მთავარი,სიახლეები

ბახმუტში „ვაგნერი“ ერთგვარ ხაფანგშია – სირსკი

29.05.2023
ბახმუტში „ვაგნერი“ ერთგვარ ხაფანგშია – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებისა და აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანა და მათი ჩანაცვლება რუსული არმიის ნაწილებით ჭიანურდება.

„სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. მოწინააღმდე, „ვაგნერი“ ბახმუტშია, მაგრამ ის რეალურად არის ერთგვარ თაგვის ხაფანგში. ახლა პრიგოჟინი ცდილობს, თავისი შენაერთების გაყვანას და ჯარის ნაწილების განთავსებას. ეს პროცესი იწელება. ის სხვადასხვა განცხადებას აკეთებს. ჩვენი ამოცანა მხოლოდ ერთია – მტრის დამარცხება, ტერიტორიის გათავისუფლება, წინ წაწევა, საზღვრებისკენ“, – მიმართა სირსკიმ მებრძოლებს.

რამდენიმე დღით ადრე „ვაგნერის“ მფლობელმა, ევგენი პროგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერი“ დატოვებს ბახმუტს პირველ ივნისამდე, თუმცა ბრიტანული დაზვერვა და, ასევე, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი, წერენ, რომ რუსეთის რეგულარულ არმიას, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ ჩაუბარებია „ვაგნერის“ პოზიციები ბახმუტში და მათ ნაცვლად პოზიციების გადაბარება დაიწყეს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა.

მისი თქმით, უკრაინული დანაყოფები იგერიებენ მტრის წინ წაწევის ყველა მცდელობას ბელოგოროვკის, ნოვოსელოვსკისა და ტორსკის რაიონებში.

უკრაინის სამხედრო სარდლობა ამ დრომდე არ ადასტურებს ძალების ბახმუტიდან გაყვანას. 27 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები აკონტროლებენ ბახმუტის უბანს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ბახმუტისთვის ბრძოლა უკვე 10 თვე გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: