„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოსთვის – არჩევნები 2017

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიის სათავეში რაულ თავართქილაძეა. იგი გასული წლის ბოლოს გაემიჯნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მანამდე, 2004-2008 წლებში, რაულ თავართქილაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისa და სპორტის მინისტრის მოადგილე.

სიის მეორე ნომერი ამირან ტაკიძეა, პროფესიით ექიმი, მესამე – ბადრი გორგაძე, პედაგოგი. „ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერია ავთანდილ ბარამიძე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძველი ბათუმის უბნის რწმუნებულად მუშაობდა. მეხუთე ადგილს ხელოვნებათმცოდნე შოთა ცაავა იკავებს. სიაში მეექვსე ნომრად თამარ მიქელაძეა რეგისტრირებული, მეშვიდე – ირაკლი ცენტერაძე, „ტაი კვანდოს“ ფედერაციის პრეზიდენტი, მერვე – ნინო კალანდაძე, მუშაობს სამშობიარო სახლში, მეცხრე – გიორგი კალანდაძე, სტუდენტი, მეათე – იულიანა გევორკიანი – იურისტი, მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად.

რატომ არჩია პარტიამ უპირატესობა მიენიჭებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური აქტივობის გამოცდილება არ აქვთ? – სიის პირველი ნომერი, რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ პარტიამ პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაზე გაკეთა არჩევანი, „ეს ადამიანები არ ჩანდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ჰქონდათ ევროპული ღირებულებები. პარტიაშიც ამიტომ მოვიდნენ,“ – გვითხრა რაულ თავართქილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძეა.

ამავე თემაზე:

ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები 

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი