რუსული დრონით დაიღუპა მოხალისე, რომელიც უკრაინაში ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდა

უკრაინაში დაიღუპა კანადის მოქალაქე, ცხოველების უფლებადამცველი, მოხალისე, ორგანიზაცია RainCoast Dog Rescue Society-ს დამფუძნებელი ჯესი ადამსი.

ჯესი ადამსი საომარ ზონაში ცხოველების გადარჩენაზე ზრუნავდა. ბოლო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იგი დონბასის რეგიონში, მაღალი რისკის ზონაში იმყოფებოდა და ორგანიზაცია Animal Rescue Kharkiv-თან ერთად მუშაობდა.

იგი ტრაგიკულად დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რუსული დრონი მის სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა.

„კვირას, 25 ოქტომბერს, ჯესი კრამატორსკიდან ცხოველების ევაკუაციას ახორციელებდა. დრონი თავს დაესხა ჩვენს ევაკუაციის მანქანას, რომელიც დატვირთული იყო გადარჩენილი ცხოველებით. დრონი პირდაპირ საქარე მინას შეეჯახა. ჯესი მძიმედ დაშავდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი ოპერაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – წერს ტელეგრამზე ორგანიზაცია Animal Rescue Kharkiv.

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ჯესი ადამსმა ასობით ცხოველის – ძაღლების, კატების, ძროხების, თხების, შინშილებისა და კუების ევაკუაციასა და გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა. იგი მუშაობდა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე, განსაკუთრებული რისკის შემცველ დასახლებებში, რომლებიც მუდმივად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

 

„ეს ნაბიჯი მეზობელი ავტოკრატიების მკაცრ მეთოდებსაც კი სცდება“ – აშშ-ის ყოფილი ელჩი პარტიების აკრძალვაზე

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

____

ამ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელის განხილვა განაგრძო, რათა მთავარი ოპოზიციური პარტიები უკანონოდ გამოაცხადოს. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს უწოდებს „მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაციას“ ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად.

კელის აზრით, სარჩელის სასტიკი შინაარსიც უპრეცედენტო შეტევაა ქვეყნის დემოკრატიულ არქიტექტურაზე, რადგან მთავარი ოპოზიციონერი კონკურენტების უკანონოდ გამოცხადება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს პლურალიზმის საფუძვლებს, რაც ელჩ კელის აზრით, გარდაუვალ გეოპოლიტიკურ კოლაფსს გამოიწვევს:

„ოპოზიციური ხმების მრავალფეროვნების გარეშე საქართველო ვეღარასოდეს გახდება ევროკავშირის, ან ნატოს წევრი. ის გარიყულ ქვეყნად გადაიქცევა, თუ უკვე არ გადაიქცა“.

კელის აზრით, მკვეთრი საკანონმდებლო იერიშით ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს. მისი სტრატეგიული მოტივაციის ანალიზი აჩვენებს, რომ „რეჟიმის ამოცანაა ძალაუფლების კონსოლიდაციაა იმ დროს, როდესაც ქვეყანა ისედაც რკინის ხელით უჭირავს“.

ძალაუფლების ამგვარი მიტაცება საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფების ღალატია, მისწრაფებისა, რომლისთვისაც ხალხმა ბევრი გაიღო და არაერთგზის დაადასტურა არჩევანი, ევლო დემოკრატიის გზით დასავლეთისკენ. „გამაოგნებელია, რომ მმართველი პარტია ასე ხელაღებით ღალატობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და უგულებელყოფს უმრავლესობის ნებას“, – ამბობს იან კელი.

ამ ნაბიჯს საქართველო თანამედროვე დემოკრატიული ნორმების ჩარჩოებიდან გაჰყავს. საერთაშორისო პრეცედენტებზე საუბრისას, კელი მთავრობის ტაქტიკის სისასტიკეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არ იცნობს სხვა დასავლურ სახელმწიფოს, „რომელსაც ამგვარი ყოვლისმომცველი აკრძალვა ეცადოს“.

მეტიც, ეს ნაბიჯი მეზობელი ავტოკრატიების მკაცრ მეთოდებსაც კი სცდება: „კრემლიც კი უპირატესობას ანიჭებს ოპოზიციური პარტიების მიმხრობას, ან არჩევნებში მათ არ დაშვებას, მათი აკრძალვის ნაცვლად“.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი დემოკრატიის განადგურებას სასამართლოს გზით ცდილობს, კელის აზრით, შეუძლებელია ქვეყნის ნამდვილი ტრაექტორიის წაშლა ერთი განჩინებით. „მჯერა და ვენდობი ქართველების სიძლიერესა და სიმტკიცეს, რომელთაც კვლავ სჯერათ, რომ მომავალი დასავლურ ოჯახშია“, – ამბობს იან კელი.

___

22 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, რომლითაც 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმებას ითხოვენ.
„ოცნება“ შემდეგი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
განხილვა დღეს, 28 ოქტომბერს, 11 საათზე განახლდა.

თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ადვოკატი, რომელიც პატიმრის დას 110 000 ლარს სთხოვდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს.

უწყების ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10 000 ლარი.

„ბრალდებული ქალს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ თანხას თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა და მოატყუა, თითქოს აღნიშნული თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმდებოდა, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა“ – წერს შსს.

სამართალდამცველებმა ადვოკატი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

28 ოქტომბერი: 36 წელi მრავალპარტიული არჩევნებიდან ოპოზიციის აკრძალვამდე

დღეს, 28 ოქტომბერს, ზუსტად 36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, პირველი რესპუბლიკის ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ, პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები.

ამ ისტორიული დღიდან 36 წლის შემდეგ დღეს, 2026 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ოცნების“ სარჩელს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ითხოვს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების გაუქმებას.

1990 წელს არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით.

1990 წელს, 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, რომლის ლიდერიც იყო ზვიად გამსახურდია.

არჩევნებში 4%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით მანდატები მიიღო მხოლოდ ორმა პარტიამ: „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო“ (81 დეპუტატი) და საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი).

ფოტოზე: ზვიად გამსახურდია, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საარჩევნო ყუთთან. ჯემალ კასრაძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“ 

ამავე თემაზე: 

ოპოზიციის აკრძალვა - ისტორია მეორდება?

 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – ავარია ბათუმში

წუხელ, 28 ოქტომბერს, გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე.

თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჰაერში რამდენიმე ბრუნი გააკეთა და შემდეგ ხეს შეეჯახა.

ასევე თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციელებს ავტომანქანიდან გადმოსვლაში მოქალაქეები დაეხმარნენ. არც ერთ ავტომანქანაში მსხდომებს მნიშვნელოვანი ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 583 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 448 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 609 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 51 674 ერთეული [+21]
  • MLRS – 2 241 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 727 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 585 795 ერთეული [+1 543]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 032 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 167 738 ერთეული [+266]
  • სპეცტექნიკა – 4 859 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 140 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ ვორონეჟს დაესხნენ თავს

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა თავდასხმა რუსეთის ქალაქ ელეცში მდებარე სამხედრო საწარმოზე

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე

დღეს, 27 ოქტომბერს, ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის გამოსვლით დაიწყო.

„როცა საუბრობს „ოცნება“, არ გაემიჯნნენ ძალადობასო, თვითონ „ოცნება“ როდის გაემიჯნა გახარიას „გავრილოვის ღამეს“? პირიქით, მას შემდეგ პრემიერად დააწინაურეს…,“- თქვა ანა წითლიძემ და სხვა რამდენიმე ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე ისაუბრა: რის გამო აკრძალეს კონკრეტული პარტიები, მაგალითად, ესპანეთში, მოლდოვაში ან უკრაინაში – ამ ქვეყნებს ივანიშვილის „ოცნება“ ხშირად ახსენებს, არგუმენტით – ევრობიუროკრატიას ეს არ შეუმჩნევიაო.

„ამ დროს ესპანეთში დადასტურდა, რომ იმ კონკრეტულ პარტიას კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან – ETA, პარტიის წევრები ტერორისტულ აქტებშიც მონაწილეობდნენ… და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ევროსასამართლომ,“- აღნიშნა ანა წითლიძემ და მერე სხვა ქვეყნები ჩამოთვალა, მაგალითად, თურქეთში აკრძალეს პარტია, რომელიც ქვეყნის შარიათის წესებით მართვას აპირებდა, მოლდოვაში კი პარტია, რომელიც აგრესორი რუსეთისგან ფინანსდებოდა და ასევე, რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ახდენდა.

„ოცნება“ ცდილობს, შექმნას ხელოვნური და სახიფათო პრეცედენტი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

მან გაიხსენა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ბათუმში, როცა ჯამურად ოპოზიციამ მოიგო და ნუგზარ ფუტკარაძეს – „ნაცმოძრაობის“ წევრს ბათუმის საკრებულოში, 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ოპოზიციის დატოვებას სთხოვდნენ. ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, რაზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა არც ეს საქმე გამოუძიებია „ოცნების“ პროკურატურას.

„ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს,“- ამ ფრაზის თქმის შემდეგ ანა წითლიძე შეაჩერა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, უფრო ზუსტად კი, წითლიძის ნათქვამი მანამდე ჟესტიკულაციით არჩილ გორდულაძემ გააპროტესტა, დეპუტატმა „ოცნების“ პარლამენტიდან.

„ეს მძიმე ბრალდებაა… დაუფიქრდით საკუთარ განცხადებებს,“- ანა წითლიძეს მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ.

ანა წითლიძეც შეეპასუხა მოსამართლეს – სისტემური დანაშაულების ჩადენას გვაბრალებთ და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილიო.

შემდეგ ანა წითლიძემ „ოცნების“ მაღალჩინოსნები ჩამოთვალა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებდნენ: მაგალითად, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი…

„დავით სონღულაშვილი, თქვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ენმ-ს შემომწირველი იყო… სად არის აქ სამართლებრივი ლოგიკა?“- იკითხა ანა წითლიძემ, რომელიც 2012 წლიდან არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

„სისტემურ დანაშაულებზე“ საუბრის დროს ანა წითლიძემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ახსენა. წითლიძემ „ოცნების“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ისინი ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს ამ საქმის გამოძიებას.

„თქვენ ჩაატარეთ ხელახალი გამოძიება. მითხარით, აბა, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს ამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი?“- „ოცნების“ დეპუტატებს შეუბრუნდა ანა წითლიძე და პაუზის შემდეგ, როცა „ოცნების“ დეპუტატებს არაფერი უთქვამთ, თავად უპასუხა შეკითხვას – „არა“.

„მაშინ რატომაა ეს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულების ჩამონათვალში?“- მოსამართლეებს გახედა ანა წითლიძემ.

მან ჩამოთვალა ყველა საქმე, რაც „ოცნებას“ სარჩელში აქვს მითითებული ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგალითად:

„სანდრო გირგვლიანის საქმე“, რომლის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძემ „ოცნებამ“ უვადო მოსამართლედ გაამწესა.

„როინ შავაძის საქმის“ [სერჟანტი, რომელიც 2008 წელს მოკლეს] მთავარი გამომძიებელი რესან კონცელიძე იყო. მას „ოცნებამ“ დეპუტატის მანდატი ჩააბარა.

ანა წითლიძეს აქ აღარ უხსენებია ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პროკურორი იყო. დღეს ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ოპოზიციის, მათ შორის, ენმ-ის გაუქმებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სამაგიეროდ, მოსამართლე ვასილ როინიშვილს ანა წითლიძემ ის ამბავი გაახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე რომ იყო. ზურაბ ადეიშვილი კი „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელში ბევრჯერ ახსენებს.

„ამ დროს მე ზურაბ ადეიშვილი სულ ერთხელ მყავს ნანახი,“ – ირონია დაეტყო ანა წითლიძეს.

„ვაზაგაშვილის საქმე“, „შარაძის მკვლელობა“ – ეს საქმეებიც „ოცნების“ სარჩელშია ენმ-ს წინააღმდეგ დასახელებული:

„შარაძის მკვლელობაზე დაკავებულმა თქვა, რომ პირადი შურისძიება ამოძრავებდა… რომელიმე ამ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს აქვს ბრალი წარდგენილი?

ჰკითხეთ მოსარჩელეს: რა ეტაპზეა ამ საქმის გამოძიება? ეს არის ტყუილი და პოლიტიკური ჭორი,“- აღნიშნა ანა წითლიძემ და სარჩელის იმ მონაკვეთსაც შეეხო, სადაც „ნაციონალებს“ კორუფციას აბრალებს „ოცნება“ და ამ დროს „ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან ციხეში სწორედ კორუფციის ბრალდებით, მათ შორის, „ოცნების“ ორგზის პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი.

„ციხეებში 26 ათასი ვაჟკაცის გაუპატიურებაც მითი აღმოჩნდა“,- „ოცნების“ შემდეგ ბრალდებაზე გადავიდა ანა წითლიძე და ბედუკაძის, ასევე თამაზაშვილის განცხადებები გაიხსენა, რომლებმაც თქვეს, რომ 2012 წელს ციხის ცნობილი კადრების ნაწილი იყო დადგმული და პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი.

„დღეს ღიად საუბრობენ პატიმრები ციხეში გაუპატიურებაზე…“,- თქვა ანა წითლიძემ და აღნიშნა ისიც, რომ პატიმრების რაოდენობით დღეს საქართველო ევროპაში უკვე მოწინავე ადგილზეა.

ანა წითლიძე „7 ნოემბრის საქმესაც“ გამოეხმაურა:

„მაშინ გადადგა პრეზიდენტი სააკაშვილი და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა… უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ვართ, ასობით ადამიანი სცემეს და დაასისხლიანეს სხვადასხვა აქციაზე, ოდესმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია „ოცნებას“? პირიქით, ირაკლი კობახიძისგან ეს მოვისმინეთ: „ნულოვანი ტოლერანტობა აქციის მონაწილეებს“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმაა „ოცნების“ მორიგი ბრალდება ენმ-ს წინააღმდეგ – ამ კომისიამ სააკაშვილს მოარგო რეფორმაო, ამბობს „ოცნება“.

„მაგრამ იმ კომისიის მდივანიც აქ არის – ბატონი თენგიზ შარმანაშვილი,“- „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხედა ანა წითლიძემ, მათ შორის, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატს, თენგიზ შარმანაშვილს, რომელსაც ამჯერად არაფერი უთქვამს.

წითლიძემ აქვე დასძინა, თენგიზ შარმანაშვილის ძმა, თამაზ შარმანაშვილიც რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სამსახურში იყო: უსკოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ენმ-დან, შემდეგ კი ენმ-ს იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობდაო.

„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო“- ამჯერად ენმ-ს მხრიდან სასამართლო ზეწოლის ბრალდებას შეეხო ანა წითლიძე. მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემები ნამდვილად არსებობდა ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ სად წავიდნენ „მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები“?

„მაშინ სასამართლოს მაღალ იერარქიას ეს მოსამართლეები წარმოადგენდნენ ზუსტად: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ,“- თქვა ანა წითლიძემ.

„ყველაზე მძიმე ნაწილი“ უწოდა ანა წითლიძემ აგვისტოს ომის ნაწილს – სარჩელის თანახმად „ოცნება“ ენმ-ის ხელისუფლებას ადანაშაულებს ომისთვის „ნიადაგის მომზადებაში“.

„ეს უკვე აღარ არის სამართლებრივი აბსურდი, ეს არის ეროვნული კატასტროფა, როცა მმართველი ძალა იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდას,“- მკაცრი ტონით თქვა ანა წითლიძემ.

მან ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა. „ოცნების“ ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ ამ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლება გამოყვანილია, როგორც ომის წინაპირობის შემქმნელი, რეზოლუციას კი მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი.

ანა წითლიძის თქმით, რეზოლუციის ტექსტში სადავო ჩანაწერის გაკეთებას ქართული დელეგაციის რამდენიმე წარმომადგენელი კატეგორიულად ითხოვდა, რომელიც შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. „გამოითხოვეთ ევროსაბჭოს სხდომის ოქმი და ნახავთ, რომ ასეა“, – აღნიშნა მან.

ანა წითლიძეს სასამართლო სხდომის შესვენების დროს ვკითხეთ, ვინ იყვნენ ეს პირები ქართულ დელეგაციაში, რომლებმაც ევროსაბჭომ მოსთხოვეს რეზოლუციის ტექსტში საქართველოსთვის დამაზიანებელი ჩანაწერის გაკეთება. მან გვითხრა, რომ ის ამ ადამიანებს ამ ეტაპზე არ ასახელებს და უმჯობესია, მათი ვინაობა „ოცნებამ“ დაასახელოს.

„იგივე რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ეს ომი იყო „პირდაპირი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე“, და რომ ამას მოჰყვა „საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია“.

ამ რეზოლუციას რუსეთის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი და დატოვეს სხდომა. თუ ეს რეზოლუცია საქართველოს საწინააღმდეგო იყო, რატომ არ დაუჭირა მას მხარი რუსეთმა?“- „ოცნების“ წარმომადგენლებს ჰკითხა ანა წითლიძემ.

„ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის იმ არგუმენტითაც ითხოვს, რომ არჩევნების შედეგები მათ არ აღიარეს და არ ცნობენ „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

ანა წითლიძემ ამ ბრალდების საპირწონედ ეუთოს დასკვნა დაასახელა 2024 წლის არჩევნების შესახებ: საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციის, ეუთოს შეფასებით, არჩევნები „სისტემური დარღვევების“ ფონზე ჩატარდა, სადაც ამომრჩევლის ნების გამოსავლენად თავისუფალი გარემო არ იყო უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება „ოცნების“ მთავარი მტკიცებულების, ანუ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის სამართლებრივ ღირებულებას, ანა წითლიძემ ამ კომისიის სხდომაზე გამოცხადებული ერთი პირი – ლერი ბერიტაშვილი გაიხსენა და მოსამართლეებს უთხრა, რაც მან მოყვა, წარმოუდგენელი ფილმის სცენარს ჰგავს, სპაიდერმენსაც შეშურდებაო.

ლერი ბერიტაშვილის გამოკითხვის მიხედვით, მას სახლში ღამით მიაკითხეს, გულში ესროლეს ორი ტყვია, მაგრამ ფანჯრიდან გადახტომა შეძლო, მერვე სართულიდან გადამხტარი კაცი გადარჩა და საკუთარ ბინაში დაბრუნდა, შემდეგ ელექტროშოკით „გული გაუხეთქეს“.

„ფანტასტიკის ჟანრია… ეს არის ის სისტემური დანაშაულები, რაც ამათ აქვთ აქ ჩაწერილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

თავისი გამოსვლის ბოლოს ანა წითლიძემ „4 ოქტომბრის საქმე“ ახსენა. ამ საქმეზეც მიუთითებს „ოცნება“ თავის სარჩელში – ოპოზიციურ პარტიებს რეალურად სახელმწიფოს გადატრიალება სურთ და ეს განზრახვა 4 ოქტომბერს გამოჩნდაო.

ანა წითლიძის თქმით, კონსტიტუციურ წყობა დაარღვია სწორედ „ოცნებამ“ – „არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მიტაცებით“, ამ დროს კი, მოქალაქეების თავდაცვის და სახელმწიფოს დაცვის უკანასკნელი ინსტრუმენტი მშვიდობიანი აჯანყებაა.

„ამ ქვეყანას ჰყავდა ანწუხელიძე და ჰყავდა სერგო ორჯონიკიძეც, თქვენი საქმეა, რომელ გზას დაადგებით,“- ანა წითლიძემ თავისი გამოსვლა დაასრულა და მისთვის გამოყოფილ ადგილს დაუბრუნდა კოლეგების გვერდით.

ტრიბუნასთან ლევან ბეჟაშვილი მივიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი.

„ავტორიტარიზმის ლეგალიზაცია“- ასე დაასათაურა ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციური პარტიების გაუქმების მიმდინარე საქმე.

მან ისაუბრა ამ კუთხით ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტზე, რომელიც ეფუძნება პრინციპს – „უნდა არსებობდეს ნათელი და მყისიერი საფრთხე“.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ევროსასამართლო საფრთხეებს აკონკრეტებს, მაგალითად, როცა პარტიას ანტიდემოკრატიული იდეოლოგია აქვს და ეს გაცხადებულია.

„ჩვენი იდეოლოგია კი, დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,“- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ევროსასამართლო გამოყოფს ასევე მიმდინარე ძალადობას, ან პარტიის მიერ გაჟღერებულ, ძალადობრივ გეგმას – საფრთხე არ უნდა იყოს თეორიული.

„ჩვენ არ გვქონია შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდება… ვიყავით საპარლამენტო ოპოზიცია და ყველა არჩევნებში ვმონაწილეობდით,“- თქვა ლევან ბეჟაშვილმა და აღწერა „ოცნების“ სარჩელის ის მონაკვეთი, სადაც „ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ მოსალოდნელი საფრთხის არგუმენტით აკრძალეს პარტია თურქეთში, რაც ევროსასამართლოს არ მიუჩნევია დარღვევად.

„ესაა პრეცედენტის განზრახ ფალსიფიკაცია,“- თქვა ლევან ბეჟაშვილმა და განმარტა, რომ თურქეთის შემთხვევაში იმ პარტიას თეოკრატიული განაცხადი ჰქონდა და სახელმწიფოს მართვას შარიათით აპირებდა.

„ოდნავ ნელა რომ ისაუბროთ,“- ლევან ბეჟაშვილს მიმართა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მან წინა სხდომაზეც თქვა, რომ აქტიურად ეცნობა პარტიების აკრძალვის კუთხით ამ დრომდე არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას და თავისთვის ჩანაწერებს აკეთებს.

კამბოჯა, ნიკარაგუა, ვენესუელა, ბელარუსია – ლევან ბეჟაშვილმა იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, სადაც ოპოზიცია გააუქმეს იგივე არგუმენტებით, რაც დღეს აქვს ივანიშვილის „ოცნებას“ ოპოზიციის წინააღმდეგ. მაგალითად, კამბოჯაში ოპოზიციონერებს დაუდასტურეს „უცხოელ აქტორებთან კონტაქტი“, ხოლო ბელარუსში 2021 წლიდან დასჯადია სანქციების დაწესებისკენ მოწოდება.

რუსეთშიც დასჯადია ეს ქმედება, როცა მოქალაქე სანქციების დაწესებას ითხოვს. მას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესი ამოქმედდება.

„ხომ არ გეცნობათ სიტუაცია?“ – მოსამართლეებს მიმართა ლევან ბეჟაშვილმა და პაუზის შემდეგ საბჭოთა წარსულიც გაიხსენა: გენუის კონფერენციაზე გამოსვლის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდების გამო მაშინდელი პატრიარქი, ამბროსი ხელაია რომ დააპატიმრეს.

ლევან ბეჟაშვილი შეეხო რეპრესიულად შეცვლილ კანონმდებლობაზეც, რომლის შედეგადაც აიკრძალება არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, არამედ ნებისმიერ პირს აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუ ჩათვლიან, რომ ეს პირი დაკავშირებულია აკრძალულ ოპოზიციასთან.

შეცვლილი კანონმდებლობის შესაბამისად, გაუქმებული პარტიის მანდატებიც ავტომატურად უქმდება პარლამენტში და საარჩევნო სია ანულირდება.

„ოცნების“ პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონმდებლობა კრიტიკულად შეაფასა ვენეციის კომისიამ. ეს კანონმდებლობა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ერთი წელია, მაგრამ „ოცნების“ სარჩელისგან განსხვავებით, ამ საქმის განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს არ მოუცლია.

„ოპოზიციური პარტიების გაუქმება ნიშნავს ფაქტობრივად 100 ათასობით მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმებას სასამართლოს ხელით…

ისტორია არ იმახსოვრებს, ვის ჰქონდა კონკრეტულ მომენტში მეტი ძალაუფლება. ის იმახსოვრებს, ვინ რა გააკეთა, როცა ძალაუფლება ჰქონდა.

დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება.

თქვენ გადაწყვეტილებას შეაფასებენ – დაიცავით თუ არა სამართალი მაშინ, როდესაც მისი დაცვა ყველაზე რთული იყო.

პარტია შეიძლება დამარცხდეს, პოლიტიკოსი შეიძლება წავიდეს, მაგრამ სამართალი არ უნდა დამარცხდეს ხელისუფლებასთან ერთად. მადლობა“, – ასე მიმართა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეებს საკუთარი სიტყვის ბოლოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს ე.წ. წულუკიანის კომისიისთვის მიცემული ჩვენებები, სადაც ბევრი რამაა საეჭვო. ფაქტია ის, რომ ამ დასკვნის საფუძველზე არავინ მიუცია პროკურატურას პასუხისგებაში.

საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 28 ოქტომბერს უკვე კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების მოსმენით დაიწყება.

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

___________________

ფოტოზე: ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

ამავე თემაზე:

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

 

 

რატომ არ გამოდგება „ბატასუნას“ აკრძალვა მაგალითად ოპოზიციის აკრძალვის საქმეში – წითლიძის განმარტება

დღეს, 27 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა წითლიძე წარდგა სიტყვით.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელში მოყვანილ რამდენიმე ბრალდებასთან ერთად, ანა წითლიძემ განიხილა ის მაგალითებიც, რომლებზეც „ოცნება“ სარჩელში უთითებს, როგორც ანალოგებზე სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი ასეთი საქმეა „ჰერი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ“.

2003 წელს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ბასკურ პარტიებს, „ჰერი ბატასუნასა“ და „ბატასუნას“, აუკრძალა საქმიანობა. ესპანურმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ ეს პარტიები წარმოადგენდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ETA-ს პოლიტიკურ ფრთას და იზიარებდნენ მის იდეოლოგიას, კონტროლდებოდნენ ამ ტერორისტული ჯგუფის მიერ, რასაც იყენებდნენ დემოკრატიული წესრიგის შესასუსტებლად.

პარტიებმა ესპანეთის სასამართლოების გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრეს და ამტკიცებდნენ, რომ დაირღვა მათი გაერთიანების თავისუფლება. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი. 2009 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა.

ანა წითლიძემ სხდომაზე განმარტა, რატომ არ გამოდგება „ჰერი ბატასუნასა“ და „ბატასუნას“ მაგალითი საქართველოში პარტიების გასაუქმებლად.

„ყველაზე ხშირად მოჰყავთ ესპანეთში „ბატასუნას“ მაგალითი.

მოდით, ვნახოთ, რა იყო ესპანეთში ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი. ეს იყო სეპარატისტული პარტია და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს აკრძალვა ძალაში დატოვა შემდეგი არგუმენტაციით – პარტია პირდაპირ კავშირში იყო ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ETA-სთან, ღიად უარყოფდა ძალადობის დაგმობას, სისტემატურად ამართლებდა და მონაწილეობდა ტერორიზმში. გაცხადებული მიზნები და ამოცანები ჰქონდა და ადამიანის მკვლელობებსა და ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდა“ – განაცხადა ანა წითლიძემ და მოსამართლეებს მიმართა:

„რა შუაშია, პატივცემულო მოსამართლეებო, ამ პარტიების აკრძალვა იმ ბრალდებებთან, რასაც მოსარჩელე მხარე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის არგუმენტად იყენებს, რაც მოსარჩელეს აქვს ბრალდების სახით ამ კონსტიტუციურ სარჩელში. 

რას ამბობს მოსარჩელე სარჩელში? – მოსარჩელე აცხადებს, რომ ძალადობის მხარდაჭერად და წახალისებად ითვლება, არა მხოლოდ პირდაპირი მოწოდება, არამედ ისეთი შემთხვევაც, როდესაც პოლიტიკური პარტია ძალადობის ჩადენის შესახებ სხვა ძალის მოწოდებას პირდაპირ, ნათლად და მყისიერად, საჯარო განცხადებით არ ემიჯნებაო, ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი“.

ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ „ოცნება“ ცდილობს, შექმნას ხელოვნური და სახიფათო პრეცედენტი, თითქოს რომელიმე ოპოზიციური პარტია ვალდებულია, მმართველი ძალის მიერ დაწესებულ დღის წესრიგს აჰყვეს და პასუხი აგოს სხვის განცხადებებზე.

„თუ ძალადობასა და სისტემურ რეპრესიებზეა საუბარი, ძალადობის მონოპოლია ოპოზიციას კი არა, ამ ქვეყანაში აქვს სახელისუფლებო მანქანას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ქუჩაში არბევს და ასისხლიანებს“ – განაცხადა მან.

ანა წითლიძემ ასევე გაიხსენა „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადება – „ნული თანაგრძნობა“ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი დარბევის შემდეგ.

„პოლიტიკური უმოქმედობისთვის ოპოზიციისთვის ბრალის წაყენება არის ავტორიტარული მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის ჩახშობას.

მოდი, მაინც გავყვეთ მოსარჩელის ლოგიკას და ერთ-ერთ მთავარ ბრალდებას, რომ დუმილი არის დანაშაული და ვკითხოთ მოსარჩელის მხარეს, როდის გაემიჯნა გახარიას გავრილოვის ღამეს? – უფრო მეტიც, არათუ არ გამიჯვნიან, პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს.

როდის გაემიჯნნენ ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც ის ძალადობაზე აკეთებდა განცხადებებს და ადამიანებს ასისხლიანებდა ქუჩაში? – არც ერთხელ. უფრო მეტიც ან დუმილის რეჟიმში იყვნენ, ან გამოდიოდნენ და ღიად, საჯაროდ მხარს უჭერდნენ ძალადობას“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მეხუთე დღეა მიმდინარეობს. სხდომა ხვალ, 28 ოქტომბერს, განახლდება.

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

_______________

ფოტოზე: ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში

 

რატომ გაჟღერდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე ოპოზიციის აკრძალვის სხდომაზე

„ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არ გვაქვს, მაგრამ გვექნება“ – „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის 2021 წელს ნათქვამი ეს ფრაზა დღეს, 2026 წლის 27 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ შეახსენა სხდომაზე, სადაც განიხილება „ოცნების“ სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.

დღეს, 27 ოქტომბერს ანა წითლიძემ უპასუხა ბრალდებებს, რაშიც „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. გარდა ამისა, ანა წითლიძემ ჩამოთვალა ის დანაშაულები, რაც მათი პარტიის წინააღმდეგ ჩაიდინეს „ოცნების“ მმართველობის პერიოდში და დღემდე გამოძიებული არ არის.

ენმ-ის ოფისების დარბევისა და სხვა ძალადობრივი ფაქტების გარდა, ანა წითლიძემ დაასახელა ნუგზარ ფუტკარაძის საქმეც.

ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წელს ბათუმის საკრებულოში ენმ-ის კვოტით უნდა შესულიყო, თუმცა არ დასცალდა, იგი გარდაიცვალა და „ნაციონალური მოძრაობა“ ამის მიზეზად მასზე ზეწოლას მიიჩნევს.

„2021 წელს, როდესაც მუნიციპალიტეტებში დაკარგა „ოცნებამ“ იმის შესაძლებლობა, რომ დაეკომპლექტებინა [საკრებულოები], აერჩია თავმჯდომარე და მოადგილეები, მათ დაიწყეს უპრეცედენტო ზეწოლა საკრებულოს წევრებზე.

აქ, ამ ქალაქში, 2021 წელს და საჯაროდ ცნობილი ფაქტებია ეს, გამოქვეყნებული ჩანაწერებით… ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ – „ჩვენ არ გვყავს უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში, მაგრამ აუცილებლად გვეყოლება“, ნუგზარ ფუტკარაძეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ჩანაწერში ჩანს, რომ მას ეუბნებოდნენ და სთავაზობდნენ 100 000 დოლარს იმის სანაცვლოდ, რომ ეღალატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის და ქართული ოცნების მხარეს გადასულიყო, რომ ქართულ ოცნებას ჰქონოდა უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

მან ასევე თქვა, რომ „ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს“, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მას შენიშვნა მისცა, უთხრა, რომ ეს მძიმე ბრალდებაა და სასამართლო ტრიბუნიდან ასეთი ბრალდება აღარ უნდა გაიმეოროს.

ანა წითლიძემ დღეს სხდომაზე აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ „ოცნება“ ენმ-ს ბრალს დებს ისეთ საკითხებში, რაც „ოცნების“ სასამართლოს არ დაუდგენია.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, როცა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა. მაშინ ოპოზიციის წევრებს შორის იყო ნუგზარ ფუტკარაძეც.

2021 წლის 19 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ოცნებას“ ეყოლებოდა უმრავლესობა.

ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ენმ-მ გაავრცელა აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეზე ირიბად ზეწოლას ახდენდნენ, მიანიშნებდნენ, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“ და საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი გამხდარიყო 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე 2021 წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. შსს-ს გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზე არ დაუწყია.

დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ ჰქონია.

მერვე დღე წყლის გარეშე ბათუმში – „ფაქტობრივად ვიხრჩობით“

„მე-8 დღეა და წყალი ისევ არ გვაქვს. ფაქტობრივად, ვიხრჩობით. სასმელ წყალს ბოთლებით ვეზიდებით, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი? ოჯახში ბოთლით მოტანილი წყალი არ გვეყოფა.

ხანდაზმული, ნაოპერაციევი ქალია მეზობლად და ეზოდან უწევს ბოთლებით წყლის ზიდვა, ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? ხან მაღაზიიდან ამოგვაქვს, ხან სოფლიდან ვინც მოდის, იქიდან ეზიდება და ვართ ასეთ გაწამაწიაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ტაოს ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეების საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ტაოს ქუჩაზე იმყოფებოდა და როგორც მერიამ თავად გაავრცელა ინფორმაცია, უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეებს წყლის მიწოდებას დაჰპირდა.

თუმცა, მოქალაქეების თქმით, უკვე 8 დღეა ისევ წყლის გარეშე უწევთ ყოფნა.

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები მერიას სთხოვდნენ, სანამ სისტემა გაიმართება, მანამ მერიამ ცისტერნებით მოამარაგოს მოსახლეობა, თუმცა ასე არ მოხდა. მოქალაქეები დასალევ წყალს ყიდულობენ, საჭმლის მოსამზადებელი და გასარეცხი წყალი კი ისევ არ მიეწოდებათ.

„ტრაქტორები მოიყვანეს და დაიწყეს მუშაობა, მაგრამ რას თხრიან და საიდან მოჰყავთ წყალი, არ ვიცით.

როგორც გვითხრეს, რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე მოიყვანენ წყალს და შემდეგ იქიდან, ჩვენი ხარჯებით უნდა მივიყვანოთ სახლებამდე წყალი.

წინა დღეებში უფრო აქტიურად მუშაობდნენ, ახლა ცოტა შეანელეს მუშაობა. იმედი გვაქვს კიდევ დიდხანს არ მოგვიწევს უწყლოდ ყოფნა და ისე მოიყვანენ წყალს, რომ მოსახლეობა დააკმაყოფილონ“, – გვეუბნება ტაოს ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

მისი თქმით, მდინარე ჭოროხზე, საიდანაც მოსახლეობა აქამდე წყალს მოიპოვებდა [აქ მოსახლეობას ჭაბურღილები ჰქონდა მოწყობილი და ასე ქაცავდა წყალს. ამბობენ, რომ ახლა აჭარისწყალიდან ინერტული მასალების უსასრულოდ მოპოვების გამო წყალი დაიკარგა], დღემდე არ შეწყვეტილა ინერტული მასალების მოპოვება.

მოქალაქეების თქმით, სასმელი წყალიც სწორედ მას შემდეგ დაიკარგა, რაც ჭოროხზე ინერტული მასალების მოპოვება დაიწყეს.

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

დღეს, 27 ოქტომბერს, ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

დღის 3 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი და დამაკმაყოფილებელი.

ამ მონაცემებს ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები აფიქსირებს, რომლებიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე და ცენტრალურ პარკშია განთავსებული.

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სადგურის მონაცემებით, ჰაერში PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ცენტრალურ პარკში განთავსებული სადგურის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

წყარო: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე სააგენტოს მიერ მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც. ამ რეკომენდაციების მიხედვით:

თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა“.

სახელმწიფო კომპანიაში, რომელმაც 2 წელში 17 მილიონი იზარალა, მრჩევლებს 913 ათასი ლარი გადაუხადეს – აუდიტი

სახელმწიფო შპს-ს, „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორის მრჩევლებს ხელფასებში 913 ათასი ლარი გადაუხადეს 2 წელში, მაშინ როდესაც ეს წლები კომპანიამ 17-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

იმ წლებში, როცა კომპანიას დიდი ზარალი მიადგა, „განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის“ კომპანიის თანამშრომლებზე გაიცა ფულადი ჯილდოც – ჯამში 1,58 მილიონი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით „აქტივების მართვის კომპანიაში დირექტორის მრჩევლების დასაქმების და საქმიანობის პრაქტიკა მნიშვნელოვანი ხარვეზებით გამოირჩევა.

მრჩევლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტესობა არ შეიცავს ინფორმაციას მათი კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, რაც არ იძლევა დირექტორის მრჩევლების საქმიანობის შედეგების კონტროლისა და შეფასების შესაძლებლობას“.

ამასთან, „2023-2024 წლებში დირექტორის მრჩევლებისთვის გადახდილმა შრომის ანაზღაურებამ 913 ათას 252 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ვერ დასტურდება მრჩევლების პოზიციების არსებობის საჭიროება, გაწეული ხარჯების ეკონომიურობა, შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მიღწეული შედეგები“ – წერს აუდიტი.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით კი, „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი მუკნიაშვილმა 2024 წელს ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით ხელზე აიღო 105 ათას 472 ლარი, ხოლო მომდევნო 2025 წელს – 107 ათას 372 ლარი.

აუდიტის მიხედვით, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ 2023 და 2024 საანგარიშგებო წლები დაასრულა ფინანსური ზარალით, რამაც ჯამში შეადგინა 17.03 მილიონი ლარი, საიდანაც 15.34 მილიონი ლარის ეფექტი გამოწვეულია შემდეგი არასაოპერაციო ანგარიშებიდან: „ინვესტიციების გაუფასურების ხარჯი“, „მოგება-ზარალი საინვესტიციო ქონების გადაფასებიდან“ და „სხვა მოგება“.

„აქტივების მართვის კომპანიაში“ არ არის უზრუნველყოფილი სამუშაო დროის მართვასა და შრომის ანაზღაურების დარიცხვაზე ზედამხედველობის ეფექტიანი კონტროლის სისტემა, რის გამოც კომპანიის მიერ შრომის ანაზღაურებაზე 2023-2024 წლებში 69 160 ლარის ოდენობის ხარჯი გაწეულია არამიზნობრივად“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აქტივების მართვის კომპანიის თანამშრომლებზე, 2023-2024 წლებში, მატერიალური წახალისების სახით გაცემულმა ფულადმა ჯილდომ ჯამში – 1 589 862 ლარი შეადგინა, საიდანაც 1 165 677 ლარი, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, უკავშირდებოდა განსაკუთრებული როლის შესრულებას კომპანიის ძირითადი ფუნქციების განხორციელებაში, ხოლო 424 185 ლარი – სადღესასწაულო დღეებს.

აქტივების მართვის კომპანიაში არ არის დადგენილი წახალისების გამოყენების წესი, რომელიც განსაზღვრავდა ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს.

„განსაკუთრებული როლის შესრულებისთვის თანამშრომლებზე გაცემულ ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით, კომპანიამ ვერ წარმოადგინა დასაბუთება.

სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათები არ მოიცავს ინფორმაციას წახალისებისთვის წარდგენილი თანამშრომლების მიერ შესრულებული კონკრეტული როლის შესახებ.

წახალისების გამოყენების წესის, მკაფიო კრიტერიუმებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების არარსებობა მიუთითებს თანამშრომელთა წახალისების მექანიზმების არაგამჭვირვალე ხასიათზე. აღნიშნული ზრდის ფულადი ჯილდოს სუბიექტურად განსაზღვრის და ფინანსური რესურსების არაეკონომიურად და არაეფექტიანად გამოყენების რისკს“ – წერს აუდიტი.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ასევე სახელმწიფო კომპანიის მიერ სხვადასხვა დარღვევებსა და ნაკლოვანებებზე, მათ შორის:

  • არარაციონალურ სახელმწიფო შესყიდვებზე – შპს „თბილი სახლისთვის“ არაეკონომიურად ანაზღაურებულია 1 258 134 ლარი;
  • შემზღუდავ სატენდერო მოთხოვნებზე – ქუთაისში, ყოფილი საპარლამენტო კომპლექსის შენობებში განთავსებული აგრეგატების ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების მომსახურების სამუშაოებთან დაკავშირებით, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, სადაც პრეტენდენტებისგან მოთხოვნილი იყო შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების, მინიმუმ, 500% შესრულების გამოცდილება… „აქტივების მართვის კომპანიას“ უნდა მოეთხოვა მსგავსი გამოცდილების შესრულების 180%-დან 270%-მდე მაჩვენებელი. აღნიშნული მიდგომით, სატენდერო პირობა იქნებოდა ნაკლებად შემზღუდველი, რაც ხელს შეუწყობდა კონკურენტული გარემოს შექმნას.
  • შესყიდვის კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებულ შესყიდვაზე – „აქტივების მართვის კომპანიამ“ შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა ფიზიკური პირი, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, 25 510 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ქმედებით, უგულებელყოფილია შესყიდვების კანონმდებლობის სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები.
  • სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების ნაკლოვანებებზე – საშემფასებლო-აუდიტორული მომსახურების ტენდერით მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტს უნდა ჰყოლოდა შესაბამისი გამოცდილების მქონე, მინიმუმ, სამი თანამშრომელი. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნის გარეშე ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა პირი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობას.

რაც შეეხება ავტომობილებსა და საწვავის ხარჯს, აუდიტი აღნიშნავს, რომ „აქტივების მართვის კომპანიის“ ბალანსზე 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა 14 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც ექვსი ერთეულით აჭარბებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს. ზემოხსენებულ ექვს ავტომობილზე კი 2023-2024 წლებში გახარჯულია მინიმუმ 72 436 ლარის ღირებულების – 23 495 ლიტრი საწვავი. ავტოპარკში დადგენილზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობა წარმოშობს არაეკონომიური ხარჯების გაწევის რისკს“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით „აქტივების მართვის კომპანიაში“, 2023 წელს, ხელშეკრულებით ერთდროულად დასაქმებული იყო დირექტორის ათი მრჩეველი, ხოლო 2024 წელს − ცხრა მრჩეველი. ამასთან აუდიტი ანგარიშის შენიშვნებში დირექტორის მრჩევლებთან დაკავშირებით წერს, რომ „აღნიშნული პოზიციები 2025 წლის 1 ნოემბრიდან არაანაზღაურებადია“.

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“, რომელსაც შვილობილი კომპანიებიც გააჩნია, 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.

„აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ საქმიანობა მოიცავს მის საკუთრებაში არსებული აქტივების მართვასა და იჯარით გაცემას; სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას; ასევე „საზოგადოებრივი და პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით მობილური ოპერატორების მოთხოვნის საფუძველზე კავშირგაბმულობის ზონების გაზრდის ხელშეწყობას“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „აქტივების მართვის კომპანია“ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 113 219 980 ლარის ღირებულების საინვესტიციო ქონებას ფლობდა.

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 2023-2024 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„თქვენი რეპორტაჟის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაგვიწმინდეს“ – მოქალაქეები დადიანის ქუჩიდან

„შევთანხმდით შუალედურზე. ხვალ მოგვივა კორექტირებული პროექტი და დავიწყებთ მუშაობას“ – წერს კომპანია „ურბან გარდენის“ წარმომადგენელი თემურ სახამბერიძე „ბათუმელებს“.

საქმე ეხება მდინარე ყოროლისწყალზე დამცავი ჯებირის მშენებლობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში სამუშაოები შეჩერებული იყო. ამის გამო, მდინარის მიმდებარედ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ სამუშაოები უსაფრთხოების დაცვის ნორმების გარეშე მიმდინარეობდა, მდინარის კალაპოტი კი სავსე იყო მიწით, რაც მდინარის შეგუბებას და სავარაუდოდ, დატბორვას გამოიწვევდა.

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ პირდაპირი ეთერი, ე.წ. ფეისბუქლაივი ჩართო ამ სანაპიროდან, რეპორტაჟის შემდეგ, როგორც მოსახლეობა გვეუბნება, მდინარის კალაპოტი გაწმინდეს, თუმცა სამუშაოები მაინც არ განახლებულა.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელიც იყო ზედამხედველი უწყება, კომპანიისგან მოითხოვდა ბეტონის მარკიანობის შემოწმებას ყინვაგამძლეობაზე, რასაც კომპანია ვერ უზრუნველყოფდა და სწორედ ამის გამო ვერ ანახლებდნენ სამუშაოებს მდინარის კალაპოტში.

„მიმითითეს, რომ ბეტონის მარკიანობა უნდა იყოს 200 [ახლა არის 30 მარკა], უნდა იყოს წყალშეუღწევადი, ყინვაგამძლე, რომლის ტესტირებასაც სჭირდება 90 დღე.

მე რომ დღეს ბეტონს ჩავასხამ და აქედან 90 დღე ამის ტესტირებას დაველოდები, ამის საშუალება მე არ მაქვს და არა მგონია, სხვა ვინმემაც რომ იმუშაოს.

არ გვიწერენ ხელს მიღება-ჩაბარებაზე და არც თანხას გვირიცხავენ ბოლო ეტაპის, სანამ არ მივიტანთ სამხარაულის დასკვნას მერიაში ბეტონის ყინვაგამძლეობაზე, თან ყოველ ჩასხმაზე, რაც ითხოვს სამ თვეს“, – ამბობდა თემურ სახამბერიძე „ბათუმელებთან“.

დღეს, 27 ოქტომბერს კი, კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ სამხარაულის ბიუროსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სამუშაოებს ხვალ, ანუ 28 ოქტომბერს განაახლებენ.

კომპანიის წარმომადგენელი საუბრობდა მერიის მხრიდან 400 000 ლარის დავალიანებაზეც, რაზეც თემურ სახამბერიძე ამბობს, რომ შეთანხმებას ამ საკითხზეც მიაღწიეს.

_______________

ამ თემაზე:

რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?

„ამ გადაწყვეტილებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ლევან იოსელიანს“- განცხადება

26 ორგანიზაცია, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობენ, სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი განცხადებით, „ხელისუფლებას შეუძლია გააუქმოს დეპარტამენტები, შეცვალოს კანონები და მოშალოს წლების განმავლობაში შექმნილი ინსტიტუციები, მაგრამ ამით ვერ გააუქმებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი შექმნისთვის იბრძოლეს და დღემდე აგრძელებენ ქალთა უფლებების დაცვას“.

განცხადებში ასევე ვკითხულობთ, „2026 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რეორგანიზაციის ეგიდით გააუქმა გენდერის დეპარტამენტი. ჩვენ, ქალთა უფლებებზე მომუშავე პროფესიონალები და ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ გადაწყვეტილებას.

ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება თანმიმდევრულად აუქმებს გენდერული თანასწორობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს, სახალხო დამცველის მიერ გენდერის დეპარტამენტის გაუქმება ვერ შეფასდება აპარატის ოპტიმიზაციად ან მხოლოდ შიდა ადმინისტრაციულ ცვლილებად.

ბოლო წლებში გაუქმდა გენდერული კვოტები, კანონმდებლობიდან წაიშალა სიტყვა „გენდერი“, დაიშალა შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები, ხოლო რეპრესიული კანონების შედეგად უკიდურესად შეიზღუდა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობები.

სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში უნდა იყოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი და პრინციპული.

როდესაც ხელისუფლება გენდერული თანასწორობის ინსტიტუტებს აუქმებს, სახალხო დამცველის მოვალეობაა მათ დასაცავად იბრძოლოს და არა თავად შეუერთდეს ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოშლის პროცესს.

გენდერული თანასწორობის საკითხების სხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება ვერ ჩაანაცვლებს სპეციალიზებულ ცოდნას, მგრძნობელობასა და ინსტიტუციურ მეხსიერებას. პირიქით, დეპარტამენტის გაუქმება ასუსტებს კოორდინაციას, ანგარიშვალდებულებასა და გენდერულ საკითხებზე ინსტიტუციურ ფოკუსს. არსებობს საფრთხე, რომ ის, რაც თითქოს ყველას პასუხისმგებლობად გადანაწილდა, საბოლოოდ არავის უშუალო პასუხისმგებლობა აღარ აღმოჩნდეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში სიტყვა „გენდერი“ საერთოდ არ არის ნახსენები.

ამ გადაწყვეტილებაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ომბუდსმენის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ინსტიტუციურ გარანტიებს ასუსტებს. სწორედ ამიტომ, გენდერის დეპარტამენტის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ მხოლოდ ფორმალურ ადმინისტრაციულ განმარტებას.

ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების გენდერული ნიშნით შესწავლას, ცალკეული საქმეების მიღმა სისტემური პრობლემების დანახვასა და სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულ მონიტორინგს.

მოვითხოვთ:

  • ლევან იოსელიანი პირადად შეხვდეს ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს და პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს.
  • გასაჯაროვდეს რეორგანიზაციის საფუძვლად გამოყენებული შეფასებები და დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებს გენდერის დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობას.
  • საჯაროდ განიმარტოს, ვის გადაეცა დეპარტამენტის ფუნქციები, როგორ შენარჩუნდება სპეციალიზებული ექსპერტიზა და ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე.
  • გადაიხედოს დეპარტამენტის გაუქმების გადაწყვეტილება და შენარჩუნდეს ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი, სპეციალიზებული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური მექანიზმი.

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმები საქართველოში ათწლეულების ბრძოლის შედეგად შეიქმნა. მათი გაუქმება მყისიერად მოხდა, აღდგენას კი კვლავ წლების ბრძოლა დასჭირდება. სწორედ ამიტომ თითოეული ასეთი დანაკარგი განსაკუთრებით მძიმეა.

ხელისუფლებას შეუძლია გააუქმოს დეპარტამენტები, შეცვალოს კანონები და მოშალოს წლების განმავლობაში შექმნილი ინსტიტუციები, მაგრამ ამით ვერ გააუქმებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათი შექმნისთვის იბრძოლეს და დღემდე აგრძელებენ ქალთა უფლებების დაცვას.

ჩვენ აქ ვართ და არ ვაპირებთ ჩუმად ვუყუროთ ათწლეულების ბრძოლის შედეგად მიღწეულის განადგურებას.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გრძელდება!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ქალთა მოძრაობა

საფარი

ქალები საქართველოდან

უფლებები საქართველო

Grlzwave

მედია ცენტრი კახეთი (MCK)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

რაჭის სათემო ორგანიზაცია

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

თბილისი პრაიდი

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ასოციაცია „სოციალური ქოლგა“

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ააიპ უხუცეს ქალთა საბჭო

მწვანე ალტერნატივა

ქალთა ფონდი „სოხუმი“

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

ასოციაცია „მერკური“

თანასწორობის მოძრაობა

ფონდი ტასო.

ვინ არის სერგო მეთოფიშვილი – მოსამართლე, რომელიც ოპოზიციის აკრძალვის საქმეს განიხილავს

სერგო მეთოფიშვილისთვის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე პირველია, რომელსაც ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის რანგში განიხილავს.

65 წლის მეთოფიშვილი 17 წელია, რაც მოსამართლეა. თუმცა, საკონსტიტუციოს მოსამართლეთა კოლეგიას ცოტა ხნის წინ, 23 სექტემბერს შეუერთდა.

საკონსტიტუციოს მოსამართლედ არჩევიდან ზუსტად ერთ თვეში, 23 ოქტომბერს მეთოფიშვილი თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას მოადგილედ აირჩიეს.

იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან ქართული სასამართლო სისტემის მუშაობას, მეთოფიშვილს ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებენ.

„ბათუმელებმა“ მოკლედ შეაჯამა სერგო მეთოფიშვილის პროფესიული საქმიანობა და საჯარო განცხადებები.

  • მოსამართლე, რომელმაც გაასაჩივრა საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება

სერგო მეთოფიშვილი იყო იმ ოთხ მოსამართლეს შორის, რომლებმაც სასამართლოში გაასაჩივრეს თავიანთი ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების პროცედურა. მეთოფიშვილის გარდა საჩივარი დაწერა აშშ-ის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ. ასევე ორგანიზაციების მიერ კლანის წევრად მიჩნეულმა კიდევ ერთმა მოსამართლე ვასილ მშვენიერაძემ.

ანტიკორუფციული ბიურო (2026 წლიდან ეს უწყება გაუქმდა და მისი ფუნქციები აუდიტის სამსახურმა შეითავსა) ყოველწლიურად ამოწმებდა თანამდებობის პირთა ნაწილის ქონებრივ დეკლარაციებს. თუ ვისი დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო ყოველ წელს, სპეციალური ელექტრონული პროგრამა შემთხვევითი შერჩევის წესით არჩევდა. 2024 წელს უწყების ბაზაზე შექმნილ დამოუკიდებელ კომისიას 300 პირის შესწავლა დაევალა. მათ შორის იყო 27 მოსამართლე.

სერგო მეთოფიშვილი

მეთოფიშვილმა, მურუსიძემ, ჩინჩალაძემ და მშვენიერაძემ მათი ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, სასამართლომ კი მათი საჩივარი დააკმაყოფილა. კოლეგების დეკლარაციების შემოწმება გააჩერეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა მოსამართლეებმა – ლეილა ფოლადიშვილმა, ვალერიან ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა.

„კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე“ – ეწერა IDFI-ის განცხადებაში.

სწორედ IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) იყო ამ ინფორმაციის პირველწყარო. სერგო მეთოფიშვილმა ორგანიზაციის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას „ჭიქაში ქარიშხლის ატეხა“ უწოდა, ხოლო მედიას, ვინც ეს ამბავი გააშუქა – ანგაჟირებული.

მეთოფიშვილი მაშინ ამტკიცებდა, რომ „არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია“, დეკლარაციების შემოწმების გაჩერება კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ ვერ ხვდება რატომ შეარჩიეს შესამოწმებლად მაინცადამაინც მისი დეკლარაცია. მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებული კომისია დაუსაბუთებლად არჩევდა კონკრეტულ მოსამართლეებს. უფრო მეტიც, მეთოფიშვილი ამბობდა, რომ კომისიისთვის მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის გადაცემით შესაძლოა დარღვეულიყო კონფიდენციალურობა – „ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში!“.

ამავე კონტექსტში მეთოფიშვილმა ახსენა რუსული კანონი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო. მისი თქმით, „უცნაურია“ არასამთავრობო სექტორის ლოგიკა, რომელიც მოსამართლეებს მისი შეფასებით, „აბსოლუტურად დაუსაბუთებლად“ სდებენ ბრალს თითქოს ქონებრივი მდგომარეობის შემოწმებას გაურბიან – „თავად კი რამდენიმეგვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“.

  • რა წერია სერგო მეთოფიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში

სერგო მეთოფიშვილის ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს რამდენიმე თვის წინ, 2026 წლის მაისში გამოქვეყნდა. მაშინ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანას Toyota aqua-ს ფლობს, რომელიც წლის დასაწყისში, 3-წლიანი განვადებით შეიძინა. რაც შეეხება, საცხოვრებელს, მისი ცოლი, დიანა მეთოფიშვილი ფლობს ორ, დაახლოებით 43-43 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. დიანა მეთოფიშვილმა მემკვიდრეობით მიიღო კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრეა 7 სხვა პირთან ერთად.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მეთოფიშვილს სახელფასო ანგარიშზე მხოლოდ 4 ლარი და 40 თეთრი ჰქონდა, ხოლო დანაზოგის სახით – 15 000$. მის ცოლს, დიანა მეთოფიშვილს სახელფასო ანგარიშებზე ჯამში 2000-ზე მეტი ლარი ჰქონდა, დანაზოგის სახით კი –  12 000$.

  • წინააღმდეგობა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე

სერგო მეთოფიშვილი იყო იმ მოსამართლეთა შორის, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ე.წ. ვეტინგის, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შეფასების მექანიზმის დანერგვას.

მეთოფიშვილმა, რომელიც ზოგადად არ გამოირჩევა საჯარო აქტიურობით, 2024 წელს სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და არაკოლეგიალობაში დაადანაშაულა ის მოსამართლეები, რომლებიც „ვეტინგის“ დანერგვას ემხრობოდნენ. მისი არგუმენტები და შეფასებები უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

აღსანიშნავია, რომ როცა მეთოფიშვილმა საკუთარი დეკლარაციის შემოწმება გაასაჩივრა, სწორედ ვეტინგის მომხრეთა არგუმენტი გამოიყენა.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ჩვენი ოპონენტების ლოგიკა: თუ არსებული მექანიზმი არაფრისმომცემია და აუცილებელია ე.წ. ვეტინგის შემოღება მოსამართლეთათვის, მაშინ რატომაა ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი „არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ“, – წერდა მაშინ მეთოფიშვილი.

  • NGO-ების კრიტიკა

2019 წელს, როცა მეთოფიშვილი ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ არსებობს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ, ასევე გამოყენებულია ტერმინი „კლანი“ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის აღსაწერად.

სერგო მეთოფიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამგვარი შეფასებების გამო გააკრიტიკა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი პოლიტიზებასა და „ჭორების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

„ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებს და სხვა პოლიტიზებული NGO-ების […] ეს არის ჭორების შეგროვება, კვლევა ამას არ ჰქვია, ეს არის Fake ანგარიშები, ვგულისხმობ NGO-ებს, რასაც გიგაური [ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე“], სალაძე [სულხან სალაძე – საია-ის მაშინდელი თავმჯდომარე] და სხვები შვრებიან“, – განაცხადა მაშინ მეთოფიშვილმა პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-ის ეთერში.

  • დისკრიმინაციული განცხადება

სანამ მეთოფიშვილი იმის მტკიცებას დაიწყებდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ქართული მართლმსაჯულების შესახებ „ჭორები“ და „ფანტაზიები“ ეწერა, თავგამოდებით იცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკვეთით ჩატარებულ კვლევას  სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ. ამ პერიოდში მეთოფიშვილი თავადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

ამ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი სასამართლოს ენდობოდა და მის დამოუკიდებლობაში ეჭვი არ ეპარებოდა. საზოგადოების ნაწილმა კვლევის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. კრიტიკას მეთოფიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ერთ კონტექსტში მოიხსენია „უღირსი მატყუარები“ და „ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები“.

„[…] ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ უნამუსო და უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათოლოგიებით“, – დაწერა მეთოფიშვილმა, რომელიც იმ დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

უფლებადამცველი ორგანიზაციების გაერთიანებამ, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მეთოფიშვილი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაღრმავებაში დაადანაშაულა და მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება მოითხოვა. მართალია, მეთოფიშვილის განცხადებას რაიმე დისციპლინური წარმოება არ მოჰყოლია, მაგრამ ხმაურის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი ჩაასწორა და სადავო სიტყვები წაშალა.

  • პროკურორობიდან მოსამართლეობამდე

სერგო მეთოფიშვილმა მართლმსაჯულების სისტემაში კარიერა წალკის რაიონში, პროკურორის თანაშემწედ მუშაობით დაიწყო. მაშინ ის 26 წლის იყო. წალკის შემდეგ ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ახალციხის, ახალქალაქისა და დმანისის პროკურატურაში.

მას მუშაობის გამოცდილება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც – 2007-2009 წლებში იყო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.

2009 წლიდან ის მოსამართლე ხდება ჯერ გორის რაიონულ, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოებში. ის თანამდებობაზე ყოფნას აგრძელებს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც – 2016 წელს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. გასულ წელს მან თბილისის საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა, ერთი წლის შემდეგ კი მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შეუერთდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 581 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 448 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 609 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 51 653 ერთეული [+21]
  • MLRS – 2 241 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 727 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 584 252 ერთეული [+1 794]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 025 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 167 472 ერთეული [+232]
  • სპეცტექნიკა – 4 859 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ ვორონეჟს დაესხნენ თავს

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა თავდასხმა რუსეთის ქალაქ ელეცში მდებარე სამხედრო საწარმოზე

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა

„ოპოზიციის აკრძალვის საქმეზე“ 26 ოქტომბრის სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის ბოლო, მე-14 შუამდგომლობაზე საუბრით დაიწყო.

26 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ეს დასაშვებად მიიჩნია „ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ სასამართლოს წინა სხდომაზე.

ამ პროცესის მიმდინარეობისას ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციომ ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიის შუამდგომლობა. 

საუბარია მოწმეების სახით ბიძინა ივანიშვილის და მისი დაჯგუფების წევრების სასამართლოში წარმოდგენაზე, მათზე, რომლებმაც, მაგალითად, 20 ივნისის აქციის შემდეგ გახარიას გაპრემიერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება და აქებდნენ მას. პლენუმის გადაწყვეტილებით, საქმეს უნდა დაერთოს მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი მასალები, ანუ საჯაროდ გავრცელებული კომენტარები და განცხადებები. „ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვაზე კი, საკონსტიტუციოს პლენუმმა ერთხმად უარი თქვა.

რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ის დაასახელა, რომ „ოცნება“ გახარიას რომ მხარს უჭერდა და, მათ შორის, ჩორჩანას ეპიზოდის შემდეგ გახარია პრემიერი გახდა, ეს „შემდგარი, უდავო ფაქტია“, რასაც მოწმე არ სჭირდება.

ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვის წინა დღეებისგან განსხვავებით, 26 ოქტომბერს პროცესზე საგრძნობლად შემცირდა დამსწრეთა რაოდენობა – სასამართლოს დარბაზში ხალხი განახევრდა. აღარ ჩანან არც „ოცნების“ აქტივისტები.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელმა მოსამართლემ, ვასილ როინიშვილმა ისაუბრა საქმის ძირითად გარემოებებზე, რასაც სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. შემდეგ კი ტრიბუნა არჩილ გორდულაძემ დაიკავა – დეპუტატმა „ოცნების“ პარლამენტიდან.

გორდულაძემ დასაწყისშივე ივანიშვილის პარტიის რიტორიკას არ უღალატა და „ევრობიუკრატია“ და ვენეციის კომისია გააკრიტიკა – უკრაინასა და მოლდოვაშიც აკრძალეს პარტიები, მაგრამ არც ერთ შემთხვევას არ გამოხმაურებიან, მარტო საქართველოში ამჩნევენ პარტიების აკრძალვასო.

იმის საილუსტრაციოდ, რომ თითქოს ხუთივე პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ეს პარტიები „ერთიანი სტრატეგიით“ მოქმედებენ, „არჩევნების დისკრედიტაციას ახდენენ“, და, ასევე, „დასავლეთს სანქციების დაწესებას სთხოვენ“.

თუ არჩევნები გაყალბდა, სხვა რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, თუ არა პროტესტი ერთიანი სტრატეგიით? – ამაზე გორდულაძეს არაფერი უთქვამს.

გორდულაძეს არ დაუსაბუთებია, რატომაა, მაგალითად, ოპოზიციის ერთიანი სტრატეგიით მოქმედება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„ოცნება“ ძველ თუ ახალ პარტიებს ედავება იმასაც, რომ ისინი არ გაემიჯნნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სისტემურად ჩადენილ დანაშაულებს, ან, მაგალითად, ალეკო ელისაშვილს, რომელიც ტერორიზმის მუხლით უკვე გაასამართლეს.

„დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამო“, ამ დროს სიტყვა „რეჟიმის“ ხსენების გამო მაშინ არავინ დაუჯარიმებიათ, ან დაუპატიმრებიათ…“, – ასე დაიწყო თავისი სიტყვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ზაზა ბიბილაშვილმა, პირველ რიგში, ისაუბრა იმაზე, რომ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების და მთავრობის კრიტიკის გამო ოპოზიციის აკრძალვა სამართლებრივი აბსურდია.

მან პლენუმს მოსამართლე მანანა კობახიძის თვითაცილების შუამდგომლობა გაახსენა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ კობახიძემ სასამართლო დატოვა. მანანა კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზეც მუშაობდა, მაგრამ სასამართლოს არ დაუნახავს მანანა კობახიძის თვითაცილების საფუძველი.

„თქვენ სარჩელს პასუხობთ, თუ ჩვენ გვაკრიტიკებთ?… თქვენ ირიბად შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს,“- მიმართა ოპოზიციონერს პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, შედეგი იქნება ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“- ზაზა ბიბილაშვილმა „ოცნების“ სარჩელის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება – ჩანაწერზე, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში პრაქტიკულად საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ანუ საქართველოა დადანაშაულებული.

თუმცა აქ არა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მაშინ შეაჩერა, როცა მან „საქართველოში ერთი ადამიანის მიერ მიტაცებულ ძალაუფლებაზე“ ისაუბრა: „საქართველოში უკვე დამხობილია კონსტიტუციური წყობილება“, – პლენუმს მიმართა ზაზა ბიბილაშვილმა, ხოლო როცა რევაზ ნადარაიამ უთხრა, თავი შეიკავეთო, ოპოზიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ „კონკრეტულ ანგარიშებს ციტირებს“ და მას ამის უფლება აქვს.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს შეახსენა, სადაც ახლა სხედხართ, წლების წინ ამ შენობაში ასლან აბაშიძე იჯდა, არ ექვემდებარებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ჩვენ რომ არ გვემოქმედა, აქაურობას ალბათ რუსული ჯარი დაიცავდაო.

მან აჭარა, ჯავახეთი, პანკისი და სვანეთი სხდომაზე იმ კუთხით ახსენა, რომ ენმ-მ ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია კი არა, სწორედ წინა ხელისუფლებამ შეძლო კონკრეტული რეგიონების რეინტეგრაცია, შემომტკიცება და რეალური განვითარებაო.

„როცა „ოცნება“ აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოხდა, ეს სიცრუეა… ოკუპაცია დაიწყო 1992-93 წლებში, როცა მოხდა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია სრულად და აფხაზეთი, სადაც მომხდარი ეთნოწმენდად შეაფასეს საერთაშორისო ინსტიტუტებმა…,“- აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი – „ოცნების“ მორიგ ბრალდებაზე გადაერთო ზაზა ბიბილაშვილი.

„ვარდების რევოლუციამდე“ იყო შეკვეთილი მკვლელობები: ასათიანი, სანაია… შეკვეთილი მკვლელობები არის დღესაც, ფარცხალაძე არ მინდა ვახსენო, მაგრამ იგივე ლევან კაჭარავას საქმე…“- თქვა ზაზა ბიბილაშვილმა და რამდენიმე ცვლილება გაიხსენა, რამაც ადამიანების ცხოვრება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რადიკალურად შეცვალა: შუქის პრობლემის მოგვარებიდან დაწყებული, საჯარო რეესტრის რეფორმით დასრულებული.

ზაზა ბიბილაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა პრეცედენტი ამ ქვეყანაში პირველად, არჩევნების გზით წასულიყო ხელისუფლებიდან მმართველი პარტია.

„ვინ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას?“ – შეკითხვა დასვა და „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს გახედა ზაზა ბიბილაშვილმა.

მან „ოცნების“ მიერ ელჩებზე თავდასხმები გაიხსენა: „ელჩი ხომ ისედაც უცხო ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ ესენი ასე გვიყვებიან: აი, უცხო ქვეყნის ელჩებისგან მიიღეს ინსტრუქციაო… არადა, იმ დღეს ნიკოლოზ სამხარაძე („ქართული ოცნება“) შეხვდა უცხო ქვეყნის 2 ელჩს…“, – მახვილი ბიბილაშვილმა „უცხოზე“ დასვა.

მან ეუთოს კრიტიკული შეფასებაც გაახსენა „ოცნების“ დეპუტატებს, პარტიების აკრძალვის საქმეზე.

„თურმე, ეუთოს შეფასება „გაუგონარი ამბავია“ და „ზეწოლა ხდება სასამართლოზე“, ამ დროს ირაკლი კობახიძე ამბობს: დღეების საკითხია მხოლოდ პარტიების საბოლოო აკრძალვამდეო“,- აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ეს არ ეხება სარჩელზე პასუხს“,- ირაკლი კობახიძის ხსენების დროსაც შეაჩერა რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს შეახსენა, რომ მოპასუხე თავად განსაზღვრავს, რა ფორმით წარმოადგენს შესაგებელს და რაზე გააკეთებს აქცენტს.

მან ზაზა ბედუკაძეც გაახსენა „ოცნების“დეპუტატებს, რომელიც 2012 წელს ციხის კადრების შემდეგ მოსკოვში დააჯილდოვეს, შემდეგ კი, დადასტურდა, რომ ციხის ცნობილ კადრებში ბევრი რამ იყო დადგმული.

ზაზა ბიბილაშვილმა გაიხსენა 2012 წლის 30 სექტემბრის შემთხვევაც – არჩევნების წინა ღამით, კახეთში, ქვევრში დაღუპული 9 თვის ჩვილი, ბარბარე რაფალიანცი იპოვეს. მაშინ ეს საქმე „ოცნებამ“ ორგანიზებულად გამოიყენა პროტესტისთვის, თავად საქმე კი, 14 წლის შემდეგაც, გამოძიებული არ არის.

„ოცნების“ ანტიკონსტიტუციურობას ხომ არ განვიხილავთ?… ჩვენც ცუდები ვართ, თქვენც ცუდები ხართ – ეს იქნება მიზანს აცდენილი ისრები“,- ენმ-ს წარმომადგენელს ამჯერად მოსამართლე ევა გოცირიძე გამოეპასუხა რეპლიკით.

„ეს ქალი მიყვარს,“- წამოიძახეს დარბაზიდან.

ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, შევამცირებ ჩემს სიტყვასო, თუმცა მაინც ჩამოთვალა რამდენიმე საქმე: მაგალითად, როგორ გაათავისუფლეს ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე რეალურად რუსეთის აგენტი – სკრილნიკოვი, თანაც პოლიტპატიმრის სტატუსით, როგორ სცემენ და სდევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს ახალ საქართველოში, როგორ გამოიყენეს დავით გარეჯის თემა წინასაარჩევნოდ, მაგრამ „კარტოგრაფების საქმე“ არც კი გამოუძიებიათ, გარეჯში მოსანახულებლად შესვლა კი უკვე პრობლემაა… ჩამოაქციეს საყდრისი და გელათი…

„საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს საგამოძიებო ორგანოებს. ფაქტების დადგენა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაა,“ – ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე ვრცლად ისაუბრა ზაზა ბიბილაშვილმა.

„წულუკიანის დასკვნა“ „ოცნების“ სარჩელის მთავარი მტკიცებულებაა ოპოზიციის გაუქმების საქმეში. ბიბილაშვილი კი, ამბობს, წულუკიანის კომისიის სხდომაზე „არ გაჟღერებულა არც ერთი სამართლებრივი ღირებულების მქონე ფაქტი“ და ასეთი რომ გაჟღერებულიყო, კომისიის დასკვნას საგამოძიებო ორგანოს გადაუგზავნიდნენ.

„ეს სიცრუეა. კომისიის დასკვნა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებისთვის,“ – ამბობს არჩილ გორდულაძე, „ოცნების“ დეპუტატი, თუმცა ის ვერ ამბობს, საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნის შემდეგ რა ბედი ეწია დასკვნას, იქ თუ გაჟღერდა „სამართლებრივი ღირებულების ფაქტი“.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს შეახსენა ისიც, რომ ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა – რაშიც „ოცნება“ ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ – სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ერთი საქმეა მხოლოდ ამ მუხლით ბოლო წლების განმავლობაში – „კარტოგრაფების საქმე“ და ისიც თაროზეა შემოდებული. ამიტომაც, ამ დასკვნაში რასაც ვკითხულობთ, არის მხოლოდ ბელეტრისტიკა,“ – დასძინა ზაზა ბიბილაშვილმა.

„იქ კონკრეტულ განაჩენებიცაა მითითებული, ამასაც უარყოფთ?“ – მოსამართლე ევა გოცირიძემ მიმართა ზაზა ბიბილაშვილს.

„საბითუმო დასკვნაა აკინძული…,“ – აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა და როცა შენიშნა, რომ მოსამართლე ევა გოცირიძე ვასილ როინიშვილს ეჩურჩულებოდა, „ხომ არ დაიღალეთო“ – მოსამართლეებს ჰკითხა.

„რას ნიშნავს, ხომ არ დაიღალეთ?“ – შეკითხვა გააპროტესტა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ და დასძინა, თქვენც ხანდახან გადაელაპარაკებით ერთმანეთს და ამას არ ვიმჩნევო.

„ჩვენ თუ არ ვუსმენთ, ეს ჩვენი, მოპასუხე მხარის პრობლემაა, თქვენ თუ არ უსმენთ, ეს ქვეყნის პრობლემაა, ესაა განსხვავება,“ – რეპლიკით ისარგებლა ზაზა ბიბილაშვილმა.

საუბრის ბოლოს ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეებს ევროპული პრაქტიკა შეახსენა, რომლის მიხედვითაც პარტიის აკრძალვისთვის „მყისიერი საზოგადოებრივი საფრთხე“ უნდა არსებობდეს.

„ეს მყისიერი საფრთხე არ არსებობს, აგერ, ირაკლი კობახიძე ამბობს, განულებული არიანო, განულებულ ოპოზიციას კრძალავენ… იმოქმედეთ ისე, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ თქვენი შვილები, როგორც გინდათ, რომ შეხვიდეთ ისტორიაში. იმოქმედეთ იმ სტანდარტით, რომლითაც გინდათ, რომ მოგექცნენ, ვინც მოვლენ თქვენ შემდეგ…

„ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის შედეგად ქართულ საზოგადოებაში გეომეტრიული პროგრესიით მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლევის მომხრე არიან, მხარს უჭერენ იმას, რომ მომავალში ყველა მათ მიერვე დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით და პრეცედენტებით იქნას განკითხული პოლიტიკური თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ იმ ე.წ. მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ჩვენმა მტერმა, რუსეთის ფედერაციამ მოგვაქცია“, – ასე დაასრულა თავისი შესაგებელი ზაზა ბიბილაშვილმა.

„კორექტულად-თქო, მე გითხარით… თქვენი მომართვა როგორ აღვიქვათ, ზეწოლის მცდელობად? რას ემსახურებოდა ეს მომართვა?“ – ზაზა ბიბილაშვილს მიუბრუნდა რევაზ ნადარაია.

„მე რა ბერკეტი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა განვახორციელო?“ – მხრები აიჩეჩა ზაზა ბიბილაშვილმა.

„თქვენი მორალის წაკითხვა არავის არ სჭირდება,“ – თქვა განაწყენებულმა რევაზ ნადარაიამ.

სხდომა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 27 ოქტომბერს, დღის 12 საათიდან განახლდება.

ნახეთ ამავე თემაზე: 

 

2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება – რა სამართლებრივ საფრთხეებს შეიცავს საკონსტიტუციო სარჩელი

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს ხელისუფლების 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში დადანაშაულებას კატასტროფული სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში,“ – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის მკვლევარი, აკაკი ბერიძე წერს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მეოთხე დღეა განიხილავს საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

სასამართლოში ამ ეტაპზე სულ 4 ამიკუსია შესული, კვალიფიციური იურისტები სასამართლოს საკუთარ მოსაზრებას უზიარებენ და დეტალურად ხსნიან, რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყანას პოლიტიკური პარტიების აკრძალვა.

23 ოქტომბერს ამიკუსი წარადგინა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, აკაკი ბერიძემ.

აკაკი ბერიძის ამიკუსში კონსტიტუციური სარჩელის მხოლოდ ის ნაწილია შეფასებული საერთაშორისო სამართლის კუთხით, რომელიც ეხება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებს და 2008 წელს საქართველოს სახელით მოქმედი საქართველოს ხელისუფლების (საქართველოს) დადანაშაულებას შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში.

ამიკუსის ავტორი თვლის, რომ თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს, ანუ დაადანაშაულებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას (პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლად) და დასდებს საქართველოს ბრალს – „ომის დაწყებაში“, “ომის პროვოცირებაში“, ამით საქართველოს დაუდგება პოტენციური, შეუქცევადი და დამანგრეველი ზიანი.

„პირველი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად დაადგენს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ეს საერთაშორისო სამართლებრივ ენაზე იქნება აღიარება და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ცალმხრივი დეკლარაცია.

ამგვარი გადაწყვეტილება ააქტიურებს Estoppel-ის პრინციპს – საქართველო დაკარგავს უფლებას, საერთაშორისო ტრიბუნალებსა თუ პოლიტიკურ ფორუმებზე (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო) ამტკიცოს საპირისპირო, ანუ ამტკიცოს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაცია მყისიერად გამოიყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე, რათა ლეგიტიმაცია შესძინოს თავის შეჭრასა და ოკუპაციას, როგორც „პასუხს ქართული მხარის მიერ დაწყებულ აგრესიაზე/ომზე“.

მეორე, თუ საკონსტიტუციო  სასამართლო იტყვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო კონფლიქტი ან მოახდინა მისი ესკალაცია, ეს რუსეთს აძლევს ლეგიტიმურ Casus Belli-ს (ომის საბაბს) და შესაძლებლობას, თავისი ქმედებები გაეროს წესდების 51-ე მუხლით (თავდაცვა) გაამართლოს. ეს სრულად ანგრევს ევროპული სასამართლოსა (ECtHR) და ICC-ის მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ მოცემულობებს.

რუსეთი შეძლებს განაცხადოს: „თავად საქართველოს უმაღლესი სასამართლო ადასტურებს, რომ დამნაშავე ქართული მხარეა, შესაბამისად, ჩვენი ჩარევა ოსი და აფხაზი ხალხის, ისევე როგორც ჩვენი მშვიდობისმყოფელების დასაცავად, იყო მართლზომიერი.“

მესამე, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა: საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) მიმართ არის არაღიარების პოლიტიკა. საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას და აცხადებს უკანონოდ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის აგრესიისა და უკანონო სამხედრო ძალის გამოყენების (Ex injuria jus non oritur – უკანონობისგან უფლება არ წარმოიშობა) შედეგს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო შექმნის პრეცედენტს, რომლითაც ქართულ მხარეს დაადანაშაულებს, სეპარატისტული რეჟიმები და რუსეთი ამას გამოიყენებენ მათი დამოუკიდებლობის საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. ისინი იტყვიან, რომ რადგან საქართველომ თავად აღიარა „აგრესიის“ დაწყება, სეპარაცია იყო თვითგამორკვევისა და გადარჩენის ერთადერთი გზა.

ეს მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას, საფრთხეს შეუქმნის სხვა სახელმწიფოების მიერ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და უმძიმეს ზიანს მიაყენებს ტერიტორიულ მთლიანობას.

მეოთხე, საფრთხე ექმნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და ჟენევის ფორმატს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ქართული მხარის დადანაშაულება ომის დაწყებაში, ძირს გამოუთხრის ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს, როგორც დაზარალებულის და სამართლიანი პოზიციის მქონე მხარის სტატუსს. რუსეთი ამით მოიპოვებს სრულ მორალურ და სამართლებრივ უპირატესობას მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ – ვკითხულობთ ამიკუსში.

აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი
  • რატომ არ დაუწყია ომის საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე

ამიკუსში მოყვანილია ცნობილი იტალიელი საერთაშორისო სამართლის ექსპერტისა და იუგოსლავიის ყოფილი ტრიბუნალის მოსამართლის, ანტონიო კაზესეს მიერ გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზი. ამ ანალიზში ავტორი ცალსახად მიუთითებდა, რომ რუსეთის ქმედებები იყო გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა.

კაზესეს განმარტებით, რუსეთის მცდელობა, საკუთარი აგრესია გაემართლებინა „ჰუმანიტარული ინტერვენციით“ ან ტერმინით „პასუხისმგებლობა დაცვაზე“ სრულიად არალეგიტიმური იყო, რადგან საერთაშორისო სამართალი არ ანიჭებს უფლებას ცალკეულ სახელმწიფოს, ცალმხრივად, გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის/ავტორიზაციის გარეშე, შეიჭრას სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

რუსეთის ე.წ. „მშვიდობისმყოფელთა“ დაცვის არგუმენტიც (თავდაცვა – სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მოტივით) ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სამართალში აღიარებულ პროპორციულობისა და აუცილებლობის ტესტს, რადგან მოჰყვა მასშტაბური შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ამიკუსის ავტორი, აკაკი ბერიძე, ანტონიო კაზესეს მიერ ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში საერთაშორისო სამართლის მიხედვით სრულად გამართლებულია:

„საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი: კაზესე პირდაპირ წერს, რომ თუნდაც რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა ჯარები ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა იყო „პოლიტიკურად წინდაუხედავი“, მას არ დაურღვევია არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი წესი.

რეგიონი საერთაშორისო სამართლით საქართველოს იურისდიქციაშია, ამიტომ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, იმოქმედოს საკუთარ ტერიტორიაზე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სამართლებრივად დედა-სახელმწიფო (საქართველო) ომს ვერ დაიწყებდა.

ომის დაწყება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაა და არა საკუთარ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – ვკითხულობთ ამიკუსში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) მიღებული აქვს  ისტორიული გადაწყვეტილება.

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (საჩივარი N 38263/08). ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც სამართლებრივად აფორმებს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი უმნიშვნელოვანესი გარემოებები: 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები სრულად ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. რუსეთი ახორციელებს განგრძობად „ქმედით კონტროლს“ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.

სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკა – რაც გამოიხატებოდა ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვაში, ქართული სოფლების გადაწვაში, ეთნიკურ წმენდასა და მაროდიორობაში 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს.

სასამართლომ დაადგინა სამხედრო ტყვეების წამება. კერძოდ, დადგინდა ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები რუსული და სეპარატისტული ძალების მხრიდან 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ეთნიკური წმენდა და მიმოსვლის თავისუფლება, რაც გამოიხატება იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობაში. ეს მუხლი პირდაპირ ადასტურებს ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის სამართლებრივ ფაქტს.

სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ დაანგრია რუსული პროპაგანდისტული მითი საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების შესახებ და პასუხისმგებლობა ცალსახად დააკისრა რუსეთის ფედერაციას.

„2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის გამოძიება და შემდგომი გადაწყვეტილებები.

გამოძიების ფარგლებში (რომელიც მოიცავდა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს), ICC-მ გამოსცა დაპატიმრების ორდერები ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მაღალჩინოსნებისა და რუსი გენერლის (მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი, დავით სანაკოევი, ვიაჩესლავ ბორისოვი) მიმართ ომის დანაშაულებისათვის, კერძოდ: უკანონო თავისუფლების აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა და მძევლად აყვანა.

სტრატეგიული თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არცერთ ეტაპზე არ წაუყენებია ბრალი საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისათვის.

ICC-ის გამოძიებამ პრაქტიკულად გააბათილა რუსეთის ბრალდებები საქართველოს მხრიდან ომის დანაშაულებისა თუ გენოციდის ჩადენის თაობაზე.

ჰააგის სასამართლოს ეს პოზიცია წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ ფარს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამტკიცებს საქართველოს, როგორც თავდაცვის რეჟიმში მყოფი და აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოს სტატუსს,“ – ვკითხულობთ ამიკუსში.

ამიკუსში ასევე მოყვანილია შვეიცარიელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის დასკვნიდან მონაკვეთიც.

ჰეიდი ტალიავინის დასკვნის 270-ე გვერდზე წერია: „რუსეთი ჩართული იყო კონფლიქტში რამდენიმე გზით: პირველი, რუსეთის სამშვიდობოები, რომლებიც დისლოცირებულნი იყვნენ სამხრეთ ოსეთში, სოჭის შეთანხმების საფუძველზე, ჩაერთნენ ბრძოლაში ცხინვალისათვის; მეორე, რუსეთის რეგულარული ჯარები იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და უფრო ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე; მესამე, ჩრდილო კავკასიის არარეგულარულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა ბრძოლაში; და ბოლოს, რუსეთი მრავალი საშუალებით ეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალებს, განსაკუთრებით მათი წვრთნით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, დაფინანსებით და სხვა მხარდაჭერით…

გაეროს წესდების მე-2(4) მუხლისა და, პარალელურად, ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციებმა საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და სხვაგან, ნებისმიერ ადგილას საქართველოში) დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ“.

ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა მისიას, რომელიც ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს დავალებით შეიქმნა. კერძოდ, საბჭომ 2008 წლის 2 დეკემბერს, შვეიცარიელ დიპლომატს, ჰეიდი ტალიავინს დაავალა შეექმნა „საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისია“, რომელსაც უნდა გამოეძიებინა საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებების კუთხით.

მისიის მიერ მომზადებული ვრცელი ნაშრომი ე.წ. ტალიავინის დასკვნის სახელითაა ცნობილი.

რა მოხდა სერბეთში – რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ სერბი სტუდენტებისგან | ინტერვიუ

სერბეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა. როგორც მედია და დამკვირვებლები აღიარებენ, ვუჩიჩმა არჩევნები წააგო სტუდენტურ სიასთან, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სტუდენტებმა შეადგინეს.

როგორ შეიქმნა სერბი სტუდენტების საარჩევნო სია და რა შეუძლია ისწავლოს სერბეთის მაგალითზე საქართველომ? – ამ თემაზე ვესაუბრეთ დავით ჯინჭარაძეს – სამოქალაქო მოძრაობა „ერთი საქართველოს“ წევრს, რომელიც სერბეთში იმყოფებოდა და აკვირდებოდა საარჩევნო პროცესებს.

  • ბატონო დავით, გვინდა გვესაუბროთ იმ ფორმულაზე, რომლითაც სერბმა სტუდენტებმა ვუჩიჩს არჩევნები მოუგეს. როგორი იყო ეს სია და როგორ შეძლეს სტუდენტებმა ამ ყველაფრის ორგანიზება.

ამ პროცესს უკვე ორი წელია ვაკვირდები, ხან სერბეთიდან, ხან საქართველოდან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ სტუდენტურ სიაზე არის ის, რომ ეს არის სია, რომელიც სტუდენტებმა შეადგინეს, თუმცა თვითონ უარი თქვეს ამ სიაში ყოფნაზე.

სიაში შეიყვანეს ლექტორები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკურად აქტიური ადამიანები და არ ყოფილა ისე, რომ არავის არ ჰქონოდა პოლიტიკასთან შეხება.

პირიქით, იყო კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა კანდიდატს. მაგალითად, მორალური ღირებულებები, რომ კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო ვთქვათ რაღაც გარჩევებში გახვეული, არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან ლიდერშიფის წევრი, რეჟიმის ყოფილი მხარდამჭერიც კი არ უნდა ყოფილიყო. ანუ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ამ რეჟიმის ნაწილი ან კოალიციის წევრი არ უნდა ყოფილიყო ამ სიაში მყოფი ადამიანი.

ჯერ სტუდენტების დონეზე დაიწყო სიების შედგენა, შემდეგ ეს სიები გადიოდა შემოწმებას უნივერსიტეტის დონეზე და შემდეგ უკვე ოთხი უნივერსიტეტი ერთმანეთში დემოკრატიული კენჭისყრით ითანხმებდა ამ სიას.

ანუ ეს იყო ერთწლიანი პროცესი – სიების შედგენა. თავდაპირველად 500-მდე ადამიანი იყო ნომინირებული ამ სიაში და მათი ბიოგრაფიების გადამოწმების შემდეგ, კიდევ გადაარჩიეს, რომ რომელიმეს ბიოგრაფიას ცუდი გავლენა არ მოეხდინა ამ სიის რეპუტაციაზე.

ერთი საკმაოდ პოპულარული ადამიანი ამოიღეს სიიდან, რადგან მასზე არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ სექსუალურად იძალადა რამდენიმე ქალზე.

  •  ანუ, სიაში უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებზეც რეჟიმი ვერ შექმნიდა ვერანაირ კომპრომატს?

დიახ, სუფთა წარსულის ხალხი უნდა ყოფილიყო, რომლებსაც ვერ გააშავებდა რეჟიმი. პროპაგანდას ძალიან უჭირდა სტუდენტების გაშავებაც, რადგან თითქმის ყველა ოჯახშია ერთი სტუდენტი მაინც და ძალიან რთულია ბებია დააჯერო საკუთარ შვილიშვილზე, რომ ის არის ცუდი და ალექსანდრე ვუჩიჩი არის მასზე უკეთესი.

თანაც სტუდენტები კარგად მუშაობდნენ ოჯახებშიც და რეჟიმმა ოჯახების გახლეჩა ვერ შეძლო. შეინარჩუნეს პროგრამის სოციალური ნაწილი და ერთი მხრივ თუ იყო საუბარი ტრადიციულ ღირებულებებზე, მეორე მხრივ მემარცხენე ღირებულებებზე იყო აღმოცენებული ეს ერთობა.

  • რამდენი ადამიანი იყო ამ სიაში?    

250 ადამიანი იყო ზუსტად, რადგან 250 მანდატია სერბეთის პარლამენტში და აქედან, როგორც ჩვენ ვიცით, დათვლის შედეგებით, დაახლოებით 136 ადამიანი გავა პარლამენტში სტუდენტური სიიდან, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სერბეთს ეყოლება „სტუდენტური მთავრობა“, განსხვავებით ალექსანდრე ვუჩიჩის მთავრობისგან, როდესაც მას უწევდა სატელიტ პარტიებთან კოალიციების შექმნა.

არჩევნებზე რეგისტრაციისთვის 60 000 ხელმოწერა შეაგროვეს და ბუნებრივია, საარჩევნო კომისიას მათი დარეგისტრირება მოუწია. პირდაპირ ასე, – „სტუდენტური სია, სტუდენტები იმარჯვებენ“, ასეთი სათაურით.

  • მაგალითად, საქართველომ რომ იხელმძღვანელოს სერბეთის ანალოგით, რუსული კანონის პირობებში შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლება, რომ პრობლემები შეუქმნას მაგალითად რეგისტრაციისას ასეთ გაერთიანებას? რა წინააღმდეგობები შეიძლება შეხვდეს საქართველოში ასეთ სიას?

პარტიების აკრძალვების ფონზე ყველაფერი შეიძლება, თუმცა რატომაც ვერ შეძლო იგივე ვუჩიჩმა იყო ის, რომ რეგისტრაციის დროს უდიდესი საზოგადოებრივი წნეხი იყო, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უჭერდნენ მხარს ამ სიას, ამიტომ რეგისტრაციაზე უარის თქმა იქნებოდა უდიდესი პრობლემის გამომწვევი ვუჩიჩისთვის.

ნეიტრალურად განწყობილი ადამიანებიც კი მხარს უჭერდნენ ამ სიას, ამიტომ რეჟიმს მოუწევდა დიდი ფასის გადახდა ამ სიის არდარეგისტრირების შემთხვევაში.

  • თუ მაგალითად ქართული საზოგადოებაც მოახერხებს ამ ტიპის სიაზე შეთანხმებას, შესაძლოა, რომ  ივანიშვილიც დარჩეს ხელმოცარული?

თუ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას შეძლებს კი. და არა მხოლოდ საზოგადოების მცირე ჯგუფი ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. თუ ეს სია იქნება საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესების გამომხატველი, რეჟიმს ძალიან გაუჭირდება წინააღმდეგობის გაწევა.

  • რას ჰპირდებოდა ეს სია სერბ ხალხს?

მათი მთავარი საარჩევნო დაპირება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, იყო ის, რომ ის ფული, რომელიც მიდის რეჟიმის ჯიბეში, აღარიბებს და კლავს ხალხს, ისევ დაუბრუნდებოდა ხალხს. ზუსტად კორუფციამ გამოიწვია 16 ადამიანის სიკვდილი ნოვისადის ტრაგედიის დროს.

ეს იყო მთავარი მესიჯი და ადამიანებმა შეძლეს ამ პრობლემის ირგვლივ გაერთიანება. იმიტომ, რომ დაინახეს როგორ დაინგრა 16 ადამიანის ცხოვრება და რამდენი ტრაგედია შეიძლება მოხდეს და რამდენი იქნება მსხვერპლი, თუ არაფერი შეიცვლება. მათ დაიწყეს საუბარი კორუფციიდან გამომდინარე იმ პრობლემებზე, რაც ადამიანებს ადარდებდათ.

ისინი საერთოდ არ საუბრობდნენ საგარეო პოლიტიკაზე, მხოლოდ ახლა, არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოუწიათ ორი წინადადების თქმა საგარეო პროგრამაზე. მთლიანობაში საუბარი იყო სერბეთის გარდაქმნაზე და ადამიანებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ მილოშევიჩის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ, პირველად გაჩნდა რეალური ცვლილებების შეგრძნება და ეს ფრთხილი ოპტიმიზმის შეგრძნება არსებობდა მთელი ამ დროის მანძილზე.

  • როგორც ცნობილია, ვუჩიჩის ხელისუფლებაზე კრემლის გავლენა იყო მაღალი. ალბათ არ დაიშურებდა რუსეთი ძალებს, რომ ეს გავლენები შეენარჩუნებინა სერბეთში. რატომ ვერ მოახერხეს მაგალითად სტუდენტების გაჩუმება, მოქრთამვა, დაშინება და ასე შემდეგ, რაც ხდება ხოლმე საქართველოში?   

მაგრამ გარდა იმისა, რომ კრემლის გავლენები არსებობდა, ევროკავშირი, საქართველოსგან განსხვავებით მაინცდამაინც დიდად არ იყო ჩართული ამ პროცესში. არ უჭერდა ასე ხმამაღლა მხარს სტუდენტურ სიას, ფრთხილობდნენ, იმიტომ, რომ არ იცოდნენ ვუჩიჩის შემდეგ რა მოხდებოდა. ვუჩიჩი კი დახტოდა, როგორც ამბობენ, სამ სკამზე – ჩინურ, რუსულ და ევროპულ სკამებზე. ყველასთან ლაგდებოდა, როგორც „ქართული ოცნება“ ალბათ, 2020 წლამდე.

სერბეთი ვერსად წინ ვერ მიიწევდა, თუმცა რაღაც შეთანხმებები იყო.

გარდა ამისა, რუსეთიც სუსტდება უკრაინაში და წინ ვერ მიიწევს. რაღაც ფული ალბათ დახარჯა თავისი საცეცების შენარჩუნებაზე, მაგრამ რუსეთის უძლეველობა არის ძალიან დიდი მითი და რუსეთზე უფრო საშიში ის მითია, რომ აუცილებლად რუსეთის განადგურებაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს.

ამას ხშირად ვისმენთ საქართველოში, რაც არასწორია, რადგან საქართველოშიც შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია ისე, როგორც სერბეთში. ამისთვის საჭიროა ერთი ავტოკრატის ჩამოცილება და არა მთლიანად რუსეთის განადგურება.

  • სტუდენტებზე მინდა ისევ გკითხოთ. ხშირად ისმის, რომ თუ სტუდენტობა, ახალგაზრდობა არ გამოვიდა, არაფერი შეიცვლება. ამ ორწლიანი პროტესტის ბოლოს ფაქტობრივად ვეღარ ვხედავთ სტუდენტების დიდ ძალას რეჟიმის წინააღმდეგ. რა შესთავაზა რეჟიმმა მათ ისეთი, რის გამოც არჩიეს გაჩუმება, რა მოხდა ჩვენს რეალობაში, რა ფორმით გაანეიტრალეს სტუდენტობა?

ჩვენ გვყავს სტუდენტები „დაიცავი ილიაუნის“ კუთხით, რომლებმაც  შეძლეს ფენომენალური რაღაც, გავიდნენ ბაბლის გარეთ და შეაგროვეს 3 მილიონ ლარამდე თანხა და ისეთ პრობლემაზე დაიწყეს საუბარი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც კი ადარდებდა.

  • მე ვსაუბრობ პოლიტიკური პროცესების ცვლილებაზე და არა სოციალურ აქტივობაზე…

ვუჩიჩსაც შეეძლო ალბათ სტუდენტების მოსყიდვა, მაგრამ ასეთი ადამიანების მოშორება და გაგდება მოძრაობიდან მიღებულია.

სამწუხაროდ, საქართველოში სკანდალებით და რაღაცებით მთავრდება ხოლმე თუ ვინმე გააგდე მოძრაობიდან. მაგრამ თუ არ იზიარებს ჩემს ხედვას და აქტიურად ცდილობს საბოტაჟს, რომც არ იყოს ხელისუფლების მხარდამჭერი, მისი გარიცხვა არის დემოკრატიისთვის აუცილებლი მექანიზმი და ბევრი ასეთი ადამიანი გაურიცხავთ სტუდენტებს. დისციპლინა დემოკრატიის ძალიან სერიოზული ნაწილია.

ამასთან, სერბეთში უნივერსიტეტებს ძალიან ძლიერი ავტონომია აქვთ. უნივერსიტეტები გაცილებით დამოუკიდებელია და სხვათა შორის, იქ პოლიციის შესვლაც კი აკრძალულია კანონით. თუ ვუჩიჩი ამ არჩევნებს მოიგებდა, უნდოდა, რომ ჩამოეშალა უნივერსიტეტების ავტონომია. ეს ჩვენთან უკვე ჩამოშლილია.

აქ კი, შსს-დან 100 მეტრში ქოლცენტრები ოპერირებს, ანუ საზოგადოებრივი დეგრადაცია ხდება ხომ? როცა რაღაც მნიშვნელოვანი სტაჟირებების, სპორტული ცენტრების და დამოუკიდებელი ინსტიტუციების გაძლიერების ნაცვლად ქოლცენტრებს და ნარკოტიკულ საშუალებებს სთავაზობ და ამისკენ უბიძგებ ახალგაზრდებს, რთულია მერე, რაღაც რომ გაკეთდეს.

თუმცა მაინც არ მგონია, რომ ეს დაკარგული ბრძოლაა. მშობელს ყოველთვის საუკეთესო უნდა შვილისთვის, ეს ბუნების კანონია, ბოლომდე მაინც არ ჩამოშლილა ამ ქვეყანაში ოჯახის ინსტიტუტი, თუმცა ძალიან ცდილობს „ოცნება“ ამას, ამიტომ შესაძლებელია გაჩნდეს ახალი შეთანხმება ამ ადამიანებთან, რომ არავის არ უნდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც  ადამიანებს ქოლცენტრები და ნარკოტიკები დაღუპავს.

იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი შეიცვალოს, პირველი ნაბიჯი არის სწორედ ის, დაანახო ადამიანებს, რომ შენ შეგიძლია მათი პრობლემების მოგვარება.

მეორე საკითხია ის, რომ სტუდენტიც საზოგადოების ნაწილია და ჩვენ ვერ მოვთხოვთ იმას, რასაც საზოგადოების სხვა ნაწილი არ აკეთებს.

ამ შემთხვევაში, როცა შენ იწყებ საუბარს ყველასთვის სასიცოცხლო თემებზე, ხდება საზოგადოების მობილიზება. ანუ მთავარი გაკვეთილი ეს არის და შემდეგ უკვე, სტუდენტი იქნება ეს, ექიმი თუ სხვა, შეუძლია შეუერთდეს ამ ერთობას.

აქ მთავარია დავანახოთ ხალხს, რომ შეგვიძლია მათთვის სასიცოცხლო ინტერესები მივიტანოთ გულთან ახლოს, ველაპარაკოთ ფასებზე, მიგრაციაზე, იმაზე, რომ საქართველოში ხალხს საჭმლის ფული არ აქვს და ნელ-ნელა, ისინიც დაინახავენ, რომ ჩვენ რეჟიმისგან განსხვავებით, ისინი გვადარდებს.

  • ფიქრობ, რომ ის, რაც სერბეთში გააკეთეს სტუდენტებმა, აქ საზოგადოების ნებისმიერ სხვა ჯგუფს შეუძლია გააკეთოს?

ვფიქრობ, სუფთა წარსულის მქონე ხალხს, ვინც ჯერ კიდევ არ არის ქართული პოლიტიკის სტატუს-კვოში გარეული, აქვს შანსი რეალურად. ესენი შეიძლება სტუდენტები ან რომელიმე სხვა ჯგუფი იყოს, თუკი ისინი დაიწყებენ ისე მოქმედებას, როგორც წარმატებული წინააღმდეგობის მოძრაობა. ვფიქრობ, აქ სტრატეგიის ცვლილებაა საჭირო.

მეც ხშირად მესმის, რომ „თუ სტუდენტები არ გამოვლენ, არაფერი შეიცვლება“ ან „სანამ ყველა არ გამოვა“ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ინსტრუქციების ძახილი ხშირად საკუთარი სახლის კომფორტიდან ისმის. როგორ უნდა გამოვიდეს ხალხი? – უნდა დააჯერო რომ ამას აქვს აზრი. ეს არის მთავარი.

პროტესტი ძალის დემონსტრირებაა და ამ ძალას აგროვებ ადამიანებთან ერთი-ერთზე მუშაობით.

ეს არის მთავარი, რაც ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს. პროტესტი არის პიკი, პროტესტთან მისვლამდე ადამიანს ისეთ რამეზე უნდა ელაპარაკო, მიხვდეს, რომ შენ მისიანი ხარ.

  • ალბათ თქვენც ხშირად გესმით მოქალაქეებისგან -„ვის უნდა მივცე ხმა? არავინ არ არის სანდო“, რომ „ოპოზიცია არ ვარგა“ და ასე შემდეგ. ხომ არ ფიქრობთ, რომ სერბი სტუდენტების მსგავსად აქაც უნდა დაიწყოს მსგავსი სიის შედგენა ახალი არჩევნებისთვის?

ნებისმიერი ასე სახალხოდ შედგენილი სია, თუ ის სწორად შედგა და ყველა პროცესი იქნება დაცული, ცალსახად ძალიან კარგი იქნება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არ ვიცით რა სიტუაციაში მოგვიწევს არჩევნებში შესვლა.

ეს არის ზუსტად ის, რაც ასეთი მუშაობის უნარს მოითხოვს. გასაგებია, რომ ბევრს არ მოსწონს ოპოზიცია და შეიძლება არც მე მომწონს მათი სტრატეგია, მაგრამ მაინც პატივს ვცემ მათ ბრძოლას იმ ფონზე, რომ აკრძალვას უპირებენ.

ვფიქრობ, უფრო სწორი სტრატეგია იქნება თუ ისინი გაერთიანდებიან იმ ახალი მოძრაობების გარშემო, რაც არსებობს და გააძლიერებენ მათ, რომ ახალი ტალღა წარმოიშვას.

ოღონდ ეს უნდა იყოს ის ძალა, რომელიც ბოლომდე, გამარჯვებამდე მიიყვანს პროცესს.

მე მჯერა, რომ დეცენტრალიზებით, ერთმანეთთან საუბრით და საერთო, გამაერთიანებელ თემაზე შეთანხმებით შეიძლება ამის მიღწევა.

ამ დროის კარგად გამოყენებაა საჭირო და აუცილებლად მოხდება საქართველოშიც ის, რაც მოხდა სერბეთში. ადრეც ასე იყო, ჯერ სერბეთში დაინგრა დიქტატურა, მერე საქართველოში. იმედია, ახლა ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე გვიან.

ისიცაა, რომ ვუჩიჩმა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მოსპობა ვერ მოახერხა სერბეთში და მათ შორის უნივერსიტეტის. ვერც რუსული კანონის მიღება მოასწრო, თუმცა ეს არჩევნები რომ მოეგო, რუსული კანონიც ექნებოდათ და განათლების დეფორმაც.

სერბეთის მაგალითიდან ჩვენ შეგვიძლია სამი მთავარი რამ ვისწავლოთ – ბაბლიდან გარეთ გასვლა თუნდაც გაგვაკრიტიკონ ამის გამო;

მეორე – აუცილებელია დემოკრატიული სტრუქტურის არსებობა, რადგან შეუძლებელია ებრძოდე რეჟიმს და შენ აქეთ აშენო მინი რეჟიმები. უნდა დატოვო შენი ეგო, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ერთობა. ხალხი სულელი არ არის და ამას ხედავს.

მესამე – როცა ადამიანს შია, მისი გასაჭირი გულთან უნდა მიიტანო და ესაუბრო შიმშილზე, ფასებზე, სოციალურ პრობლემებზე და არა მხოლოდ ევროინტეგრაციაზე, იმიტომ, რომ ადამიანი გეოპოლიტიკას ვერ შეჭამს.

„სინათლე მედია“ 2026 წლის გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს ფინალისტია

მოძრაობა „სინათლე მედია“ 2026 წლის „გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს“ ფინალისტებს შორისაა.

Freedom of Expression Awards – გამოხატვის თავისუფლების ჯილდო გადაეცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და აქტივისტებს, რომლებიც ცენზურას უპირისპირდებიან და გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავენ.

„სინათლე მედია“ ამ ჯილდოზე ნომინირებულია ჟურნალისტიკის კატეგორიაში. ასევე, ამ კატეგორიის ფინალისტები არიან Abzas Media (აზერბაიჯანი) და Vorskla (უკრაინა).

ჯილდოს წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

გამოხატვის თავისუფლების ჯილდოს Index on Censorship-ი გასცემს.

„სინათლე მედია“ არის საქართველოს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანება, რომელიც შეიქმნა დამოუკიდებელი მედიის დასაცავად და ცნობილი გახდა სლოგანით – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.

„სინათლე მედია“ პერიოდულად მართავს მხარდამჭერ აქციებსა და ღონისძიებებს დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად.

უკრაინული დრონები რუსეთის ქალაქ ვორონეჟს დაესხნენ თავს

26 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთში, ქალაქ ვორონეჟს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.

რუსული მხარის ინფორმაციით, ქალაქზე რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის თქმით, 113 დრონიდან 70 დრონი უშუალოდ ქალაქის თავზე ჩამოაგდეს.

შეტევას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დრონის ნამსხვრევები გარეუბანში მატარებელს დაეცა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ნგრევა იყო ეკონომიკურ ობიექტებსა და სამოქალაქო სექტორში.

ბოლო ცნობებით, დაიღუპა 3 და დაშავდა 40-მდე ადამიანი.

უკრაინული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უკრაინის სამიზნე ვორონეჟის ავიამშენებელი კომპანიის საწარმო იყო, რომელიც გრძელმანძილიანი Il-96 ფართო კორპუსის თვითმფრინავებს აწარმოებს. ის ასევე დაკავებულია სხვა ტიპის თვითმფრინავებისთვის ცალკეული კომპონენტების წარმოებით.

 

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება – ფემიციდი ფოთში

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა თავდასხმა რუსეთის ქალაქ ელეცში მდებარე სამხედრო საწარმოზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთში, ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე რუსული იარაღის ელექტროგადამცემი ელემენტების საამქროს დაზიანების ფაქტი.

„საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანება ართულებს რუსეთის არმიის მიერ რაკეტების, მართვადი ბომბების და სხვა იარაღის ენერგიის წყაროების წარმოებას“, – აცხადებს გენერალური შტაბი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღნიშნული ქარხანა საჰაერო ბომბების დაგეგმვისა და კორექტირების მოდულების ელემენტების ერთადერთი მწარმოებელია და ასევე აწარმოებს „ისკანდერ-M“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისა და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების ელემენტებს.

გენშტაბის განცხადებას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქარხანას, სავარაუდოდ, „შტორმ შადოუს“ ტიპის რაკეტებით დაესხნენ თავს.

ამავე დროს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია რუსეთში მდებარე სხვა, სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებული ქარხნების დაზიანების შესახებაც.

საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა ივანიშვილის მოწმედ გამოკითხვის შუამდგომლობა – ოპოზიციის აკრძალვის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ.

ივანიშვილის გარდა, სასამართლომ უარი თქვა დაეკითხა „ქართული ოცნების“ სხვა, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ლიდერები. მათ შორის: ირაკლი კობახიძე,  კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასამართლომ საქმეს დაურთო კონკრეტული ვიდეო-ჩანაწერები და საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ბეჭდური მასალები.

გახარიას პარტია „ოცნების“ ლიდერების გამოკითხვას ითხოვდა სარჩელის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩორჩანას საქმეებთან დაკავშირებით.

როგორც შუამდგომლობის ავტორებმა განმარტეს, პარტიას ედავებიან, რომ ისინი არ გაემიჯნნენ გახარიას 2019 წლის საქმიანობას – იმ დროინდელს, როცა თავად ეს პარტია არ არსებობდა, გახარია კი „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი იყო.

პარტიამ მოითხოვა „ქართული ოცნების“ მაშინდელი ლიდერების გამოკითხვა იმ ლოგიკით, რომ გახარიას სადავო საქმიანობას არც ისინი გამიჯვნიან.

სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განჩინება მოკლედ განმარტა:

„მოწმეთა დაკითხვა მოტივირებული იყო იმით, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, ასევე ჩორჩანას მოვლენების შემდეგ ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა და არჩეულ იქნა პრემიერ-მინისტრად […] ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია – რომ არა პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა და რომ არა პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, ბატონო გახარია ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, ეს არის შემდგარი, უდავო ფაქტი. უდავო ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა, მათი სხდომაზე გამოძახება არის არარელევანტური.

[…] მოწმეთა დაკითხვა, ასევე, მოტივირებული იყო ჩორჩანას ეპიზოდითაც. ბატონი გახარია არის თუ არა ბრალეული ამ ეპიზოდთან დაკავშირებით – ძირითადი შინაარსი ეს იყო. თვითონ მხარემაც აღნიშნა თავისი შუამდგომლობის დასაბუთების დროს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა გამოძიება და იხილება სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვით […] სისხლის სამართლის საქმის მასალები შესასწავლი არის საერთო სასამართლოების მიერ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პირის დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხი. აღნიშნულს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს და ვერ გადაწყვეტს. ეს იქნება საერთო სასამართლოების მიერ განსახორციელებელ მართლმსაჯულებაში ჩარევა

[…] ამავდროულად, უნდა განიმარტოს ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება კონკრეტული სუბიექტის [პარტია „გახარია – საქართველოსთვის“] საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი და არა კონკრეტული პირის [გიორგი გახარიას] ბრალეულობის თუ არაბრალეულობის“, – განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.

საპასუხო კომენტარის გაკეთება უნდოდა შუამდგომლობის ავტორს, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ბერდია სიჭინავას, თუმცა მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა.

ეს იყო ოპოზიციური პარტიების რიგით მე-14 და ბოლო შუამდგომლობა. მოწმეების გამოკითხვის მსგავსად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც წინა 13 შუამდგომლობა.

მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“ შუამდგომლობები არ აქვს. ამიტომ, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატი სარჩელით ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

ამავე თემაზე:

გადასატანი სკოლების შეძენასა და მონტაჟზე ხელშეკრულება 19,5 მილიონ ლარზე გააფორმეს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების [კონტეინერების] შესყიდვაზე ხელშეკრულება შპს „ევრო პანელ ჯგუფთან“ 19,5 მილიონ ლარზე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2026 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა, კომპანია ფონდს თურქული წარმოების მოდულებს სთავაზობს:

წყარო: ხელშეკრულება

ხელშეკრულება მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებასა და მონტაჟს ითვალისწინებს.

ამასთან, „სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და „მიმწოდებლისათვის“ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს“.

რაც შეეხება მოდულების მიწოდების ვადას და ადგილს, ხელშეკრულებაში აღნიშნულია:

  • „ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს შესათანხმებლად წარუდგინოს თითოეული მოდულის ტიპური პროექტი.
  • მოდულის ტიპური პროექტის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება განახორციელოს შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
  • მიმწოდებელს უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, წერილობითი დავალების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდება და მონტაჟი.
  • ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლის პერიოდი.
  • შესყიდვის ობიექტის მიწოდების და მონტაჟის არეალს წარმოადგენს საქართველოს მთელი ტერიტორია. ობიექტების ზუსტი ადგილმდებარეობა დაზუსტდება შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი წერილობითი დავალების გაცემის საფუძველზე“.

მოდულების ექსპლუატაციის ვადა 11 წელი უნდა იყოს.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას, შეისყიდოს ტექნიკური დავალებით მითითებული სრული რაოდენობა.“

წყარო: ხელშეკრულება

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „ევრო პანელ ჯგუფი“ თბილისში 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის დირექტორი და 34 პროცენტის წილის მფლობელია გიორგი ლოლუა. კომპანიის დანარჩენ წილებს, 33-33 პროცენტს, ფლობენ ასევე არმენ ადამიანცი და გიორგი შოშიტაიშვილი.

შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, „ევრო პანელ ჯგუფი“, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაცვის ჯიხურების შესყიდვაზე გამოცხადებულ 2 ტენდერშია გამარჯვებულად გამოვლენილი. სახელშეკრულებო თანხა ჯამში 569 ათას 536 ლარია. ამ ტენდერებშიც „ევრო პანელ ჯგუფი“ უკონკურენტო იყო.

მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების [თანმდევი მომსახურებით, მიწოდებითა და მონტაჟით] სახელმწიფო შესყიდვაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი 22 მილიონ 450 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე: 

„ოცნების მთავრობა“ ასაწყობ სკოლებს ყიდულობს – გამოყოფილია 22 მილიონი ლარი

 

რას ითხოვენ ბობოყვათში, მაგისტრალთან მცხოვრები მოქალაქეები – აქცია

ქობულეთში, თბილისი-ბათუმის მაგისტრალზე, ბობოყვათში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, მამა-პაპისეული მიწების დაკანონებაზე მთავრობამ მათ უარი უთხრა და მიწა ბიზნესის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ბობოყვათში მრავალსართულიან კორპუსის აშენებას გეგმავს.

აქცია 25 ოქტომბერს გაიმართა.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს სთხოვენ ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფას. მათი აზრით, ბიზნესმენმა უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობენ, რომ მშენებლობას ხელს შეუშლიან.

აქციაზე გამოსული მოქალაქეების თქმით, მათ აქვთ გარკვეული დოკუმენტები, რაც ადასტურებს, რომ მიწის სადავო ნაკვეთი მათ მამა-პაპას ეკუთვნოდა, თუმცა ამ დრომდე მათ არ აქვთ სასამართლო დავა მოგებული.

„ბრძოლას შედეგამდე მივიყვანთ, კარვებს გავშლით, აქვე ვცხოვრობთ,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ აქცია ბათუმში გადმოინაცვლებს, თუ ხალხის მოთხოვნა არ შესრულდა.

ოპოზიციის აკრძალვა – ისტორია მეორდება?

რა კავშირშია 2026 წლის საქართველოში მიმდინარე პროცესები რეპრესიულ, საბჭოთა წარსულთან? – ნახეთ „ეჭვიანი პოდკასტის“ ახალ ეპიზოდში. 

YouTube video player

სერბეთში არჩევნები სტუდენტურმა სიამ მოიგო – ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტური სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობას ჩამოაყალიბებს.

„…ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა. მათ 135-დან 140-მდე ადგილი ექნებათ, ჩვენ კი – 105. სხვა არავინ მოხვდა პარლამენტში“ – განაცხადა ვუვიჩმა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სერბეთში კორუფციისა და ვუჩიჩის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ თითქმის ორწლიანი სტუდენტური დემონსტრაციების შემდეგ ჩატარდა.

პროტესტი სერბეთში 2024 წელს მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის თეატრისა და კინოს მსახიობები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები და სხვა და სხვა პროფესიის ადამიანები.

ვუჩიჩის მთავრობა აცხადებდა, რომ საპროტესტო მოძრაობა „უცხოური ძალების“ მიერ იყო დაფინანსებული.

„ბისისი“ წერს, რომ ვუჩიჩის მხრიდან დამარცხების ასეთი სწრაფი აღიარების საფუძველი იყო უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა არჩევნებზე – თითქმის 68%, რაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტუდენტური მოძრაობის სიაში ბევრი პოლიტიკური გამოცდილების არმქონე კანდიდატი შედიოდა. მოძრაობას ჯერ არ გამოუძახებია პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის კანდიდატები. სიის ლიდერია კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი.

______________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ANDREJ CUKIC

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 580 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 448 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 609 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 51 632 ერთეული [+18]
  • MLRS – 2 239 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 726 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 582 458 ერთეული [+1 656]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 018 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 167 240 ერთეული [+322]
  • სპეცტექნიკა – 4 858 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში თავს დაესხნენ სამხედრო საწარმოს

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რომელი უწყებები გადაინაწილებენ 242 პიკაპს – ტენდერი 21,7 მილიონი ლარით

ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 242 ცალი სპეციალიზებული ავტომობილის [პიკაპის] შესყიდვაზე 21,7 მილიონი ლარით კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.

გარდა ამისა, შესყიდვების პორტალის მიხედვით, ცალკე ტენდერები აქვთ გამოცხადებული საქართველოს პროკურატურას [„ოპერატიული დანიშნულების 20 ერთეული მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე“ – ჯამში 2 მილიონი ლარით] და შინაგან საქმეთა სამინისტროს – [„ავტოსატრანსპორტო საშუალებების“ შესყიდვაზე, 1 მილიონი ლარით, თუმცა რამდენ და რა სახეობის ტრანსპორტს ყიდულობს – შსს-ს გასაიდუმლოებული აქვს].

რაც შეეხება კონსოლიდირებულ ტენდერს, მას თან ახლავს შემსყიდველი ორგანიზაციების სია, რომლებმაც პიკაპები უნდა შეისყიდოს.

ამ ჩამონათვალის მიხედვით 113 პიკაპი თავდაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი, 100 – შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანარჩენი კი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. მათ შორისაა, მაგალითად, აჭარის სატყეო სააგენტო [8 ცალი], ქობულეთის მუნიციპალიტეტი [2 ცალი] და სხვა.

წყარო: კონსოლიდირებული ტენდერი

ტენდერს თან ახლავს შესასყიდი პიკაპების ტექნიკური მოთხოვნებიც.

მაგალითად: „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება“.

ამასთან, „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“

242 პიკაპის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 21 787 502 ლარია.

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში“ – წერია ტენდერის პირობაში.

  • შესყიდვების პორტალის მიხედვით ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული საქართველოს პროკურატურას ოპერატიული დანიშნულების 20 ერთეული მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 2 063 880 ლარია.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. მანქანების მიწოდება კი ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 230 დღეში უნდა უზრუნველყოს.

  • ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 1 044 165 ლარით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც „ავტოსატრანსპორტო საშუალებების“ შესყიდვაზე, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენ და რა სახეობის ტრანსპორტს ყიდულობს, ეს შსს-ს გასაიდუმლოებული აქვს.

„წინამდებარე შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე.“ – წერია ტენდერში.

შსს-ს მიერ ამ საიდუმლო წესით შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 31 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

ამავე თემაზე:

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში 26 ოქტომბერს განახლდება

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბერს დღის 2 საათიდან განახლდება სხდომა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე. აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე სულ სამი სხდომა გაიმართა.

23 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე“ სხდომა გახარიას პარტიის შუამდგომლობების განხილვით გაგრძელდა.

წინა ორი დღე კი სასამართლომ სხვა ოპოზიციური ძალების 11 შუამდგომლობა განიხილა და არც ერთი არ დააკმაყოფილა. ისევ გაუგებარია: კონკრეტულად რის საფუძველზე ითხოვს ამა თუ იმ პარტიის აკრძალვას „ოცნება“.

სასამართლოს პლენუმმა 23 ოქტომბერს გახარიას პარტიის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ამავე პარტიის მესამე შუამდგომლობას – ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დაბარებას, გადაწყვეტილებას პლენუმი ორშაბათს, 26 ოქტომბერს გამოაცხადებს.

თუ პლენუმი ივანიშვილის და მისი დაჯგუფების წარმოდგენის შესახებ ბოლო შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, გამოდის, რომ სასამართლოს გამოსაკითხი არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს რომელიმე გარემოებას, რის გამოც „ოცნება“ ქვეყანაში ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს.

თავად „ოცნება“ მოწმეების წარმოდგენას არ ითხოვს. მისი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა.

არნიშნულ საქმეზე თუ რა ხდებოდა საკონსტიტუციოში წინა სასამართლო პროცესებზე შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელების“ რეპორტაჟებში სასამართლო სხდომებიდან:

დღე პირველი

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

დღე მეორე

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

დღე მესამე

მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“

ამავე თემაზე: 

„ეს არის ჩაკეტილი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არის რუსეთის ლუკმა“ – ინტერვიუ

„პარტიების აკრძალვის საქმეში ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე იმალება“ – მიხეილ შარაშიძე

 

ბათუმში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი იცვლება

ბათუმის მერია ქალაქში „შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის“ ახალი წესის დამტკიცებაზე მუშაობს და შესაბამისი დადგენილების პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა.

ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდება 7 თვის წინ მიღებული დადგენილება, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესებს განსაზღვრავს.

მერიის განმარტებით, ახალი წესის მიღების მიზეზი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

კერძოდ, „ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესების დადგენა/კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.“

კოდექსის აღნიშნული მუხლი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.

მათ შორის „რ“ ქვეპუნქტში კი წერია, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა „შინაური ცხოველების ყოლის წესების [მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მოთხოვნების] დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის (მათ შორის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, მონიტორინგისა და თავშესაფრების ორგანიზების) უზრუნველყოფა.“

„ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

წესის მიზანია ქალაქ ბათუმში შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო თანაარსებობის უზრუნველყოფა და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დანერგვა.“ – წერს მერია დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.

  • დადგენილების პროექტი და ბათუმში შინაური ბინადარი ცხოველების მოვლაპატრონობისა და ყოლის ახალი წესი, რომელიც ქალაქის საკრებულომ 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე უნდა განიხილოს, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ახალი დადგენილება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, როგორც პროექტშია მითითებული, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერია მეექვსე წელია მუშაობს ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობაზე, თუმცა მიმდინარე წელს უკვე დაწყებული სამუშაოები გააჩერეს.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მტმ“-ს ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეუწყვიტა – მიზეზად გრუნტის ტენიანობა დაასახელეს.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: ბათუმში ისევ შეჩერდა მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა – „გრუნტი შესასწავლია“

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

იზრდება ჯარიმები – ძაღლების და კატების მოვლის წესს მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ოქტომბრის 21 საათიდან 26 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 და 28 ოქტომბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/24.10.2026

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 578 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 850. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 447 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 605 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 51 614 ერთეული [+49]
  • MLRS – 2 237 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 725 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 580 802 ერთეული [+1 738]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 017 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 166 918 ერთეული [+417]
  • სპეცტექნიკა – 4 856 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 138 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში თავს დაესხნენ სამხედრო საწარმოს

პუტინი ტრამპს და სი ძინპინს უკრაინაზე სასაუბროდ შეხვედრას სთავაზობს – მედია

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევა კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

სააგენტოს მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში:

  • „წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“, აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
  • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს ,,იგოეთი” (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) – აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
  • ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) – მწარმოებელი შპს “დაბი” (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) – აღმოჩნდა Sudan Red G;
  • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) – მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) – აღმოჩნდა Sudan I.“

„აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს.

სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია.“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.

 

რა შემთხვევაში არ გადაიხდის პარკირების საფასურს ბათუმში შშმ პირი – მერია საცნობ ნიშნებს გასცემს

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე [შშმ] პირის მართვის ქვეშ მყოფი ან შშმ პირის გადამყვანი ავტომანქანა პარკირების გადასახადისგან გათავისუფლდება, ოღონდ მხოლოდ შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე პარკირებისას.

ამასთან, ბათუმის მერია გასცემს საცნობ ნიშანს უშუალოდ შშმ პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართული იქნება ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი შშმ პირი.

შესაბამისი ცვლილებები ბათუმში პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურისა და ავტომანქანების პარკირების წესების შესახებ საკრებულოს მოქმედ დადგენილებებში შედის.

საკითხი ქალაქის საკრებულომ 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე უნდა განიხილოს. დამტკიცების შემთხვევაში ახალი წესი 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მართვის ქვეშ არსებული ავტოამანქანა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამყვანი ავტომანქანა გათავისუფლდეს პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე პარკირებისას“ – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი შესაბამისი დადგენილება „არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართვის ქვეშ მყოფი ან მათი გადამყვანი ავტომანქანის პარკირების საფასურისაგან გათავისუფლებას.

დღეის მდგომარეობით ამ საკითხების უკეთ მოწესრიგების მიზნით, კერძოდ, რათა არ მოხდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართვის ქვეშ მყოფი ან მათი გადამყვანი ავტომანქანის პარკირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილის დაკავება, წარდგენილია [კიდევ ერთი] დადგენილების პროექტი რომლის არსსაც წარმოადგენს სათანადო საცნობი ნიშნის გაცემა, რაც ხსენებული პარკირებით სარგებლობის საფუძველი გახდება.

შესაბამისად, შესაძლებელია ამ პირთა იდენტიფიკაცია, რაც იძლევა საშუალებას, რომ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ პარკირების საფასური გადახდისაგან მხოლოდ ამისათვის გამოყოფილ ადგილებზე“.

„სათანადო საცნობ ნიშანს“ ბათუმის მერია გასცემს.

საცნობი ნიშანის ესკიზი / ფოტო საკრებულოს დადგენილების პროექტიდან

საცნობ ნიშანზე, მეორე მხარეს დატანილი იქნება „საცნობი ნიშნით სარგებლობის პირობები“, სადაც აღნიშნულია, რომ

  • „საცნობი ნიშანი ძალაშია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – მუნიციპალიტეტთაშორისი ურთიერთაღიარების პრინციპის შესაბამისად.
  • საცნობი ნიშანი უნდა განთავსდეს ავტომობილის საქარე მინის წინა მარჯვენა კუთხეში, გარედან კარგად ხილვად ადგილას.
  • საცნობი ნიშნის მესამე პირზე გადაცემა ან გასხვისება, რაც გამოიწვევს საცნობი ნიშნის მოქმედების შეჩერებას 6 თვის ვადით.“

დადგენილების პროექტის მიხედვით

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცნობი ნიშნის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადგენაზე, ერთიან ციფრულ რეესტრში მონაცემთა შეყვანასა და საცნობი ნიშნის დამზადებაზე პასუხისმგებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახური.

საცნობი ნიშანი წარმოადგენს პერსონალურ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე [და არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე] და მისი გამოყენება ნებადართულია ნებისმიერ ავტომანქანაზე, რომლითაც მოცემულ მომენტში მგზავრობს ან გადაადგილდება საცნობი ნიშნის მფლობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

საკრებულოში დასამტკიცებლად შეტანილია საცნობი ნიშნის გაცემის წესიც.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ:

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილობისა და უფლებების დაცვის საყოველთაო პრინციპით და თავის ტერიტორიაზე სრულად აღიარებს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემულ საცნობ ნიშნებს.“

ამავე თემაზე:

ბათუმში მცხოვრებთა 70%-ს ახალი ბინის შეძენის საშუალება არ აქვს – გენგეგმის კონცეფცია

 

Exit mobile version