მთავარი,სიახლეები

ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

21.04.2021
ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

“900-მდე განცხადებით მივმართეთ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ – რა სამართლებრივი საფუძვლებით გაათავისუფლეს სამსახურიდან ვაჟა ანანიძე,” – მიმართა მოსამართლე როინ კახიძეს ანა ბერძენიშვილმა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტია და სასამართლოში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს.

ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის აკადემიის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. ამ დრომდე ვაჟა ანანიძე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წინ ერთკაციან აქციებს პერიოდულად მართავს.

პლაგიატის დადგენაზე ვაჟა ანანიძემ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს 2020 წლის მაისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს არ დაუდგენია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს სასწავლებელში აქვს თუ არა ადგილი პლაგიატს. სამაგიეროდ, იმოქმედა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ – ვაჟა ანანიძე სამსახურიდან გაუშვეს.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან გასული წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს.

ვაჟა ანანიძე სასამართლოში მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

დღევანდელ სხდომაზე ვაჟა ანანიძის იურისტებმა სასამართლოს გზით სცადეს მტკიცებულებების მიღება, რაც აქამდე წერილობითი მიმართვის მიუხედავად ვერ მიიღეს.

“ერთ-ერთი ბრალდება ეხება იმას, რომ თითქოს ის ლექციებს ზუმის საშუალებით არ ატარებდა, მოგვაწოდეთ ამ სტუდენტების სია”, – აღნიშნა იურისტმა ანა ბერძენიშვილმა.

იურისტებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიღმა აკადემიის ადმინისტრაციას “პლაგიატის სკანდალის” შემდეგ რამდენიმე სტუდენტი გამოუკითხავს, რომლებსაც დაუდასტურებიათ: “ლექციები გაგვიცდაო”.

“სტუდენტები გამოვკითხეთ შიდა წარმოების ფარგლებში,” – მიმართა მოსამართლეს საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა.

“დისციპლინურ წარმოებას სჭირდება ბრძანება. რა მოკვლევა ჩატარდა ამის გარეშე?” – დაინტერესდა მოსამართლე.

საზღვაო აკადემიის იურისტმა განმარტა, რომ სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფარგლებში გამოკითხეს სტუდენტები, რადგან მათ მიმართეს აკადემიის ადმინისტრაციას.

“რადგან სტუდენტები ვერ უკავშირდებოდნენ ვაჟა ანანიძეს, აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაუქმებულიყო აკადემიური რეგისტრაცია ამ კონკრეტულ საგანში და შემდეგ სემესტრში სხვამ წაიკითხა ეს საგანი,” – განმარტა საზღვაო აკადემიის იურისტმა, რუსუდან ყიფიანმა.

“როგორ მოხდა ეს გაუქმება და რას ნიშნავს? თუ არ გაივლი სტრატეგიულ კომუნიკაცია 1-ს პირველ სემესტრში, მეორე სემესტრში ვერ გაივლი კომუნიკაცია 2-ს,” – აღნიშნა იურისტმა ანა ბერძენიშვილმა. საზღვაო აკადემიის იურისტმა მას უპასუხა, რომ არ ეტყვის, ვინ კითხულობს ამ საგანში ლექციას ახლა, ვაჟა ანანიძის გათავისუფლების შემდეგ.

“აკადემიაში არის 79 აკადემიური პერსონალი, 150 მოწვეული მასწავლებელი,” – ხაზი გაუსვა აკადემიის იურისტმა ამ მონაცემს იმის საილუსტრაციოდ, რომ ლექციის ჩატარების პრობლემა რომელიმე საგანში საზღვაო აკადემიას არ აქვს.

სასამართლო განხილვა გრძელდება.

ვრცლად ამ თემაზე:

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: