კვირის ამბები,კვირის ამბები

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა

13.04.2016 • 8269
როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა

კბილის პასტის შერჩევისას მომხმარებლის მთავარი მოთხოვნა მისი ეფექტურობაა, რასაც არაერთი რეკლამირებული პროდუქტი გვპირდება. თუმცა სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ხმაურიან სარეკლამო კამპანიებზე მეტად კბილის პასტის შეფუთვაზე დატანილ წარწერას მივაქციოთ ყურადღება, სადაც შემადგენლობაა მითითებული და პასტაც ამის მიხედვით შევარჩიოთ.

კბილის პასტები სხვადასხვა სახისაა: სამკურნალო-პროფილაქტიკური ან მხოლოდ სამკურნალო, ჰიგიენური თუ მათეთრებელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შერჩევისას?

„კბილის პასტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა და ზოგადად, პირის ღრუს სიჯანსაღე. შესაბამისად, საჭიროების მიხედვით ვირჩევთ პროფილაქტიკურ, სამკურნალო თუ მათეთრებელ კბილის პასტას. შემადგენლობაც ყველა მათგანს განსხვავებული აქვს.

ჩემს გარემოცვაში ხშირად მსმენია, რომ უყვართ ფტორის შემცველი კბილის პასტების შეძენა. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვაზე მითითებული იყოს ფტორის რაოდენობა. რაც უნდა იყოს ბავშვებისთვის – 500 პპმ (0.05%) და მოზრდილებისთვის 1500 პპმ (0.15%). კბილის პასტები ასევე შეიცავს გოგირდს. [სულფატი], რომელიც შეფუთვაზე მითითებულია როგორც SLS – ნატრიუმის ლაურილ სულფატი. ეს ნივთიერება არის ძლიერი ქაფწარმომქმნელი საშუალება და იგი შეიძლება იყოს ალერგენი ორგანიზმისთვის. ამიტომ უჯობესია კბილის პასტა შეიცავდეს უფრო მსუბუქ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც შეფუთვაზე მითითებული იქნება როგორც – SLES – ნატრიუმის ლაურილ სარკოზინატი, რომელიც არ წარმოქმნის უხვ ქაფს. ასე რომ, ნუ დაიწუნებთ კბილის პასტას, რომელიც ნაკლებად ქაფდება.

ასევე, სასურველია კბილის პასტა შეიცავდეს ქსილიტოლს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ დამატკბობელს, შაქრისშემცვლელს“ – ამბობს ლანდა ლურსმანაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „რადიქსისა“ და სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ექიმი-სტომატოლოგი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც კბილის პასტის შეძენისას მომხმარებლებს უჩნდებათ, შეეხება მცენარეული, ბუნებრივ კომპონენტებით დამზადებულ კბილის პასტებს, – რამდენად ეფექტურია ასეთი კბილის პასტები? ექიმი-სტომატოლოგი ამბობს, რომ მსგავი, მცენარეული ექსტრაქტებით და ნატურალური ანტისეპტიკური საშუალებებით დამზადებული კბილის პასტები უსაფრთხოა და კარგი:

„თუმცა ეფექტურად ხშირად მომხმარებელი მიიჩნევს მაღალი აბრაზიულობის [წმენდის] მქონე კბილის პასტას. როგორ უნდა მივხვდეთ რამდენად აბრაზიულია კბილის პასტა? აბრაზივი არის ის კომპონენტი, რომელიც აცილებს ნადებს კბილის ზედაპირს.

აბრაზიულობის ინდექსი აღინიშნება როგორც – RDA, მისი ოპტიმალური მაჩვენებელია 75 RDA, საბავშვო კბილის პასტებში არის დაახლოებით – 25 RDA. ხოლო მათეთრებელ კბილის პასტებში შეიძლება იყოს 150 RDA, ანუ მათეთრებელ კბილის პასტებში ღDA ოპტიმალურ მაჩვენებელზე მაღალია, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება ყოველდღიურად არ არის რეკომენდებული, რათა არ დაზიანდეს მინანქარი.

ასეთი პასტა შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ, ხოლო სხვა დროს შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა კბილის პასტა.“

კბილის პასტები, რომელთა შემადგენლობაში მაღალი RDA-ა მითითებული, მგრძნობიარე კბილებისთვის არ არის რეკომენდებული.

ბაზარზე გვხვდება შავი ფერის კბილის პასტებიც, რომელთა შემადგენლობაში არის გოგირდი [შLშ]. ლანდა ლურსმანაშვილის თქმით, ასეთ კბილის პასტებს ძირითადად RDA 50 ან 90 აქვთ, ანუ საკმაოდ დაბალი. „მისი აქტიური ნივთიერება არის ნახშირბადი, რომლის საშუალებით მინანქრის დაზიანების გარეშე აშორებს ნადებს, კბილის ზედაპირს როგორც მაგნიტი,“ – ამბობს ექიმი.

კბილის გასაწმენდად სახლის პირობებში ყველაზე ხშირად სოდას იყენებენ. სოდა კარგად აცილებს კბილის ზედაპირს ნადებს და აპრიალებს [არ ათეთრებს], მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება კვირაში ერთჯერზე მეტად, ამბობს ლანდა ლურსმანაშვილი.

სოციალურ ქსელებში განხილვის თემა იყო კბილის პასტის ტუბზე დატანილი ფერადი ნიშანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კბილის პასტის ბუნებრივ თუ ქიმიურ შემადგენლობაზე მიუთითებდა. ლანდა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ არა ამ ნიშანს, არამედ შემადგენლობას უნდა მივაქციოთ ყურადღება კბილის პასტის შეძენისას.

რაც შეეხება კბილის პასტის ფასს, სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ მაღალი ფასი ყოველთვის არ არის მაღალი ხარისხის გარანტია და ზოგიერთი ძვირადღირებული კბილის პასტა შეიძლება შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებოდეს იაფფასიანისგან. „სანამ გადაიხდით თანხას, წაიკითხეთ კბილის პასტის შეფუთვაზე პატარა ასოებით დაბეჭდილი წარწერა. ამავე დროს გაითვალისწინეთ თქვენი სტომატოლოგის რჩევა,“ – ასეთია სტომატოლოგის რეკომენდაცია.

იმისათვის, რომ კბილის პასტას ეფექტი – ჯანმრთელი და სუფთა კბილები – ჰქონდეს, კბილების გაწმენდა მინიმუმ დღეში ორჯერაა რეკომენდებული, დილას და საღამოს, ძილის წინ. პროცედურა 3 წუთს მანც უნდა გაგრძელდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: