მთავარი,სიახლეები

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლაზე

06.06.2019
დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლაზე

დღეს, 6 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობასთან დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ  სხვა შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს დაახლოებით დარჩა წელიწად-ნახევარი… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ გაგრძელდეს რაღაც პერიოდი, ეს წაიღებს თავისთავად დროს. შემდგომ, მექანიკურად თუ მივალთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე, ვერ გადავალთ ბუნებრივია – გადალაგების პროცესი მოითხოვს რაღაც დროს.

დღესაც რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება [ახალ შენობაში გადასვლის], ჩვენ ყველაზე ადრე საშემოდგომო სესიაზე განვთავსდეთ იქ. მე ვიხუმრე ამას წინათ და კიდევ გავიმეორე ამ ხუმრობას, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს იქ გადაბარგებიდან ამ შენობაში გადასვლიდან დაგვრჩება ორი პარასკევი-მეთქი. დამიჯერეთ გაბაიძე ნამდვილად არ ფიქრობს საკუთარ კომფორტზე. არ იქნება გაბაიძე ალბათ იმ მოწვევაში იმიტომ, რომ ამის ინდულგენცია არც ერთ ჩვენგანისთვის არ მიუციათ… უმაღლესი საბჭოსთვის ვაკეთებ ამას…“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.

მისი აზრით, უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლა არა უმაღლესი საბჭოს წევრების კომფორტის, არამედ ინსტიტუციონალური საკითხია. „ჩვენ ძალიან ბევრ რეგიონულ პარლამენტთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და გვინახავს, როგორ ღირსეულ ადგილებში არიან ისინი განთავსებული“, – განაცხადა მან სხდომაზე, რაზეც ოპოზიციამ რეპლიკით უპასუხა: „მაგ ქვეყნებში მოქალაქეების ღირსეული მდგომარეობაც ნახეთ ჯერ“.

რამდენიმე წელია საუბრობენ იმაზე, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო უნდა განთავსდეს იმ შენობაში, სადაც ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტია. ყოფილი ხელისუფლების დროს, ამ შენობის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა და მაშინ ითქვა, რომ შენობაში აჭარის მთავრობა უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლების ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე, შენობა ხელოვნების უნივერსიტეტს დაუთმეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ხელოვნების უნივერსიტეტისთვის სხვა ფართობის გამოყოფაზე და გამოთავისუფლებულ შენობაში უმაღლესი საბჭოს გადასვლაზე, რომელიც ამჟამად დაბა ჩაქვშია.

ხელოვნების უნივერსიტეტისთვის ახალი შენობა უკვე რეაბილიტირებულია.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნად სათაურით, „ორი პარასკევი დაგვრჩენია… სხვა შენობაში არ გადავდივართ“. სტატიაში ეწერა, რომ თითქოსდა დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს შენობის ადგილმონაცვლეობის წინააღმდეგია და დავით გაბაიძის აზრით, ორი პარასკევი აქვთ დარჩენილი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. დავით გაბაიძის კომენტარის ზუსტი ვერსია წაიკითხეთ სტატიის განახლებულ ვერსიაში. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: