მთავარი,სიახლეები

კოალიციის განცხადება „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავებაზე

22.09.2019
კოალიციის განცხადება „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავებაზე

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტს ეხმიანება. 

,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება პოლიციის ქმედება მედიასაშუალების საქმიანობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავთა ქმედება რაიმე სახით კავშირში იქნება „გაზეთი ბათუმელების“ საქმიანობასთან, აუცილებელია, რომ საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

„მიგვაჩნია, რომ საქმის დროული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და საქმესთან დაკავშირებით არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები,“ – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

დღეს, 22 სექტემბერს, „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. 

ქარტია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. „მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.