მთავარი,სიახლეები

არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ბრძანება კოვიდპაციენტებისთვის 

27.10.2020
არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ბრძანება კოვიდპაციენტებისთვის 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ის პირები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დატოვებენ სამკურნალო დაწესებულებას ან ამოეწურებათ კარანტინში ყოფნის ვადა, აიღებენ ოფიციალურ ცნობას კლინიკის/სასტუმროს დატოვების შესახებ. ამ ცნობით მათ ექნებათ უფლება შესაბამის საარჩევნო უბანზე მისცენ ხმა.

„ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინო სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში.

2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინო სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ცესკოს დადგენილებით, ის პირები, რომლებიც 27 ოქტომბრის დღის 2 საათის მდგომარეობით იმყოფებიან კოვიდკლინიკებში ან კარანტინში, შეჰყავთ სპეციალურ სიაში და მათ განთავსების ადგილზე მიუტანენ საარჩევნო ყუთს 31 ოქტომბერს.

ჯანდაცვის მინისტრის ახალ ბრძანებამდე კი, ის პირები, რომლებიც იქნებოდნენ სპეცსიაში და 27 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გამოჯანმრთელდებოდნენ და დატოვებდნენ კოვიდკლინიკას/სასტუმროს, საარჩევნო უბანზე ხმას ვეღარ მისცემდნენ. მინისტრის ბრძანებით, ხმის მიცემა უკვე აღნიშნული ცნობის საფუძველზე შესაძლებელი იქნება.

ცნობა გაიცემა ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე.

ცნობის დამტკიცებული ფორმა

მინისტრის ბრძანების მიხედვით:

  • ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
  • ამ ბრძანებით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამის უფლებამოსილი უწყების სახელით.
  • ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით; ხოლო საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – საკარანტინო სივრცეების სათანადო ინფორმირება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: