ხელოვნების უნივერსიტეტში ანტიკურ სამოსს შეკერავენ

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი პროექტი – „ანტიკური სამოსი მინოსური  კრეტიდან ბიზანტიამდე“ განხორციელდება. პროექტის ავტორი ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილია. პროექტს იენის უნივერსიტეტის გერმანელი პროფესორი, ანნეგრეტ პლონტკე-ლუნინგი დიზაინის სპეციალობის სტუდენტებთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში 30 ანტიკური კოსტიუმი შეიკერება, რომლის ჩვენება 2015 წლის ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

 

 

პროექტის ფარგლებში 30 ანტიკური სამოსი უნდა შეიკეროს, რომლითაც დეფილეს შემდეგ ხელოვნების უნივერსიტეტის სასწავლო თეატრიც ისარგებლებს.

 

„ხელოვნების უნივერსიტეტში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. თუმცა ანნეგრეტ ლუნინგს ამდაგვარი პროექტი თსუ-ში ჰქონდა რამდენიმე წლის წინ გაკეთებული. ამ შემთხვევაში მუშაობა უფრო გამარტივდება, რადგან კოსტიუმებს დიზაინის სპეციალობის სტუდენტები შეკერავენ. ამასთან ერთად, პროექტში ჩადებულია სასწავლო თეატრის გაკეთებაც, რისთვისაც დაგვჭირდებ თეჯირები და ამასაც ამ პროექტით გავაკეთებთ. ინტერიერი ანტიკურ სტილში მოეწყობა“ – ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

 

პროექტის ფარგლებში გერმანელი პროფესორი ანტიკურ ხელოვნებასთან, ეკონომიკასთან და სამოსთან დაკავშირებულ ლექციების კურსს წაიკითხავს. იქნება სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობებიც.

 

„ასევე, დაგეგმილია სემინარი-პრეზენტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი აირჩევს რამდენიმე ანტიკურ კოსტიუმს და მოსმენილი ლექციებიდან და პრაქტიკული მეცადინეობებიდან გამომდინარე, პრეზენტაციასაც გააკეთებს. წარმოადგენს მის მიერ შეკერილ კოსტიუმებს, ანუ პრაქტიკულ ნამუშევარს და თეორიულ მასალასაც“- ამბობს ქეთევან ვაჩეიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება პირველი აპრილიდან დაიწყება: „ანნეგრეტ ლუნინგი მარტის ბოლოსთვის ჩამოვა ბათუმში, როგორც ვიცი, საკუთარი საკერავი მანქანაც კი მოაქვს. სასწავლო კურსი ორ თვეს გაგრძელდება. ივნისის შუა რიცხვებში დეფილე გაიმართება“.

 

პროექტის განსახორციელებლად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. კოსტიუმების ჩვენება, როგორც ქეთევან ვაჩეიშვილი ამბობს, ხელოვნების მუზეუმში, მეორე სართულზე გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ლელა დუმბაძე