მთავარი,სიახლეები

„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ

26.02.2024
„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ

„ჩემს სოფელში ბევრად უფრო დიდია მთა, ვიდრე წაბლანაში იყო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. ის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს და გეოლოგებს, რომელიც მის სოფელს შეისწავლიან:

„ნაპრალები, რაც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა ჩემს სოფელში, წაბლანას ცნობილი ტრაგედიის დროს, ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა. ჩვენ შველა გვჭირდება, მაგრამ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.

მეწყერი აჭარის რამდენიმე სოფელში ერთდროულად 2024 წლის 6 თებერვალს გააქტიურდა. სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოფელი გელაძეები კი, მისასვლელი გზის გარეშე დარჩა.

შადიმან ხოზრევანიძემ სოფელ კვატიაში, წაბლანას ტრაგედიის შემდეგ, 1989 წელს რამდენიმე ოჯახის შესახებ გაცემულ გეოლოგიურ დასკვნებს გვაჩვენებს, სადაც წერია: „…მდებარეობს საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის ზონაში და ექვემდებარება პირველ რიგში განსახლებას“.

„…ბათუმიდან მოვდიოდი და გავიგე, მთავრობა სხალთაში არისო,“ – გვიყვება შადიმან ხოზრევანიძე. – „იქ შევხდი თორნიკე რიჟვაძეს და ავუხსენი, რომ ძალიან სახიფათო ვითარებაა კვატიაში, სულ 65 კომლი ვართ, მოგვაქციეთ ყურადღება, გასახლება გვეკუთვნის, თუ არა, გვითხარით-მეთქი. მიაქციეთ ყურადღებაო, ხულოს მერს უთხრა რიჟვაძემ, მაგრამ არავინ მოსულა. დავრეკე ხულოს მერიაში და მითხრეს, ხელვაჩაურიდან მოყვებიან გეოლოგები და ყველა სოფელს სწავლობენ. ჩემს სოფელში როდის ამოვლენ გეოლოგები, ვერ მითხრეს.

ჩვენ ვითხოვთ კომისიის შექმნას და საკითხის დროულად შესწავლას. აქამდე თუ პატარ-პატარა ნაპრალები იყო მხოლოდ, ახლა ძალიან ბევრი ნაპრალია, რაც იყო, ის გაფართოვდა.

2019 წელს, როცა ჩვენს უბანში ხიდს აშენებდნენ, გზების დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი იყო, ახლა რომ ბათუმის მერია. მან ახალი გზის გაყვანაზე უარი გვითხრა, საშიში ტერიტორიაა და ახალი გზა უარესს პრობლემებს შექმნისო,“ – აღნიშნა შადიმან ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.

კონკრეტულად შადიმან ხოზრევანიძის სახლთან ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ უნდა ჩატარდეს, ამის შესახებ გეოლოგებმა 2017 წელს დაწერეს დასკვნაში. შემდეგ – 2020 წელს. თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. ამ პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2022 წელს წერდა.  მაშინ ხულოს მერიაში გვითხრეს, რომ სამეზობლო დავის გამო ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამუშაოები.

„მეზობელს ეფარება მერია, თორემ შიდასასოფლო გზა ეკუთვნის მერიას და რაც საჭიროა, ის უნდა მოაწყოს. მიზეზი უყურადღებობაა… მივაღწიეთ იმას, რომ ხელახლა ავაზომიეთ, არასწორად იყო შედგენილი პროექტი და ტენდერზე გაიტანეს, შემდეგ რა მოხდა, არაფერს არ მეუბნებიან,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე.

შადიმან ხოზრევანიძის და სოფელ კვატიას შესახებ ხულოს მერიის ადმინისტრაციის უფროსს მოკლე ტექსტური შეტყობინება მივწერეთ, რაც მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: