მთავარი,სიახლეები

„დაიტოვე“ – თუ თბილისში აქციაზე წასვლა გსურთ, მაგრამ დასარჩენი არ გაქვთ

01.05.2024
„დაიტოვე“ – თუ თბილისში აქციაზე წასვლა გსურთ, მაგრამ დასარჩენი არ გაქვთ

მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან.

სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“.

ინიციატივა ხელს შეუწყობს რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ თბილისში წასვლას და დარჩენას.

„დაიტოვეს“ ინიციატივა მარიამ ბაბუნაშვილსგან დაიწყო.

„გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე წინ და უკან რომ არ ევლოთ.

აქედან გაჩნდა იდეა, რომ რამდენიმე ადამიანის დატოვებას ჩემი სახლის მონაცემები იძლევა. ასე რომ, თუკი აქეთ გსურთ, აქციას შემოუერთდეთ (რაიონული მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ ძალას შეგვმატებს), ჩემი კარი ორი-სამი ადამიანისთვის ღიაა“, – დაწერა მარიამ ბაბუნაშვილმა ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში.

იდეა ბევრმა ადამიანმა აიტაცა. ნეტგაზეთთან საუბრისას მარიამი ამბობს, რომ მის სახლში 4 ადამიანი დარჩება. ორს აქამდე არ იცნობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მხარდაჭერა, მათ შორის, აქ, თბილისში. ჩვენი პროტესტი ბუნებრივია და გულწრფელი. არანაირ აგიტაციას, ხალხის დამატებით მოტივირებას არ საჭიროებს. ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, სხვა ძალიან ბევრი ადამიანიც გამოჩნდა და გამოჩნდება, ვისაც ამის მზაობა აქვს.

ძალიან ბევრნი ვართ. ერთმანეთს შეიძლება არ ვიცნობდეთ, მაგრამ ვიცით, რომ უამრავი ჩვენი თანამოაზრე დადის დედაქალაქში და სხვა ყველა დასახლებაში, რომელიც ებრძვის ხელისუფლების იდეას და ხედვას — „უკან რუსეთში“. ამიტომ გვჭირდება ერთობა. რეგიონებიდან ხალხი თვითონ მოჰყავს ხელისუფლებას. ჩვენთან ეს ხალხი თავისი ნებით და სურვილით დადგება“ – გვეუბნება მარიამი.

„ადგილი არ მაქვს , მაგრამ მსუყე ვახშამზე შემიძლია დაგპატიჟოთ ხვალ და ზეგ”;

„უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს. აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. აქ დგას საქართველო. მადლობა ხალხო“, – ეს სოციალურ ქსელში დაწერილი გამოხმაურებებია, როგორც კი ინიციატივა გახმიანდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: