მთავარი,სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

26.07.2018
საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

პირველი აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით შეფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია… უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას, საქართველოში ზოგადად, მწვანე პოლიტიკის, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ამონიტორინგებს, როგორც ლოკალური ასევე მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე. 

ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად იმუშავებს ვებ პორტალი სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მოქმედი ნორმები ეფუძნება საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. გოსტებს, რაც ხელს უშლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესადარისობას.

მიიჩნევა, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში, ძირითადად სადამკვირვებლო ჯიხურების მეშვეობით ხდება. სადამკვირვებლო ჯიხურის საშუალებით, ისაზღვრება შემდეგი მავნე ინგრედიენტები: მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.

სადამკვირვებლო ჯიხურების მონაცემები ეროვნული სტანდარტებით იზომება, რომლებიც UNECE-ს ანგარიშის თანახმად, კვლავ კონცენტრაციის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებზეა დაფუძნებული და არ შეიძლება პირდაპირ იყოს შედარებული ჯანმოსა თუ გაეროს მიერ გამოყენებულ სტანდარტებზე.

ამავე თემაზე:

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: