მთავარი,რეკლამა

საკრებულო ხვალ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იმსჯელებს

27.06.2018 • 1878
საკრებულო ხვალ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იმსჯელებს

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი განიხილეს.

განკარგულების პროექტით წარმოდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N629 დადგენილებისა და „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N644 ბრძანების მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადდა.

2.კომისიის სხდომაზე - მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ეთერ ლომაძე.

კომისიის სხდომაზე – მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ეთერ ლომაძე.

განკარგულების პროექტის მიხედვით, 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში განსაზღვრულია 10 სტრატეგიული მიმართულება:

  • მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი;
  • ბათუმის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;
  • ბათუმის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;
  • მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება;
  • ქალაქის ურბანული განვითარება;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
  • ინკლუზიური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემა
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ინსტიტუციონალური გაძლიერება.
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად განსაზღვრულია სტრატეგიული ღონისძიებების, პროგრამებისა და აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი აღწერის, დაინტერესებული მხარეების, ბენეფიციარების მითითებით. გეგმა ასევე მოიცავს ღონისძიებების შესაბამისად გაწერილ 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმასა და ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზომოს კონკრეტული პროგრამების შესრულება. გეგმაში ასევე მოცემულია ღონისძიებების შესაბამისად განსაზღვრული რისკ-ფაქტორები, მათი შეფასება და დაძლევის ღონისძიებები.

განკარგულების პროექტის მიხედვით,  მუნიციპალიტეტის  2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსება განხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

დოკუმენტის ბათუმის საკრებულოში გადმოგზავნამდე, მიმდინარე წლის 18 აპრილს, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა საჯარო განხილვაზე აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო და თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა.

საჯარო განხილვაზე ქალაქის მერმა თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა (18.04.2018 წ.)

საჯარო განხილვაზე ქალაქის მერმა თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა (18.04.2018 წ.)

განხილვაზე ბათუმის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად შეიქმნა: „დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების 10 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ქალაქის ფუნქციურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. მასში აბსოლუტურად აისახება ქალაქის წინაშე არსებული ყველა საჭიროება. სტრატეგიული გეგმის შექმნის პროცესში, რომელსაც ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა დაედო საფუძვლად, მერიის ყველა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ განხორციელდა დოკუმენტის როგორც დროში გაწერა, ასევე ბიუჯეტის განსაზღვრა. გარდა ამისა, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ყველა იმ მხარის ინტერესი და მოსაზრება, რომელიც გამოთქმული იყო ამ პერიოდში“.

სტრატეგიის სამუშაო ვერსია განსახილველად გამოქვეყნებული იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე. ორგანიზებული იყო დისკუსიები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მოგროვილი დოკუმენტები და მონაცემები, გამოთქმული მოსაზრებები კი შეჯერებულ იქნა მოქმედ კანონმდებლობასა და აჭარის და საქართველოს სხვადასხვა სტრატეგიებთან.

საკრებულოს წევრები საჯარო განხილვაზე (18.04.2018)

საკრებულოს წევრები საჯარო განხილვაზე (18.04.2018)

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 28 ივნისის მორიგ სხდომაზე განიხილავს. დოკუმენტი, მიღების შემთხვევაში, ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: