მთავარი,სიახლეები

18 დღე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს

18.09.2024
18 დღე საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას არ იღებს

„ისევ სამუშაო პროცესია“, – გვიპასუხეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრში, სადაც უკვე 18 დღე „რუსულ კანონზე“ გადაწყვეტილება არ მიიღეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა განმწესრიგებელ სხდომაზე 2024 წლის 31 აგვისტოს დაასრულა. სასამართლოს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, როდის მიიღებენ მოსამართლეები გადაწყვეტილებას რუსულ კანონზე.

საუბარია შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციოს სასამართლოს შეუძლია რუსული კანონი შეაჩეროს, ვიდრე ის ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და შეაფასებს: არის თუ არა რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ამ დრომდე არც ის გადაუწყვეტია, განიხილავს თუ არა სასამართლო სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ არსებითად.

——————–

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს: საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში – 3 სექტემბრიდან უკვე წარმოეშვათ.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ თემაზე:

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: