მთავარი,სიახლეები

ქარტია „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტზე პროკურატურას მიმართავს

22.09.2019 • 895
ქარტია „ბათუმელების“ გამომცემლის ნათესავების დაკავების ფაქტზე პროკურატურას მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს. ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

ვრცლად ამ თემაზე: 

5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: