17 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის ერთი თაღი და გზის ნაწილი უკრაინის თავდასხმის შემდეგ ზღვაში ჩავარდა.
ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია და ოფიციალური წყაროები ავრცელებენ.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ტელეგრამზე წერს, რომ 17 ნოემბრის ღამეს დრონის მეორე თავდასხმის შედეგად, ყირიმის ხიდზე მატარებლებისა და ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია და მძღოლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ყირიმის ხიდის მიმართულებით მოძრაობისგან.
სამინისტრო აცხადებს, რომ „მიყენებული ზიანის“ შეფასება მიმდინარეობს.
რუსული და უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ ყირიმის ხიდი ზედიზედ ორი დღე თავდასხმის სამიზნე გახდა – 16 და 17 ნოემბერს.
ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, რუსეთმა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ააშენა. ხიდის სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.
უკრაინა წლებია აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი მისთვის თავდასხმის ლეგიტიმური სამიზნეა.
___________________
ფოტო: Supernova+/telegram






