ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე

სიკვდილი გზაში

„დილით მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითს, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა…“ – წერდა „ბათუმელები“ იმ დღესაც, როცა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

 

  • 26 მარტიდან დღემდე ამ ქუჩის ერთ მონაკვეთში, „თიბისი ბანკთან“ მისვლამდე, ექვს ქვეითს დაეჯახა ავტომანქანა, მათ შორის, სამი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
  • 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა ექიმებს ასევე ბათუმში, თამარის დასახლებაში. ბიჭს გზაზე ავტომანქანა დაეჯახა. ეს ამბავი 27 ივნისს მოხდა.
  • 22 მარტი, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ერთ-ერთმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა. იქ დედა-შვილი იდგა… 9 წლის ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. დედა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
  • 4 აპრილის საღამოს ასევე ტროტუარზე მიმავალი ქვეითი გაიტანა ავტომანქანამ მეტრო „სარაჯიშვილთან“ ახლოს.
  • ორ არასრულწლოვანს დაეჯახა ავტომანქანა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ისინი ე.წ. ზებრაზე გადადიოდნენ. არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
ყოველდღიურად თვითმხილველები ვართ სიტუაციის, როცა მძღოლი გზას არ უთმობს ქვეითს, მათ შორის, შუქნიშანთან, ან ქვეითთა გადასასვლელზე. მოძრაობის წესებს არღვევენ ქვეითებიც – ქუჩის აკრძალულ მონაკვეთზე გადარბენით. ხშირად არც შუქნიშანს აქცევენ ყურადღებას.

 

ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა. ამ მონაკვეთზე ბოლო წლებში არაერთი ავტოავარია მოხდა

ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა. ამ მონაკვეთზე ბოლო წლებში არაერთი ავტოავარია მოხდა

 

„ავტოავარიით საქართველოში იღუპება ორნახევარჯერ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ევროპაში“

 

ეს ეკა ლალიაშვილმა გვითხრა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა. „ყოველწლიურად იზრდება ეს მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს 581 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ჩვენთან საშუალოდ 100 ათას ადამიანზე 15-16 ადამიანი იღუპება ავარიების შედეგად, ევროპის ქვეყნებში კი, საშულოდ 5-6 ადამიანი იგივე 100 ათას კაცზე,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევაზე პროკურატურას 2017 წლის იანვრიდან მაისამდე 301 ადამიანის მიმართ დაუწყია სისხლის სამართლებრივი დევნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ავარიების შედეგად ქვეყანაში 624 ადამიანი დაზარალებულა, მათ შორის – 58 არასრულწლოვანი.

ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კომპლექსური სტრატეგია უნდა შეიმუშავოს ამ მაჩვენებლის შესამცირებლად. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა სპეციალისტები გამოყოფენ აქტიურ და აგრესიულ საინფორმაციო კამპანიას, ასევე სკოლებში მოზარდებისთვის შესაბამისი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას. სპეციალისტების აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რა რეაგირება მოჰყვება თითოეულ სამართალდარღვევას პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. „სამართლიან გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, პრევენციული დატვირთვა აქვს. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი დაისჯებიან, თუკი ქუჩაში წესებს დაარღვევენ და არ გაუფრთხილდებიან როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი.

 

მხოლოდ სამი პატიმრობა 142 შემთხვევიდან – ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე სასამართლომ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, ჯამში, 142 საქმე განიხილა. სასამართლოს არც ერთი მძღოლი არ გაუმართლებია. სასამართლოს პროცესებზე პროკურატურა და ბრალდებული უმეტეს შემთხვევაში მორიგებულან და საპროცესო შეთანხმებები გაფორმებულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ პასუხისგებაში მიცემული 142 პირიდან მხოლოდ სამი გაუშვა ციხეში. წელს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთ პირს შეეფარდა, ორს – 2016 წელს.

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. 2018 წლიდან სასჯელის სახეს – თავისუფლების შეზღუდვას შინაპატიმრობა ჩაანაცვლებს. შემთხვევის სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა ბრალდებულს ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის მოხდა დაეკისროს. 276-ე მუხლი მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე.

1

მსჯავრდებული: ყოველთვის მძღოლი გამოდის დამნაშავე

 

როინ ამაღლობელი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ავტოავარიის გამო ჯარიმის – ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამას გარდა, მას 6 თვით შეუჩერდა ავტომანქანის მართვის მოწმობით სარგებლობა.

„შემთხვევა ხელვაჩაურის გზატკეცილზე მოხდა, დილის ხუთის ათი წუთი იყო, – ყვება როინ ამაღლობელი, – ახალგაზრდა ქალმა უცებ გადმოკვეთა გზა, დამუხრუჭება შეუძლებელი იყო. ის ახლაც ცუდადაა, ვერ გამოჯანმრთელდა. მესმის მისი, მაგრამ ყოველთვის მძღოლი არაა დამნაშავე. ქვეითებიც ყურადღებით უნდა იყვნენ. ქვეითის გასაკეთებელს მძღოლი ვერ გააკეთებს“.

ამ საქმეზე დაზარალებულმა, 40 წლის ქალმა, ჩვენება ვერც გამოძიებას მისცა და ვერც სასამართლოს. მან ავტოავარიის შედეგად მეტყველების უნარი დაკარგა.

 

დაზარალებული: რა უნდა მოვთხოვო, ბედისწერა იყო ეს

 

გასული წლის 25 სექტემბერს ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კლინიკა „მედინასთან“, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი ორი ქალი დაიღუპა, ერთი – დაშავდა.
„არ ვიცი, რა გამოიძიეს, ან რა გადაწყვეტილება გამოიტანეს, არ მაინტერესებს, – გვითხრა დავით დავითაძემ, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლეა. – მძღოლი ჩემი ცოლის მეგობარი იყო. არ მომითხოვია ვინმეს დასჯა, რა უნდა მოვთხოვო, ბედისწერა იყო ეს…“

როგორ უნდა ისჯებოდეს ადამიანი, რომელიც ავტოსაგზაო მოძრაობის წესებს არღვევს – დავით დავითაძე ფიქრობს, რომ დაჯარიმების სისტემა უნდა გამკაცრდეს და ვიდეო-სათვალთვალო კამერებს აქტიურად უნდა იყენებდეს პოლიცია, ვიდრე მსგავსი ტრაგედია მოხდება. იგი საგზაო ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი აზრით, ხშირად მძღოლებს წესების დაცვის საშუალებას არ აძლევს.

ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა გენადი მახარაძეც, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მიმდინარე წლის პირველ მაისს იგი მეუღლესთან ერთად სარფიდან ბათუმისკენ ტაქსით მოდიოდა.

„დაახლოებით საღამოს 10 საათი იყო, გონიოს ციხეს გამოვცდით და ძლიერი შეჯახების ხმა მახსოვს, გონება დავკარგე. რაღაც დროში მომესმა, როგორ იძახებდნენ სასწრაფოს, სისხლში ვცურავდი. თურმე უკანა სავარძლიდან მანქანის წინა საქარე მინას დავჯახებივარ თავით,“ – გვიყვება გენადი მახარაძე. საავადმყოფოში მოხვედრილა ტაქსის მძღოლიც, შედარებით მსუბუქი დაზიანებებით.

გამოძიების მიმდინარეობით არც გენადი მახარაძე დაინტერესებულა. მიიჩნევს, რომ დასჯა არაფერს შეცვლის და მთავარი დაზარალებულის ფინანსური მხარდაჭერაა. „არც მოვუკითხივართ არავის. დაზღვეული ვარ და სადაზღვევო კომპანიაში მომთხოვეს გამოძიების მონაცემის წარდგენა. გამომძიებელმა მითხრა, რომ საქმე გადაცემულია სასამართლოში. ალბათ, დაგვიბარებენ და მოისმენს მოსამართლე ჩვენს პოზიციას… ჩემი აზრით, გააჩნია შემთხვევას, თუკი სიკვდილი გამოიწვია შემთხვევამ, მაშინ უნდა დაისაჯოს დამნაშავე მკაცრად. სხვა შემთხვევაში, როცა გაუთვალისწინებლად ხდება რაღაც, მთავარია, ფიზიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა,“ – ამბობს გენადი მახარაძე.

2

 

რა უნდა შეიცვალოს ქვეითების დაჯარიმებისა და მართვის მოწმობის გაცემის კუთხით

 

მძღოლების ადეკვატურად დაჯარიმების გარდა, „საქართველოს ალიანსში უსაფრთხო გზებისთვის“ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ ქვეითების დაჯარიმებასაც. „ამას ხშირად თავს არიდებს პოლიცია. შესაძლოა ჯარიმა იყოს 10 ლარი, მაგრამ ინტენსიურად უნდა დააჯარიმონ ქვეითები, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. გვახსოვს, როგორი ეფექტი ჰქონდა თავის დროზე ღვედების არგაკეთების გამო დაჯარიმებას. ხელისუფლების ვალდებულებაა, განსაკუთრებით ქვეითთა გადასასვლელებზე უსაფრთხო გადასვლა უზრუნველყოს,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

მისივე აზრით, შედეგზე პოზიტიურად აისახება, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მომავალი წლიდან ავტოსკოლები სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებას დაექვემდებარებიან.

„ამ შემთხვევაში შეიქმნება ერთიანი სტანდარტი. ავტოსკოლებს ვალდებულება ექნებათ, გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ხშირად მხოლოდ ტექნიკურად აძლევენ ცოდნას ეს სკოლები ახალბედა მძღოლებს. ისინი ისე ახერხებენ მართვის მოწმობის აღებას, რომ არ იციან ავტომანქანის მართვა“, – გვითხრა ეკა ლალიაშვილმა.

 

 

„მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია“ – განათლების სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების სწავლებაზე

 

საგზაო მოძრაობის წესების სწავლება საჯარო სკოლებში მე-4 კლასიდან იწყება. ამ საკითხს საგანი „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ ითვალისწინებს. „არსებული სტანდარტის მიხედვით, მოსწავლემ უნდა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები და, რაც მთავარია, ყოველ კონკრეტულ ვითარებას უნდა შეუსაბამოს კონკრეტული მოძრაობის წესი,“ – მოგვწერეს საქართველოს განათლების სამინისტროდან.

მე-11 კლასში დამოუკიდებელი საგნის სახით ისწავლება „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“.

„ყველას მოსწონს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ეს განტვირთვისაც კარგია,“ – გვითხრა ინგა ბილოხოძემ. ის ბათუმის #2 საჯარო სკოლაში ასწავლის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. მისი თქმით, საგნის გავლის შემდეგ მოსწავლეები უკვე იცნობენ შუქნიშნებს, მოძრაობის წესებს, ქვეითების ვალდებულებებს: „რაღაც ნაწილს კომპიუტერით გავდივართ. მოსწავლეებს ეს ნაწილი უფრო მოსწონთ, რადგან იმ ტესტებში ვამზადებ, რაც მართვის მოწმობის ასაღებად არის საჭირო. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სკოლაში ნასწავლი თეორიული საკითხით მართვის მოწმობა აუღია ჩემს მოსწავლეს… მე გამოცდილი მძღოლი ვარ. სკოლაში რუსულს ვასწავლიდი. ოთხი წლის წინ, როცა ეს საგანი შემოიღეს, გადამზადების კურსი გავიარე და მოძრაობის უსაფრთხოებას ვასწავლი ახლა“.

ინგა ბილოხოძე მიიჩნევს, რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუკი თეორიულ ნაწილს პრაქტიკულიც დაემატება და მე-11 კლასელებს დახურულ მოედანზე ავტომანქანის გატარების შესაძლებლობა ექნებათ.

„როცა მე ვსწავლობდი სკოლაში, პირიქით იყო. მაშინ ზოგიერთ სკოლას ჟიგულები ჰქონდა, მაგრამ თეორიული სწავლება არ იყო. ახლა მოსწავლეები სულ მანქანას მთხოვენ, მაგრამ არ არის,“ – ამბობს ინგა ბილოხოძე.

მოხატული „ზებრა"

მოხატული „ზებრა”

არის თუ არა საკმარისი ამ საგნის სწავლების ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის – სკოლის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ საკმარისია. განსხვავებულად ფიქრობენ საქართველოს განათლების სამინისტროში, საიდანაც ანალოგიურ კითხვაზე „ბათუმელებს“ უპასუხეს:

„მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია იმ დოზით და ფორმით სწავლება, როგორც ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული… შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით საგზაო უსაფრთხოების კომპონენტის სწავლება დაგეგმილია საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩვენი საქართველო“. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს მოსწავლეები 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა თემაში შეეხებიან. გარდა ამისა, საბაზო საფეხურზე მე-7 და მე-8 კლასებში ახალი საგნის, „მოქალაქეობის“ ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების კომპონენტი. რაც შეეხება საშუალო საფეხურს, მისი კონცეფცია მთლიანად გადამუშავდება და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება საშუალო საფეხურზე რა ფორმით და როგორ შევა ეს საკითხი“.

 

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი