მთავარი,სიახლეები

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

23.02.2018
რესპუბლიკის პირველი იუნკრები

23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ვინ იყვნენ ქართველი იუნკრები და რა ბედი ეწიათ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი ირემაძეს ესაუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს. ეს ცენტრი რამდენიმე წელია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს.

ირაკლი ირემაძე

  • როდის და როგორ შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი  

იუნკერთა სასწავლებელი რესპუბლიკის პირმშო იყო და ამ სასწავლებლის შექმნის ინიციატორი და სულისჩამდგმელი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო, სასწავლებლის პირველი ხელმძღვანელი.

1918 წელს, როცა რესპუბლიკა გამოცხადდა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, დადგა სამხედრო კადრების მომზადების საკითხიც. იმ დროისათვის ჯარში მსახურობდნენ რუსეთის ჯარში გაწვრთნილი სამხედრო პირები, გენერლების საკმაოდ დიდმა  ნაწილმა ქართული ენაც კი არ იცოდა, რადგან სამხედრო კადრების მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე არ ხდებოდა, ეს პროცესი რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში მიმდინარეობდა.

საქართველოს რესპუბლიკა რომ მუდმივი ომის საფრთხის წინაშე იქნებოდა, ეს 1918 წლის მაისშივე ცხადი იყო, ამიტომაც, საჭირო იყო სამხედრო სასწავლებლის სასწრაფოდ შექმნა, რომელიც სამხედრო პირებს მოამზადებდა.

იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი შეიქმნა 1919 წლის სექტემბერში. ამ სასწავლებელს ქართული არმიისათვის უნდა მოემზადებინა უმცროსი ოფიცრები ორი წლის განმავლობაში.

იუნკერთა სასწავლებელი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, მიუხედავად რესპუბლიკის მწირი შესაძლებლობისა. კურსანტებს ასწავლიდნენ გენერალი კვინიტაძე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის არმიაში გააგრძელა საქმიანობა და საკმაოდ წარმატებული გენერალიც იყო.

ქვეყნის მთავრობა და გენერალური შტაბი ძალიან ჩქარობდნენ.

1919 წლით დათარიღებულ წერილში თავდაცვის მინისტრი რამიშვილი სთხოვს მთავრობას, რომ იუნკერთა სასწავლებლის მოსწავლეებს მიეცეთ ჩინი, რადგან ძალიან ჭირდა ჯარში კვალიფიციური კადრები.

  • რა მოხდა 1921 წლის თებერვალში

1921 წლის  თებერვალში ქართველი იუნკრები, პოლკოვნიკ ჩხეიძის მეთაურობით, ტაბახმელასთან, რუსეთის მე-11 არმიისგან იცავდნენ თბილისს.

იმ დროისათვის იუნკერთა სასწავლებელში 183 კურსანტი ირიცხებოდა, თუმცა ყველას არ მიუღია ბრძოლაში მონაწილეობა, რადგან იმ ხანად გავრცელებულ ტიფს ებრძოდნენ.

ტაბახმელასთან იბრძოდა დაახლოებით 170 იუნკერი.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქმის ყველა იუნკერი დაიღუპა ტაბახმელასთან, რაც მცდარია. ტაბახმელასთან დაიღუპა ცხრა იუნკერი, თუმცა დაღუპულთა შესახებ არის სხვადასხვა ცნობაც.  დაიჭრა 43 იუნკერი,  მათ შორის რამდენიმე – მძიმედაც.

კოჯრის შეტაკებისას დაღუპული იუნკერი ბენია გიორგაძე. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

ფოტო: pirvelirespublika.blogspot.com

  • რა ბედი ეწიათ იუნკრებს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ

იუნკრების ნაწილი წავიდა ემიგრაციაში და სამხედრო სამსახური გააგრძელეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის და საბერძნეთის არმიაში, თუმცა უმეტესობა წავიდა პოლონეთში, რადგან იმ დროს საქართველოს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა პოლონეთთან. მათგან რამდენიმე პოლონეთის არმიის გენერალიც კი გახდა.

პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველი იუნკრების ნაწილი შეეწირა კატინის ტყეში ცნობილ დახვრეტას.

ქართველი ოფიცრები პოლონეთის ჯარში. ფოტო: dspace.nplg.gov.ge

იუნკრების თავდადება საქართველოს რესპუბლიკის ისტორიაში  უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული სენია – როცა რაღაც გმირობაზე საუბრობენ, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების წარმოჩენა ხდება.

1921 წლის თებერვალში 10 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იბრძოდა თბილისის მიდამოებში და ძირითადად საუბრობენ მხოლოდ იუნკრებზე. რა თქმა უნდა, იუნკრები გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ ვერ დავივიწყებთ სახალხო გვარდიელებს, მათ შორის განსაკუთრებით გვარდიის  ჯავშანმატარებლის შემადგენლობას, რომელიც გმირულად მოქმედებდა და ანადგურებდა მოწინააღმდეგე ჯარის შენაერთებს.

და კიდევ ერთი დეტალი, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის შენობაზე 1921 წელს დაღუპულთა მოსაგონებლად  აბრის გახსნის  ღონისძიების აღწერაში აღნიშნული იყო, რომ იუნკერთა სასწავლებელში ძირითადად სწავლობდნენ ქართველი თავად-აზნაურებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლების შვილები. ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან იუნკერთა სიაში საკმაოდ ბევრია ჩვეულებრივი, გლეხის ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთაც უბრალოდ უნდოდათ სამხედრო განათლების მიღება და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩადგომა.

_________________

მთავარ ფოტოზე: ქართველი იუნკრები ათენში  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: