ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფელ მარადიდში მიწას ამჯერად 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია კირნათი ჰესის გამო

04.01.2020
სოფელ მარადიდში მიწას ამჯერად 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია კირნათი ჰესის გამო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათი ჰესის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის წესით მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევა გრძელდება. ამჯერად სოფელ მარადიდში მიწის ნაკვეთს 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ „მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან: ლელა, ნებიე, რაულ და სულიკო დიდმანიძეებთან:

„დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის პროექტის დასრულებას, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის სრული დატვირთვით ექსპლუატაციისთვის. სააგენტომ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების ყველა რესურსი ამოწურა, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით.“

ბრძანების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „კირნათი ჰესი“-ს მშენებლობის პროექტი მიჩნეულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების  მქონე პროექტად და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, განსახორციელებელი პროექტის არეალში მოხვედრილ, ზემოთ აღნიშნულ კერძო საკუთრებაში არსებულ  უძრავ ქონებაზე სოფელ მარადიდში – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობი – 1 423 კვ.მ [საექსპროპრიაციო ფართობი – მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად].

„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში 2019 წლის მიწურულს 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.

2019 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით კი, სოფელ მარადიდში ექსპროპრიაციას 34 პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაექვემდებარა –  ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები.

2019 წლის 11 დეკემბერს მარადიდის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ქონების მესაკუთრეებმა ექსპროპრიაციის პირობები გააპროტესტეს.

ამ თემაზე:

სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

მთავარი ფოტო: მოსახლეობის აქცია კირნათი ჰესთან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: