გენო გელაძე

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი

საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს უჭირთ თავის დამკვიდრება. მათ წინააღმდეგობები ხვდებათ არათუ ქუჩაში, დამსაქმებლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე“. ბიზნესის წამოწყება, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი მხარდაჭერა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფებს ეხმარება. პროექტის დეტალებზე ორგანიზაციის დამფუძნებელს, გენო გელაძეს ვესაუბრეთ.

გენო, რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს განათლებაში, პროფესიის შესწავლაში, საარსებო წყაროების შექმნაში, სოციალურ აქტივობებში ჩართვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

რამდენი ბენეფიციარის [ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები, პრობაციონერები] მხარდაჭერა შეგიძლიათ თქვენი პროექტის ფარგლებში და რომელ რეგიონებში?

პროექტი, რომელიც „ევროკავშირის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიის რეგიონში, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, იმერეთის რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია ყველა რეგიონში ასობით ბენეფიციარს დავუჭიროთ მხარი და, ბუნებრივია, ყველა სერვისში ბენეფიციართა რაოდენობა სხვადასხვა იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ რეგიონში და მუნიციპალიტეტში რა სერვისებზე იქნება უფრო მოთხოვნა. პროექტის ფარგლებში ჯამში ჩვენი სერვისებით, საშუალოდ, 3800-მდე ბენეფიციარი მიიღებს სარგებელს.

პროექტის ერთ-ერთ კომპონენტზე – ყოფილი პატიმრების განათლების ხელშეწყობაზე რომ გვითხრათ, რას ასწავლიან თქვენთან ყოფილ პატიმრებსა თუ მათი ოჯახის წევრებს?

ვაფინანსებთ იმ საგანმანათლებლო სერვისებს, რაც წარმოადგენს ბენეფიციარის ინტერესის სფეროს. ეს შეიძლება იყოს როგორც რაიმე ხელობის შესწავლა, ასევე სხვადასხვა გამოყენებადი პროფესიის დაუფლება. განათლების სერვისები მოიცავს როგორც საბუღალტრო პროფესიის, ასევე ავტომობილის მართვის შესწავლას, კერამიკული ფილების მოწყობას, შელესვას და ა.შ. ანუ, ყველაფერს, რაც მოკლე დროში ისწავლება და სწავლის პარალელურად, ან დასრულებისთანავე მაღალი ალბათობით იძლევა დასაქმების შესაძლებლობას.

ყოფილი პატიმრები, როგორც წესი, ირჩევენ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს და სტაჟირებას, რაც მათი დასაქმებისკენ იქნება მიმართული. ამიტომ ხშირად ჩვენ ვირჩევთ არა პროფესიული სასწავლებლების, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან ინიდივიდუალური სწავლებისა და სტაჟირების მოდელს, რაც ძალიან ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია. მაგალითად: ბენეფიციარი, ვისაც სურს ავტომობილის სავალი ნაწილების შემკეთებლის პროფესიას დაეუფლოს, მას სტაჟირების ფორმით მივავლენთ სახელოსნოში, სადაც ის პრაქტიკულად ეუფლება პროფესიას, შემდეგ შევუსყიდით საჭირო ინსტრუმენტებს და ჩვენი დახმარებით ან მისივე აქტიურობით ადვილად იწყებს მუშაობას.

პროექტი მცირე საოჯახო საწარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს – რამდენი პროექტის დაფინანსება იგეგმება და რამდენია მაქსიმალური თანხა, რის გაცემასაც ითვალისწინებს პროექტი?

მე პროექტის ამ მიმართულებას მცირე საწარმოს ნაცვლად, შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფას დავარქმევდი. საქმე იმაშია, რომ როცა გვეუბნებიან ტერმინს „საწარმო“, მასშტაბების მიუხედავად წარმოვიდგენთ დიდ ობიექტს, რომელშიც ხუთასი ადამიანი მუშაობს. არადა, პატარა წისქვილი, კაფე, საცხობი და ა.შ. ასევე საწარმოებია. ჩვენ ბენეფიციარებს ვთავაზობთ თვითდასაქმების ხელშეწყობას იმგვარად, რომ მოიფიქრონ საქმე, რომელსაც თავად გააკეთებენ და რომელიც მათი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გახდება. ეს საქმე შეიძლება წამოიწყოს ერთმა ბენეფიციარმა ან რამდენიმემ ერთად. თვითდასაქმების მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოგვმართონ და მიიღონ მხარდაჭერა. ბუნებრივია, დადგენილია შესაბამისი პროცედურა, რასაც პროექტის თანამშრომლები დეტალურად განუმარტავენ ყველა დაინტერესებულ ბენეფიციარს. მეტიც, ჩვენ ყველას ვეხმარებით იდეის დამუშავებაში და იმგვარად განვითარებაში, რომ დაგეგმილი საქმე იყოს შემოსავლის მომტანი და გამოირიცხოს რისკები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ იდეის განხორციელებას.

რა ტიპის პროექტს აქვს დაფინანსების შანსები?

ნებისმიერი საქმიანობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია. ეს შეიძლება იყოს ხელობა, ხელსაქმე, სუვენირების დამზადება, კერვა, ცხობა, შეშის დახერხვა, მანქანის რეცხვა, წისქვილი და ა.შ.

ვინ წყვეტს, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს და რომელი არა?

ვფიქრობ, ამ პროცესს ძალიან ობიექტურად ვაკეთებთ. კერძოდ: პროექტის ფარგლებში თვითდასაქმების მსურველთა განცხადებას განიხილავს პროექტის განმახორციელებელი ოთხი ორგანიზაციის წარმომადგენელი (პროექტის რეგიონების კოორდინატორები) იმავე სოციალური მუშაკების მონაწილეობით, ვინც მუშაობენ ამ ბენეფიციარებთან და შეფასებული აქვთ მათი შესაძლებლობები. როგორც წესი, თუ წარმოდგენილ განაცხადს, თუნდაც იდეის დონეზე აქვს განვითარების შესაძლებლობა, პროექტის გუნდი ეხმარება განმცხადებელს იდეის დამუშავებაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, საშუალო ხარისხის განაცხადიც კი, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ. ანუ, თუ იდეა კარგია და აქვს განვითარების პერსპექტივა, ის აუცილებლად ხორციელდება.

ბუნებრივია, გვაქვს შემუშავებული განაცხადების შეფასების, შერჩევისა და მხარდაჭერის დეტალური პროცედურები, კრიტერიუმები და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია.

ძირითადად რა ტიპის განაცხადები შემოდის ყოფილი პატიმრების თუ მათი ოჯახის წევრებისგან?

ამ ეტაპზე პოპულარულია ხელობა, ანუ ხელოსნების განაცხადები, საცხობი და სუვენირების დამზადება.

პროექტის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა სოციალური საწარმოს ამოქმედება. რას გულისხმობს ეს იდეა?

სოციალური საწარმოები ოთხივე რეგიონში ამოქმედდება, რომლებიც ამ რეგიონებისთვის პრეცედენტული იქნება. საწარმოებში, ძირითადად, დასაქმდებიან პატიმრები, ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად თავის სიტყვას იტყვის საქართველოში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახების, პრობაციონერების დასაქმების, ასევე, ზოგადად, მცირე დანახარჯებით სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში. ეს იქნება ჩვეულებრივი პატარ-პატარა ბიზნესობიექტები, სადაც პროექტის ბენეფიციარები იმუშავებენ. ამ იდეის შესახებ ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ერთგვარი კომერციული საიდუმლოა, თუმცა სამ, მაქსიმუმ ოთხ თვეში აუცილებლად ავამუშავებთ პროექტის ფარგლებში პირველ საწარმოს და პირველი სწორედ თქვენი მკითხველი გაიგებს ამის შესახებ.

ყოფილი პატიმრები ის ჯგუფია, ვისთან კონტაქტსაც საზოგადოება, ძირითადად, თავს არიდებს. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ პატიმრებზე მორგებული პროექტის განხორციელება?

სამწუხაროდ, თქვენი კითხვა საფუძვლიანია და ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, ამ მხრივ მართლაც გვაქვს მცდარი სტერეოტიპები. მე არ ვეკუთვნი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ პატიმრები, პატიმართა ოჯახები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები თურმე საშიშნი ან არასანდონი არიან. პირიქით, ესენი არიან ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები, რომელთაც დაუშვეს შეცდომა და ამისთვის სასჯელის მოიხადეს. კარგად თუ დავფიქრდებით, ყველა ჩვენგანს აღმოგვაჩნდება ისეთი შეცდომა დაშვებული, რაც, უბრალოდ, შეუმჩნეველი დარჩა, თორემ ამ ადამიანების რიგებში ვიქნებოდით. ამქვეყნად უშეცდომოს იცნობთ ვინმეს?!

უკვე 12 წელია ვმუშაობთ ყოფილ პატიმრებთან, პატიმართა ოჯახებთან, პრობაციონერებთან და არც ერთხელ არ მინანია ეს. უფრო მეტიც, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს ათასობით მაგალითიდან, რომ ჩვენმა ბენეფიციარებმა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას სწავლობდნენ, მუშაობდნენ და ა.შ. – რაიმე სახის შეცდომა დაუშვეს, შეგვარცხვინეს. მე ვამაყობ მათი წარმატებით.

ვიცი, მათ შორის ბევრი იქნება თქვენი მკითხველი და ამ ფორმითაც ვეტყვი, რომ სწორედ მათი მაღალი მოტივაციის, პოზიტიური ქცევების, განვითარების სურვილის გამო გადავწყვიტეთ 12 წლის შემდეგაც გვემუშავა ამ კუთხით. იმედი მაქვს, პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახების, პრობაციონერების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული მახინჯი სტერეოტიპები ძალიან მალე დაინგრევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან