ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

06.01.2026
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 6 იანვარს, [დღის 17:00 საათის მონაცემებით], ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარედ ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემს ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული ავტომატური სადგური აფიქსირებს.

ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა გასული წლის ბოლო პერიოდში ხშირად ფიქსირდებოდა, თუმცა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე, გარემოს სააგენტო წერდა, რომ „აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათის იყო და სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით იყო განპირობებული.“.

ასეთი შენიშვნა ამჯერად პორტალზე არ არის.

ტრანსასაზღვრო დაბინძურების გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

წყარო: ჰაერის ხარისხის პორტალი

დღეს, 6 იანვრის 17:00 საათის მდგომარეობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის გაუარესებას აფიქსირებენ ასევე თბილისში შემდეგ მისამართებზე განთავსებული ავტომარტური სადგურები: მარშალ გელოვანის გამზირი №34, წერეთლის გამზირი №105 და აღმაშენებლის გამზირი №73ა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: