მთავარი,სიახლეები

რას ნანობს პეტრე ზამბახიძე პოლიტიკური წარსულიდან – „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი

13.10.2020 • 1811
რას ნანობს პეტრე ზამბახიძე პოლიტიკური წარსულიდან – „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი

„ახალი სტილის მმართველობაზე“ აქცენტი პეტრე ზამბახიძემ ინტერვიუს დასაწყისშივე გააკეთა, თუმცა შემდეგ კითხვებზე პასუხით ნათლად გამოჩნდა, რომ პეტრე ზამბახიძეს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლესი საბჭო მოსწონს და უმაღლეს საბჭოს არ ეხებოდა ის, რაც „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა – არმაზ ახვლედიანმა თქვა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ყველაზე უკეთ გაიაზრეს წარსულის შეცდომებიო.

პეტრე ზამბახიძე არაფერს ნანობს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლეს საბჭოში მუშაობით, როცა იგი იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა და აჭარის კონსტიტუცია მიიღო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ეფექტური და საქმიანიც კი იყო მაშინდელი უმაღლესი საბჭო, რომელსაც გარედან ხშირად მოიხსენიებდნენ სააკაშვილის ან ვარშალომიძის „სანოტარო კანტორად“.

პეტრე ზამბახიძე „ევროპული საქართველოს“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერია. მას „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო პეტრე, რატომ არის თქვენი და „ევროპული საქართველოს“ უმაღლეს საბჭოში შესვლა მნიშვნელოვანი? 

„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას სთავაზობს გარდამტეხ ცვლილებას, ევროპულ კოალიციას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის და რეგიონის კრიზისიდან გამოყვანას. ეს ახალი სტილის მმართველობა იქნება, არა ერთპარტიული, ოლიგარქიული, არამედ გუნდური და კოალიციურ პრინციპზე დაფუძნებული.

  • თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები. თქვენ რას ნანობთ წარსული პოლიტიკური გამოცდილებიდან? 2004 წლიდან უმაღლესი საბჭოს წევრი ხართ და 2017 წელს გაემიჯნეთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 

აბსოლუტურად ვეთანხმები არმაზ ახვლედიანს. „ევროპული საქართველო“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც სრულად გაიზიარა და აიღო გარკვეულწილად პასუხისმგებლობა, აღიარა ის პრობლემები და შეცდომები, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, მათ შორის, სასამართლოს სისტემაში, ზოგჯერ და ხშირად ნაჩქარევი რეფორმების გამო დაზარალებული ადამიანების ნაწილში. „ევროპული საქართველო“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხვდება წარსულ შეცდომებს და იცის, როგორ აღარ დაუშვას ეს შეცდომა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, რომ წავიდეთ წინ და არა „ქართული ოცნების“ მსგავსად ვისაუბროთ მხოლოდ წარსულზე და არა მომავალზე. ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით და ქვეყნის სიყვარულით შეძლებს ყველა იმ პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაატეხა ჩვენს ქვეყანას.

  • კონკრეტულად უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში რა იყო შეცდომა, რაც გაიაზრეთ და ნანობთ? 

შეუმცდარი არავინაა, თუმცა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დონეზე მე ასეთი არ მახსენდება, ეს შეაფასოს საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა… შეცდომები ძირითადად იყო ქვეყანაში ძალოვანი სამინისტროების კუთხით, აჭარას ასეთი არ გააჩნია… თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ბევრია გასაკეთებელი და „ევროპული საქართველო“ 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებას სთავაზობს ბევრ სიახლეს, მათ შორის, ნაფიცი მსაჯულების შემოღებას უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს რეფორმის კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც მთავარია, „ჩადების ინსტიტუტის“ საბოლოოდ ამოძირკვას. ეს ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ უწყვეტი ვიდეოკადრის არარსებობის შემთხვევაში ამოღებული ნივთი რომელიმე ადამიანისგან, რაც შეიძლება იყოს მათთვის ბრალის წაყენების საფუძველი, არ ჩაითვლება მტკიცებულებად…

  • ამბობთ, რომ შეცდომების გააზრება ეხება ძირითადად სამართალდამცველებს, მაგრამ ყველა ინსტიტუციას ხომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს? თქვენ იყავით იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, როცა უმაღლესმა საბჭომ 2008 წელს აჭარის კონსტიტუცია მიიღო. მაშინ იყო შეფასებები, რომ ამ კონსტიტუციამ უმაღლესი საბჭო კიდევ უფრო უმოქმედო და უუნარო გახადა. იმ წლებში თქვენ ამ კრიტიკას არ იზიარებდით. ახლა რას ფიქრობთ? 

ახლაც არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ეს იყო სამწუხაროდ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის შეფასება, ისინი შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს იყო აბსოლუტურად არასერიოზული, რადგან რეგიონის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ძალიან დემოკრატიული და პირველი კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 2008 წელს მიღებული აჭარის კონსტიტუცია იყო მთავარი დოკუმენტი, რომლითაც ჩამოყალიბდა რეგიონის ძალიან ბევრი სახელისუფლებო სტრუქტურა.

  • ჩამოყალიბდა ფორმალურად, მაგრამ ეფექტური იყო? იმ პერიოდის უმაღლეს საბჭოს მოიხსენიებდნენ სააკაშვილის ან ვარშალომიძის სანოტარო ბიუროდ.

ეს იყო უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების მიერ გაკეთებული განცხადებები. ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი გეტყვით, რომ აჭარის კონსტიტუცია არის სრულყოფილი და თანხვედრილი საქართველოს კონსტიტუციასთან, მასში არის ყველა ის ნორმა და დებულება გაწერილი, რომელიც საკმარისზე მეტია ნებისმიერი ავტონომიური წარმონაქმნისთვის.

  • რატომ იყო და არის არაეფექტური უმაღლესი საბჭო?

ეს ერთგვარი პოლიტიკური ხრიკია, რომ პოლიტიკურ ოპონენტს დააბრალო ის, რაც ტყუილია. უმაღლესი საბჭო იყო ეფექტური და ყველაზე საქმიანი 2004 – 2008 წლებში, რომელმაც რეგიონის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. უმაღლეს საბჭოში მიმდინარე დებატები, მიღებული ბიუჯეტი, საკანონმდებლო აქტები იყო ის მთავარი დოკუმენტი, რომელმაც მოიტანა განვითარება. არაეფექტური და უუნარო იყო 2012 – 2016 წლების უმაღლესი საბჭო, რომელიც ერთპარტიული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ იყო დაკომპლექტებული და, სამწუხაროდ, არაფერი გააკეთეს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ 2012 წელს უმაღლეს საბჭოში მოსული ადამიანები საუბრობდნენ ასე, როცა თავად იყვნენ უსაქმურობის და უუნარობის მაგალითები ჩვენს რეგიონში.

  • 2012 წლამდეც  არ გვახსოვს ისეთი უმაღლესი საბჭო, რომელიც ახერხებდა მთავრობის კონტროლს, თუნდაც კრიტიკული კითხვების დასმას ლევან ვარშალომიძისთვის.

ცუდია, რომ არ გახსენდებათ, ცუდია, რომ ეს არ ახსენდებათ ოპონენტებს. ეტყობა, ისინი ეფექტურად არ აკვირდებოდნენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, რამდენჯერმე ბიუჯეტის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ბიუჯეტს, მათ შორის, უმრავლესობიდან არ დაუჭირეს მხარი. რამდენიმე ძალიან გახმაურებული საქმე იყო, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტის დამტკიცებას და სამინისტროებში ცალკეული ხარჯების გამოთავისუფლებას, რომ შექმნილიყო ახალი სტრუქტურული ერთეულები, მაგალითად, ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა გზების კეთილმოწყობას და სოციალური პრობლების მოგვარებას. ხშირი იყო კამათი სწორედ უმრავლესობის წევრებს შორის. იმ დროს უმაღლესი საბჭო იყო ქმედითი და ეფექტური, რომელმაც სათავე დაუდო რეგიონის განვითარებას.

  • თქვენი ეს პოზიცია ხომ არ აფიქრებინებს ამომრჩეველს იმას, რომ რეალურად იმავე ტიპის უმაღლეს საბჭოს გვთავაზობთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ. აქვე საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად აქვს „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური იდენტობის პრობლემა. 

„ევროპული საქართველო“ არჩევნების გამოცხადებამდე და მის შემდეგ აფიქსირებს, რომ ის არ შეუქმნის ხელისუფლებას კოალიციას, ის იქნება მხოლოდ ევროპული კოალიციის მომხრე. ევროპული კოალიციის ჩამოყალიბების პირობებში ჩვენ წინასწარ პრემიერობის კანდიდატს არ ვასახელებთ, ეს იქნება მსჯელობის და კონსულტაციის საგანი. ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, შევძლოთ ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში მივიღოთ ისეთი ნდობა, ჩამოყალიბდეს ისეთი მოქნილი და ეფექტური მთავრობა, რომელიც ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ქვეყანას გამოიყვანს.

  • თქვენ აპირებთ 20-დან 10 პროცენტამდე შეამციროთ საშემოსავლო გადასახადი, ხოლო პენსია გააორმაგოთ. რა გათვლები არსებობს კონკრეტულად, რომ საშემოსავლოს შემცირება მოიტანს შედეგს? 

ჩვენი გეგმა და ხედვა ეხება ცენტრალურ ბიუჯეტს და, რა თქმა უნდა, რეგიონის ბიუჯეტსაც, თუმცა გადასახადების შემცირება, პირველ რიგში, აისახება ცენტრის დონეზე. ჩვენი გეგმის  მიხედვით 2 მილიარდამდე თანხა გამოთავისუფლდება ჯამში ეფექტური და მცირე მთავრობის პირობებში ყოველწლიურად. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას ეფექტური და მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც არ იქნება ბევრი სამინისტრო, არ იქნება ფუფუნებასა და კომფორტისთვის გათვალისწინებული თანხები და ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენი მიზანია დავზოგოთ ის თანხები, რაზეც ტენდერი ცხადდება და უაზროდ გაბერილი ხარჯები ქმნის კორუფციის საფრთხეს, ხალხის ფული ვიღაცების ჯიბეში მიდის, მათ შორის, ვინც წინასაარჩევნოდ არის შემომწირველი… ჩვენ შევძლებთ, როგორც პენსიის, ასევე სოციალური დახმარებების გაორმაგებას. საშემოსავლოს შემცირებით დაახლოებით 2 ათასი ლარი მინიმუმ დაეზოგება ოჯახს წლიურად და ეს იქნება შეღავაით, საწვავის აქციზი აძვირებს ასევე ყველა პროდუქტს….

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალი ინვესტიციების შემოსვლა და არსებული ინფრასტრუქტურული, მასშტაბური საინვესტიციო პროექტების დასრულება, მათ შორის, ანაკლიის პორტი, გონიოს და ბათუმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლბლობა…

  • კარგად კი ჟღერს საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარი, რასაც თქვენ ჰპირდებით ამომრჩეველს, მაგრამ რა გათვლებით აპირებთ მის შესრულებას? 

ქვეყნის მასშტაბით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ბუნებრივად იწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ინვესტიციები, ბიუროკრატიული ხარჯების გამოთავისუფლება, გადასახადების შემცირება – მთლიანობაში შევძლებთ მივიღოთ ის უმნიშვნელოვანესი პაკეტი, რომელიც იქნება ეფექტური და მოკლე დროში მოგვცემს შედეგს…

ეს ყველაფერი გათვალეს ეკონომისტებმა და ჩვენ მალე გვექნება ამ პროგრამის წარმოდგენა, მათ შორის, ბათუმში. ჩვენს გეგმას განახორციელებს ის გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში რეფორმატორულ ინიციატივებს იჩენდა… ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ვნახავთ ურთულეს 2021 წელს, როცა ქ ხელისუფლება ჩამოიშლება, რადგან ეკონომიკის ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს შეუძლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: