მთავარი,სიახლეები

„სუსი მიდის ღია პროვოკაციაზე“ – ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

19.02.2020
„სუსი მიდის ღია პროვოკაციაზე“ – ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად გამართული ორი აქციის შესახებ „ბათუმელებმა“ მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ნათია ზოიძეს დაუსვა რამდენიმე შეკითხვა. ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2 თებერვალს დატოვა, რადგან, მისივე თქმით, იგი „იძულებული გახდა“ დაეტოვებინა ტელევიზია.

  • დღეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა. ერთი იყო ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, მეორე კი – კონტრაქცია, რომელზეც მაუწყებელს მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ და ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს, რომ მადლობის გადახდა სურდათ მთავრობისთვის და ჟურნალისტებმა ეს არ გააშუქეს. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე?

ჩვენ ვხედავდით როგორ ნიშნავდა სისტემა კოხრეიძეს, მე დღეს ვხედავ როგორ იცავს სისტემა კოხრეიძეს. დღეს რაც მოხდა აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ სუსი მიდის ღია პროვოკაციაზე. ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს და გაათვიცნობიეროს პრობლემის კონტექსტი. რაც დღეს გააკეთეს, ეს არის ქმედება, რომელიც ტელევიზიის ფარგლებს და მედიის საკითხებს გასცდება.

ხელისუფლება ახალისებს, რომ სხვა კონტექსტში და მასშტაბში გადაიყვანოს პროცესი, სხვას არაფერს ნიშნავს იქ ვითომ აჭარის ტელევიზიაზე გაბრაზებული მოქალაქეების და სუსის ე.წ. დაფინანსებული აგენტების დარბაზში მობილიზება. ეს ყველაფერი გათვლილია, რომ შექმნან ილუზია, თითქოს ჟურნალისტთა გუნდით უკმაყოფილოა საზოგადოება. ეს ძალიან სახიფათო თამაშია და ვინც ეს თამაში წამოიწყო, ვერ გრძნობს კონტექსტს. ფსკერისკენ მიჰყავთ პროცესი. ასლან აბაშიძე აკეთებდა ამას 16 წლის წინ.

  • რატომ ფიქრობთ, რომ პროცესებში სუსი ჩაერთო, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

დარბაზში დავინახე დაფინანსებული პროვოკატორები. ბათუმში იცნობენ ამ ადამიანებს და უფრო მეტად აღარ დავკონკრეტდები. ეს ადამიანები მხარს უჭერდნენ რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი აფინანსებს. სუსის ხელწერაა ეს, როცა პროცესში რთავენ მოქალაქეებს. ვერ ვიქნები გულუბრყვილო, ეს ადამიანები გამოყენებული არიან, რადგან თუ ვინმეზე მადლობა აქვთ სათქმელი, ეს საინფორმაციო სამსახურის გუნდია, მათი პრობლემების გაშუქება არ მოსწონდა სწორედ ხელისუფლებას. ამიტომ აქვს აჭარის ტელევიზიას დღეს პრობლემები.

  • რას ფიქრობთ, რა არის გამოსავალი მოცემულ სიტუაციაში?

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ვთხოვ: თუ ერთმანეთს მხარში არ დაუდგებით, ნუ დაასხამთ პროვოკატორების წისქვილზე წყალს, არ დაუპირისპირდეთ ერთმანეთს, არ დაუშვათ თქვენი გულწრფელი წუხილი ძალიან საშიშმა ძალებმა უფრო მეტი პროვოკაციისთვის გამოიყენონ. თორნიკე რიჟვაძის სახელის ხსენებაც სულ არ მგონია შემთხვევითი და ეს ძალიან სახიფათოდ გათვლილი თამაშის ნაწილი მგონია.

ეს პროცესები, რაც მაუწყებელში ხდება, ცხადყოფს – ბატონ კოხრეიძეს არ აღმოაჩნდა არანაირი მართვის უნარი, ის აღრმავებს კრიზისს და იწვევს ესკალაციის ახალ ეტაპს. პასუხისმგებლობა პროცესებზე ეკისრება მრჩეველთა საბჭოს, მოქმედ დირექტორს და ხელისუფლებას ერთნაირად. გამოსავალი კომპრომისია და კომპრომისი ვერ შედგება სარედაქციო პოლიტიკის ხარჯზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: