ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

28.10.2020
აჭარის ბიუჯეტიდან კარანტინისთვის 11,3 მლნ, რესპუბლიკურისთვის კი – 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა 

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის სამი კვარტალის [იანვარი-სექტემბერი] შესრულების მიმოხილვა წარადგინა. დოკუმენტი მთავრობამ საბჭოს 27 ოქტომბერს გადაუგზავნა.

ამ დოკუმენტის მიხედვით:

  • ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით [კარანტინის მოწყობაში], სექტემბრის თვის ჩათვლით, 12 500 000 ლარის ხარჯი იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 11 360 300 ლარი შეადგინა.
  • რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის და სხვა ღონისძიებების პროგრამისთვის კი, გამოყოფილი იყო 5 322 800 ლარი, ხოლო დაიხარჯა მხოლოდ 2 861 900 ლარი.

შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, პროგრამა, რომელიც კარანტინის მოწყობას ითვალისწინებდა, 90,9 პროცენტით შესრულდა, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამა – 53,8 პროცენტით.

აჭარის მთავრობის განმარტებით: „გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულყოფილად აღჭურვის მიზნით სამედიცინო აპარატურის შესაძენად, რბილი ავეჯის და სხვა, რომლის შესრულება განხორციელდება IV კვარტალში, რის გამოც დაბალია შესრულება 9 თვის გეგმასთან მიმართებაში“.

აქ აღსანიშნავია, რომ საკარანტინო ზონებთან დაკავშირებით თითქმის ყველა შესყიდვა ტენდერის გარეშე განხორციელდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი, მიუხედავად ქვეყნის მთავრობის და ეპიდემიოლოგების განცხადებებისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდნენ, რატომღაც ტენდერი გამოაცხადეს.

საკარანტინო ზონების პროგრამას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს.

აჭარის მთავრობის ანგარიშიდან

გარდა ამისა, მთავრობის განმარტებით, კარანტინში მომუშავე პერსონალისთვის შეიძინეს სხვადასხვა სამედიცინო ტანსაცმელი და ჰიგიენური მასალები. მთავრობის დოკუმენტის მიხედვით, აჭარაში კარანტინი სექტემბრის თვის ჩათვლით, სულ 32 430-მა პირმა გაიარა.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აღჭურვის მიზნით დაიხარჯა 2 მილიონ 8 ათას 200 ლარი, ასევე გაწეულია სხვა ხარჯი, მათ შორის, 154 500 ლარი კარანტინში დასაქმებული ექიმ/სპეციალისტებისთვის.

აჭარის მთავრობის ანგარიშიდან

ბათუმელების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, მარტო კარანტინისთვის ბიუჯეტიდან 78,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამ თემაზე:

საკარანტინო სასტუმროებისთვის 78,5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: