კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

საპატრიარქოს ღობე კლდესა და მეკლდეურებს შორის

14.06.2016 • 2422
საპატრიარქოს ღობე კლდესა და მეკლდეურებს შორის

საქართველოს საპატრიარქომ 6 ივნისს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უზურფრუქტით გადასაცემ ქონებათა სიაში სამტრედიაში, რობაქიძის ქუჩაზე არსებული სახლები შედის. სამინისტრო არც ქონების მოცულობას და არც ღირებულებას არ აზუსტებს. საპატრიარქო მთავრობას სოფელ კაცხში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემასაც სთხოვს. თუმცა, ოფიციალურ მფლობელობამდე, სასულიერო პირებმა იმ კლდეებთან მისასვლელი ბილიკები და მიწები შემოღობეს, სადაც ათეულობით მეკლდეური და სამხედრო პირი წლებია წვრთნებს გადის.

საპატრიარქოს ოფიციალურ საკუთრებაში არ აქვს ჭიათურაში, სოფელ კაცხის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ადგილები უკვე შემოღობა და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მთავრობას მიმართა. ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ მიწებზე სასულიერო პირები კელიებს იშენებენ და „ფართოვდებიან“, როგორც ამას ჭიათურის გამგებელი, სულხან მახათაძე ამბობს.

სასულიერო პირების გაფართოებამ საზოგადოებრივი ინტერესების შევიწროვება გამოიწვია. კაცხის სვეტის მოპირდაპირე კლდეზე, სადაც ათეული წლებია მეკლდეურები და თავდაცვის სამინისტროს სამთო ბატალიონის წევრები წვრთნებს გადიან, ასვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სასულიერი პირებმა მათ კლდესთან მისასვლელი გზები გადაუკეტეს. უფრო სწორად, მისასვლელი ტერიტორია შემოღობეს, რის შემდეგაც სპორტსმენებსა და სამხედრო პირებს საპატრიარქოს „კერძო საკუთრებაში“ უნებართვოდ გადაადგილების უფლება აღარ აქვთ.

მეკლდეურები ფაქტს აპროტესტებენ, თუმცა ჯერჯერობით, არც ერთ მხარეს, არც სახელმწიფოს და არც საპატრიარქოს, მათთვის პასუხი ოფიციალურად არ გაუცია.

ნუცა ხუციშვილი მეკლდეურია და წლებია კაცხის სვეტის მოპირდაპირე კლდეზე ვარჯიშობს. მეკლდეური „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პრობლემა დაახლოებით 1-2 წელია გაჩნდა. მას შემდეგ, რაც მონასტერში ახალი ბერები მოვიდნენ და მიმდებარე ტერიტორიებზე მშენებლობები დაიწყეს.
`აქამდე ხელს არავის უშლიდა ჩვენი იქ ყოფნა. კაცხის სვეტი ცალკეა და შეხება არ აქვს მონასტერთან, რადგან კლდე მოპირდაპირე მხარესაა. თუმცა, ორი წელია იქ ახალი მამაოები მოვიდნენ და დაიწყეს მშენებლობები კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე,“ – გვეუბნება ნუცა.

ნუცას აზრით, ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ოფიციალურად არ წარმოადგენს საპატრიარქოს ქონებას, მოქალაქეებს გადაადგილება არ უნდა ეზღუდებოდეთ. „აქ მშენებლობების დაწყების უფლება არ ჰქონდათ, ეს არის სახალხო სივრცე და ყველას აქვს უფლება გამოიყენოს, ივარჯოშოს ან თუნდაც წამოწვეს ბალახზე. სულ მოძრაობა იყო, ექსკურსიებით ჩამოდიოდნენ, ჩვენ, სპორტსმენებს საკუთარი ხელით გვაქვს ბილიკები და სხვა ინფრასტრუქტურა ნაკეთები, მონასტრის მცხოვრებლებსაც ვეხმარებოდით ტერიტორიის გაწმენდაში, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ იქ ვარჯიშის უფლება აღარ გვაქვს“.

ოთო მაისურაძეც მეკლდეურია. მისი თქმით, სასულიერო პირებს კაცხის სვეტზე ასასვლელად გზა მათ გაუკვალეს, დღეს კი სპორტსმენებს კლდესთან მისასვლელი გზა აღარ დაუტოვეს.

`ჯერ დაიწყეს პრეტენზიებით, რომ გოგონები ნუ ივარჯიშებენო, შემდეგ კარები ჩასვეს და აღარ გვიშვებენ. არადა, მონასტრის გვერდის ავლით გადავადგილდებოდით, მაგრამ ახლა ის გზა შემოიღობეს“.

ოთო მაისურაძე ამბობს, რომ მათ ვარჯიშის დროს თავისუფლება სჭირდებათ. „ამიტომ დავა აღარ ღირს, ალბათ მაგ ტერიტორიასაც გადაიფორმებენ,“ – ამბობს ის.

კაცხი

კაცხი

ერთ-ერთმა მთამსვლელმა, თორნიკე ბერიშვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანი და ვახტანგ გორგასლის ორდენოსანია, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ფეისბუქზე ღია წერილით უკვე მიმართა. „ამ ტრასების მომზადებას წლები, დიდი შრომა, სახსრები და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დასჭირდა. გარდა ამისა, კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეები ბევრი პარამეტრით უნიკალურია. მდებარეობით, კლდის ქანის სტრუქტურითა და აგებულებით, სიმყარით, არ არის ადვილი ასეთი კომბინაციის ადგილის მოძებნა,“ – წერს მთამსვლელი ღია წერილში პატრიარქს.

მისი აზრით, საპატრიარქო პირიქით, უნდა უწყობდეს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და არ უნდა უქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს სპორტსმენებს. „კლდეზე ცოცვა არ არის ხმაურიანი სპორტი, სიწყნარესა და მედიტაციისკენ არის მიმართული, ასე რომ, მონასტრის ცხოვრებას ხელი ეშლებოდა, ეს არგუმენტი არ ვარგა… მრჩება შთაბეჭდილება, გადაწყვეტილება მიღებულია ცალმხრივად, სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლად და საკუთარი უპირატესობისა და ყოვლიშემძლეობის დასამკვიდრებლად,“ – ნათქვამია ღია წერილში.

ჭიათურის გამგებელი სულხან მახათაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიებს საპატრიარქო ფაქტობრივად ფლობს და არა იურიდიულად.

„მეუფეს ჰქონდა განაცხადი, რომ ეგ ტერიტორია (12 ჰექტარზეა საუბარი), დარეგისტრირდეს საპატრიარქოს საკუთრებაში, მაგრამ მოხდა ტყის ზოლის გადაფარვა ნახაზში. ჩამოსული იყო ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ტყის ფონდთან ერთად უნდა შეესწავლათ ეს საკითხი“.

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ პრობლემა ფართოა, განსაკუთრებით პრივატიზების პოლიტიკის საკითხში, რადგან დაუშვებელია კერძო საკუთრებად იქცეს კლდეები, ტბები, მდინარეები თუ ტყეები. „ან ტერიტორია, რომლის გავლა საჭიროა კონკრეტულ პუნქტამდე. ძეგლებთან თუ კლდეებთან მისასვლელი გზა უნდა იყოს საჯარო მოხმარებაში, რადგან ეს არის საქართველოს საკუთრება და მისი გადაკეტვა არ შეიძლება იყოს ხალხის რჩეული ინსტიტუტის ღირსეული ქცევა,“ – გვეუბნება ის.

გრიგოლ გეგელიას აზრით, მაშინ, როცა საპატრიარქო ასეთ ბარიერს ქმნის, მთავრობა ეკლესიაზე მიწების ჩუქების საკითხს აღარ უნდა განიხილავდეს. „გუშინ ისევ გაიტანეს მთავრობის სხდომაზე ეკლესიისთვის ქონების გადაცემის საკითხი, რაც ყოვლად სამარცხვინო და წინასაარჩევნო პოპულიზმის გაგრძელებაა, როცა მთავრობა ცდილობს ძლიერ ინსტიტუტს ელოლიავოს და არა იმას, რომ მისი მოქალაქეების მდგომარეობა გააუმჯობესოს.

სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებმა დახარჯეს ათასობით ლარი იმისთვის, რომ მოეწყოთ ინფრასტრუქტურა, სადაც ვარჯიშობენ სპორტსმენები და ის ადამიანები, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავს ამ ქვეყნის და მათ შორის სასულიერო პირების სიცოცხლის დასაცავად, საუბარი მაქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. შესაბამისად, მათი ამ ადგილიდან დაბლოკვა არის ანტისახელმწფოებრივი ქმედება და ანტისამოქალაქოც. სამწუხაროა, რომ ამას ვამბობ მე და არა საქართველოს პრემიერი, ან თავდაცვის მინისტრი. სწორედ მათგან უნდა მოდიოდეს საკუთარი სახელმწიფოსა და მოქალაქეების დაცვის მცდელობა“.

გრიგოლ გეგელიას აზრით, იდგე სამართლიანობის მხარეს, ეს არ არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. „როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენს, არამედ ბრძოლა საერთო სივრცისთვის, სადაც ადამიანს აქვს უფლება ივარჯიშოს, კლდეზე იცოცოს და ა.შ. უკვე გაისმა არგუმენტი – „რაღა აქ უნდა იცოცოთ, კლდე დაილია საქართველოში?“ – რაც ძალიან სასაცილოა და გვაგონებს იმ არგუმენტებს, როცა სხვები ადგენენ, თუ სად რა უნდა ვაკეთოთ. იმედია, არ მოვისმენთ იმას, რომ „რაღა კლდეზე გინდათ ცოცვა, სახლში, კედელზე იცოცეთ“, რადგან აქეთკენ მიდის ყველაფერი“.

პოლიტოლოგის აზრით, საჯარო სივრცე ეკუთვნის ყველას, მათ შორის მეკლდეურებსაც და მისი შეზღუდვა ან გადაადგილების უფლების წართმევა, არასახელმწიფოებრივია.

„ბათუმელები“ შეეცადა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გაერკვია, რას უპირებენ სპორტსმენებს. თუმცა როგორც პრემიერის პრესსამსახურში გვითხრეს, „პრემიერის აპარატიდან ამ თემაზე სასაუბროდ არავინ არ არის უფლებამოსილი პირი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: