ტენდერი ოთხჯერ – ანგისის სპორტული ბაზის ასაშენებლად

 

 

  ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა დაიწყო. ამისთვის ბათუმის მერიას ოთხჯერ დასჭირდა ტენდერის გამოცხადება. სპორტული ბაზის მშენებლობისთვის ბათუმის მერია 4 899 998 ლარს დახარჯავს. მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

 

 

ანგისის სპორტული ბაზა

 

ტენდერი ოთხჯერ

ბათუმში 20 000-მაყურებლიანი ოლიმპიური სტადიონის აშენება იგეგმებოდა. სპორტული ბაზის აშენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეწადა და გარკვეული თანხაც დახარჯა მის პროექტირებაზე. საბოლოო ჯამში კი, ბათუმში ოლიმპიური სტადიონი აღარ აშენდება, როგორც მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, აშენდება 20 000-მაყურებლიანი, მხოლოდ ფეხბურთისთვის განკუთვნილი სტადიონი. ხელახლა გასავლელია პროექტის მომზადებისა და შერჩევის ეტაპიც, რასაც ასევე ფინანსები დასჭირდება.

 

სწორედ იმ პერიოდში, როცა ოლიმპიური მოედნისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პროექტებს არჩევდნენ, ბათუმის მერია ცდილობდა კიდევ ერთი სპორტული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის შესყიდვას ანგისის დასახლებაში, რომლისთვისაც თანხა – 2 მილიონ 500 ათასი ლარი ბათუმის ბიუჯეტში ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიყო. თუმცა მაშინ ბათუმის მერიამ ვერ შეისყიდა სამუშაოები და მერიის მუდმივმოქმედმა სატენდერო კომისიამ 28 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ შპს „ხაგმა“, რომელიც არ მონაწილეობდა ტენდერში, გამოთქვა შემდეგი მოსაზრება: „ტექნიკური და ფინანსური პირობები მორგებული იყო კერძო კომპანიაზე“.

 

2015 წლის 4 მაისს მერიამ ისევ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, ამჯერად გაზრდილ თანხაზე – 5 მილიონ 330 ათას ლარზე, შეცვლილი პროექტით, რაც ითვალისწინებდა ორი საფეხბურთო მოედნისა და 1575-ადგილიანი ტრიბუნის მქონე სპორტული კომპლექსის მშენებლობას. როგორც ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, 5 330 000-ლარამდე თანხა მერიის ბიუჯეტში არსებული ეკონომიის ხარჯზე გაიზარდა.

 

ისევე როგორც წინა ტენდერში, აქაც ერთი – აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა. სატენდერო კომისიის ოქმში წერია, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე კომპანიამ ვერ წარადგინა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რიგი დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შემადგენელი აუცილებელი დოკუმენტი – საბანკო გარანტია, ფასების ცხრილი, კომპანიის გამოცდილების შესახებ დოკუმენტი. ამის გამო კომპანიამ სამუშაოები ვერ შეისყიდა და ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა.

 

2015 წლის 15 ივლისს მერიამ მესამედ, ახლა უკვე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აჭარის მთავრობის #105 განკარგულების საფუძველზე, ისევ 5 330 000 ლარზე. ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას – „ენერგოსექტორმშენს“ წარდგენილი დოკუმენტები არ ჩაეთვალა გამოცდილებად და ტენდერი ისევ უარყოფითი შედეგით დასრულდა. „იმის გამო, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას კომპანიები, მერიამ ტენდერის პირობები გაამარტივა, გავზარდეთ პროექტი და სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, დაემატა შენობა, სართულები, მოედანი“, – თქვა ბაგრატ მანველიძემ, რომელიც ამავე დროს არის ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც.

 

იმავე რაოდენობის თანხაზე ტენდერი გამარტივებული წესით ბათუმის მერიამ მეოთხედ 25 აგვისტოს გამოაცხადა. ამჯერად მასში ორი კომპანია მონაწილეობდა, მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია „ООО ЛИТОМ“ და ისევ ენერგოსექტორმშენი“. ტენდერი „ენერგოსექტორმშენმა“ მოიგო.

 

ხელშეკრულება

„ენერგოსექტორმშენსა“ და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულება 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმდა, რომელსაც ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ და კომპანიის დირექტორმა აკაკი შეყილაძემ მოაწერეს ხელი. კომპანიამ ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა 4 899 998 ლარად 2016 წლის 16 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

 

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი

ანგისის სპორტული ბაზა 1950-წლებში აშენდა და უკავია 7,5 ჰექტარი. მასში შედიოდა ორი მოედანი მორაგბეებისთვის (თითოეული 120X70 მეტრის) 1200-ადგილიანი ტრიბუნით, ფეხბურთის მოედანი 110X75 მეტრზე), მშვილდოსნობის არენა, ორი ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთში, პირველ სართულზე, მოწყობილი იყო ჭიდაობის დარბაზი (30X10 მეტრზე). ამჟამად ბაზაზე ფუნქციონირებს რაგბის ერთი მოედანი, მშვილდოსნობის არენა და ადმინისტრაციული შენობა საჭიდაო დარბაზით. ანგისის სპორტულ კომპლექსში რამდენიმე ობიექტს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები. მშენებლობის ორგანიზების პროექტში აღნიშნულია, რომ საჭიდაო დარბაზის, რაგბის მოედნისთვის 300-ადგილიან მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობა და მშვილდოსნობის არენის რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. სამუშაოები შეეხება იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რაგბის მოედნად იყენებენ. ამ ტერიტორიაზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის ორი მოედანი მოეწყობა და თითოეულ მათგანს ექნება განათება, სადრენაჟე და სარწყავი სისტემა. განთავსდება 4-სართულიანი ადმინისტრაციული ობიექტი. ტექტნიკურ პირობებში, რომელიც ხელშეკრულებას თან ახლავს და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ანგისის სპორტული ბაზა შემდეგნაირად არის აღწერილი: „სპორტული ბაზა მდებარეობს ანგისის დასახლებაში, ბათუმი-სარფის მიმართულების ტრასის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთიდან ემიჯნება მდინარე მეჯინისწყალი, სამხრეთით არხი და აღმოსავლეთით რამდენიმე კერძო მფლობელის ნაკვეთი. ტერიტორიაზე დაპროექტებულია 1575-ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა ზომებით 70.40X26.30მეტრი, ბუნებრივსაფარიანი ძირითადი მოედანი ზომებით 68X105მ და ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო საფეხბურთო მოედანი 63X105მ. ბათუმი-სარფის ტრასის მხარეს, ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში განთავსებული იქნება ადმინისტრაციული შენობა“.

 

ანგისის სპორტული ბაზის მდებარეობა რუკაზე

 

 

 

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი – ადმინისტრაციული შენობა

 

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი – მოედნები

 

ანგისის სპორტული ბაზის პროექტი – ტრიბუნები

 

 

ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება მსაჯთა, მწვრთნელთა, მატჩის დელეგატის, მედპერსოლანის, დაცვის ოთახები, საშხაპეები, სველი წერტილები, შემნახველი საკნები, სავარჯიშო დარბაზები, საწყობები, სალარო, სასტუმრო ნომრები, კაფე-ბარი, საუნა, დამხმარე სათავსოსები.

 

მეოთხე სართულზე, ტრიბუნის ცენტრში, განთავსდება სამაყურებლო ბაქანი. ტექნიკურ პირობებში ასევე აღწერილია: „ბაზის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი დარჩება არსებულ ადგილას, ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. ტერიტორიის შესასვლელთან, მისგან სამხრეთით განთავსდება პარკინგი პერსონალისა და მედიისთვის, რომელიც შეადგენს 20 ადგილს. ხოლო პარკინგები მაყურებლებისთვის განთავსებულია ბაზის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს – ადმინისტრაციული შენობის ჩრდილოეთით 62 ადგილი და ამავე შენობის სამხრეთით – 77 ადგილით. ბაზის ტერიტორიას ბათუმი-სარფის ტრასასთან აკავშირებს 6 მეტრი სიგანის 4 კიბე, ამ საფეხურების სამხრეთით და ჩრდილოეთით – ორი პანდუსი. მისგან აღმოსავლეთით განთავსებულია ძირითადი და სათადარიგო საფეხბურთო მოედნები.

 

მოედნების განათებისთვის განთავსდება 6 განათების ბოძი, რომელიც დამონტაჟდება სამშენებლო სამუშაოების დასრულების მერე. ბაზის მთლიანი ტერიტორია შემოღობილია ქუჩის გასწვრივ ლითონის ღობით, ხოლო დანარჩენი მხრდიდან – ქვის კაპიტალური ღობით. სამაყურებლო ტრიბუნა გათვლილია 1575 ადგილზე, ზომით 70.40X26.30მ. ტრიბუნა დაყოფილია 5 სექტორად. სექტორებზე ადგილები გადანაწილებულია შემდეგნაირად: სექტორი #1 – 72 ადგილი; სექტორი #2 – 528 ადგილი; სექტორი #3 – 375 ადგილი, მდებარეობს ტრიბუნის შუა პრესტიჟულ ნაწილში და თავის მხრივ, დაყოფილია შემდეგ ქვეზონებად: ა) 12-ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; ბ) 272 ადგილი სტუმრებისთვის; გ) 91 ადგილი მასმედიისთვის; სექტორი #4 – 528-ადგილიანი იქნება ხოლო სექტორი #5 – 72-ადგილიანი. ტრიბუნის შუა ნაწილში განთავსდა დახურული ბაქანი, რომელზეც, საჭიროებების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი 125 ადგილის მოწყობა. ბაქანზე და მასმედიის ადგილებისთვის გათვალისწინებულია დამოუკიდებელი შესასვლელები“.

 

 

ანგისის სპორტული ბაზა

 

ანგისის სპორტული ბაზა

 

ანგისის სპორტული ბაზა – ჭიდაობის დარბაზი

 

ანგისის სპორტული ბაზა

 

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

 

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

 

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა

 

  P.S. ანგისის სპორტული ბაზის პროექტის მშენებლობა 3 ოქტომბერს დაიწყო. ამჟამად აშენებენ ადმინისტრაციულ შენობას. ბაგრატ მანველიძის თქმით, “მორაგბეები გონიოში გადავიდნენ სავარჯიშოდ. სპორტსმენების ნაწილი იქვე ვარჯიშობს, რადგან ეს მშენელობის პროცესს, ჯერჯერობით, არ უშლის ხელს”.



 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი