მთავარი,სიახლეები

თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭი სასამართლომ გაათავისუფლა

12.02.2019
თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭი სასამართლომ გაათავისუფლა

არასრულწლოვანი, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საუბარია ორი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ლერმონტოვის ქუჩაზე ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. ჩხუბის დროს 14 წლის ბიჭი დანით დაჭრეს.

“კონფლიქტი იყო გოგოს გამო, ფეისბუქსში ერთ-ერთი კომენტარისთვის იჩხუბეს,” – ამბობს გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი. იგი სასამართლოში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა.

დაზარალებული ფილტვში იყო დაჭრილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მან ჩვენებაც მისცა სასამართლოს.

ბრალდებულმა კი სასამართლოს უთხრა, რომ მას სცემდნენ და თავდაცვის მიზნით გამოიყენა დანა.

“საბოლოოდ დადასტურდა ცემის ფაქტი და მოსამართლემ კვალიფიკაცია შეცვალა. მან განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, 122-ე მუხლის შესაბამისად გაასამართლა ბრალდებული. ეს მუხლი გულისხმობს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებას,” – განმარტავს იურისტი გვანცა თურმანიძე.

15 წლის ბრალდებული გათავისუფლდა, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედით, არასრულწლოვანს არ შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და იმ პირის მიმართ, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ არის.

ეს მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს, მაგრამ სასჯელის ეს ფორმა ჯერ ქვეყანაში ამოქმედებული არ არის.

მოსამართლემ ვერც ჯარიმა დააკისრა არასრულწლოვანს, რადგან მას დამოუკიდებელი შემოსავალი არ ჰქონდა.

“ამიტომ მოსამართლემ ნაკლებად მსუბუქი სასჯელის ზომა გამოიყენა – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 50 საათით, რაც მას ჩაეთვალა წინასწარი პატიმრობის გამო. არასრულწლოვანი 2 თვე და 5 დღე იმყოფებოდა პატიმრობაში”, – დასძინა ადვოკატმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: