მთავარი,სიახლეები

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

04.01.2025
ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოწყობის მიზნით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია ამჯერად 371 100 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ერთი წლის განმავლობაში მოიპოვებს.

მთავრობის განკარგულებით წიაღისეულს „ამბასადორი“ ჭოროხის დელტაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის
ტერიტორიაზე ამოიღებს.

„ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია:

  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 484 ათას 43 ლარი.“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს მოაწერა.

ამავე განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა განახორციელოს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ. კომპანიამ კი, წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

„ამბასადორი“ ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხის დელტაში კიდევ ერთ ადგილზე – ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე მოიპოვებს. მთავრობამ აქ კომპანიას 3 წლის ვადით 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი გადასცა იჯარით.

ვრცლად ამ თემაზე: კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

ამავე თემაზე: კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“

„ამბასადორის“ განცხადებით, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა უკვე გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას“.

 

მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: