქენჯნა ამის გამო, რომ ახალგაზრდები იყვნენ ციხეში და ის პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებდა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ხვალ შესაძლოა ყველა აღმოვჩნდეთ ციხეში. ვინც წესიერი ადამიანია, ვინც პროფესიონალია და მალე ალბათ ციხეში საუკეთესო კულტურული გარემო იქნება. მაგრამ ამის არავის ეშინია და ეს დროებითია, რაც მთავარია. ეს არ იქნება დიდხანს, უბრალოდ ვერ გაგრძელდება ასე, რადგან ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. ასე, რომ ახდება – „ცეცხლი ოლიგარქიას!“
გვიზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს შეზღუდვები გაიძულებს დაწერო კიდევ უფრო რადიკალურად. არავინ აპირებს, მათ კანონებს დაემორჩილოს. ყოველ შემთხვევაში, მწერლებთან, ვისთანაც ვილაპარაკე, ამ აზრზე არიან, რომ არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ოდნავ მაინც შევარბილოთ ტონი. სულ პირიქით“, – ამბობს პაატა შამუგია.






