მთავარი,სიახლეები

ბათუმში ვალდორფის საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება

02.08.2017 • 8370
ბათუმში ვალდორფის საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება

ბათუმში ვალდორფის ბაღის გახსნის იდეა თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულს, შტუტგარდის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ილია კალანდაძეს გაუჩნდა. მისი თქმით, თანამოაზრეების შემოკრებას სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაც მოჰყვა. ილია კალანდაძის თქმით, დღეს ეს ჯგუფი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს და ახლო მომავალში ბათუმში საერთაშორისოდ აღიარებული ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით მოქმედი ბაღიც აშენდება. რითი გამოირჩევა ვალდორფის საგანმანათლებლო სისტემა დღეს არსებული სხვა საბავშვო ბაღების სისტემისგან და რა არის მისი უპირატესობა? ამ თემაზე „ბათუმელებს“ პროექტის კოორდინატორი ილია კალანდაძე ესაუბრა.

ილია კალანდაძე

ილია კალანდაძე

რაში მდგომარეობს ვალდორფის ბაღის უნიკალურობა, რითი გამოირჩევა ის დღეს არსებული საბავშვო ბაღებისგან?

ვალდორფის სკოლა პირველად 1919 წელს გერმანიაში, შტუტგარდში დაარსდა. ვალდორფის პედაგოგიკას საფუძვლად უდევს  ფილოსოფია, რომელიც მორგებულია მთლიანად ადამიანის განვითარებაზე, როგორც საბავშვო, ასევე მოზარდობის ასაკში და ამავდროულად ზუსტად არის მორგებული ადამიანის განვითარების ეტაპებზე.

ანუ, ეს არის მთლიანად გერმანული მოდელი?

დიახ, გერმანული სისტემაა, თუმცა თითოეულ ქვეყანაში ეს სისტემა ერგება იმ ეროვნულ მოცემულობას, ღირებულებებს, კულტურას, რაც, ასე ვთქვათ, მასპინძელ ქვეყანაშია.

შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რას ისწავლიან საბავშვო ბაღში ბავშვები, რა აქტივობებს მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამა?

ვალდორფის ბაღები ცნობილია იმით, რომ აქ ბავშვის შესაძლებლობების სრულყოფილი, ყოველმხრივი, ჰარმონიული განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო-პირობებია შექმნილი. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს ბავშვის ფიზიკური, მოტორული, მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარებას. სხვადასახვა აქტივობასთან ერთად ისწავლება ხელსაქმე, რომელიც ძალიან კარგად აისახება ბავშვის ფანტაზიაზე, წარმოსახვაზე. ხელით მუშაობის დროს ბავშვები უფრო მოქნილები ხდებიან. სწავლობენ თიხაზე ძერწვას, ამუშავებენ სხვადასხვა მასალას, მათ ეძლევათ ფერადი დაფები და აღმზრდელის დახმარებით პატარა ნივთებიც შეუძლიათ შექმნან. გარდა ამისა, სწავლობენ ხატვას, უცხო ენებს, მაგრამ არა ტრადიციული მეთოდით. უცხო ენის სწავლა ხდება მხოლოდ მოყოლით, თხრობითი სახით და არა ძალდატანებით და ზეპირობით. როცა აღმზრდელი ლექსს წაუკითხავს, რაღაცას მოუყვება ან თუნდაც უმღერებს და ამას ექნება სისტემური ხასიათი, ბავშვი ბევრად უფრო კარგად ითვისებს.

სახელმწიფო აბავშვო ბაღებში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო სისტემა და ხშირად იცვლება პროგრამები. ვალდორფის პროგრამაში თუ შედის ცვლილებები და ვინ მუშაობს ამაზე?

რა თქმა უნდა, არსებობს საბავშვო ბაღის პროგრამების ერთიანი მოდელი, თუმცა ეს პროგრამები მუდმივად ვითარდება. მნიშვნელოვანია, პროცესი თანამედროვეობას, ახალ გამოწვევებს უწყობდეს ფეხს. ეს არ არის კონსერვატორული სისტემა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა სკოლის და ბაღის სისტემას საფუძვლად ვალდორფის პედაგოგიკა უდევს, რომელზეც პატარ-პატარა „აგურების“ დაწყობით ვაღწევთ საბოლოო შედეგს.

როგორი გრაფიკი ექნებათ ბავშვებს, რომელი საათიდან რომელ საათამდე იქნებიან საბავშვო ბაღში?

მშობელს შესაძლებლობა ექნება საბავშვო ბაღში ბავშვი რვა საათზეც მოიყვანოს. გვექნება ორი ჯგუფი –  რვა საათიდან 2 საათამდე და მეორე – ორი საათის შემდეგ.  თუმცა, თუ მშობელს სურს, რომ ბავშვი დატოვოს გახანგრძლივებულ ჯგუფში, ამის შესაძლებლობაც ექნება. ბუნებრივია, ეს საკითხი დამუშავების პროცესშია, ამიტომ ბევრი რამ საჭიროებების მიხედვითაც შეიძლება შეიცვალოს ან დაიგეგმოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შენობა, ბაღის ინფრასტრუქტურა და მდებარეობა. თქვენ როგორ გაქვთ ჩაფიქრებული, საბავშვო ბაღი აშენდება თუ უკვე აშენებულ შენობაში გაიხსნება ბაღი?

ჯერჯერობით ვეძებთ ადგილს ბათუმში, სადაც შეგვეძლება ბაღის აშენება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ უკვე აშენებულ შენობაშიც გავხსნათ ბაღი. ეს საკითხიც დამუშავების პროცესშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს მშვიდი, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა. ბავშვებს მიწასთან ურთიერთობის, მიწის დამუშავების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ისინი თავად იზრუნებენ ნარგავებზე, უნდა იყოს ბოსტნეულის, მარცვლეულის დათესვის საშუალებაც.

ადგილმდებარეობა თუ გაქვთ განსაზღვრული?

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბაღი იყოს განთავსებული ქალაქთან ახლოს, გარეუბანში. მისასვლელად მოსახერხებელ ადგილს შევარჩევთ.

დაახლოებით რამდენ ბავშვზე გაქვთ გათვლილი ბაღი?

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად იქნება მოთხოვნა და ინტერესი მშობლების მხრიდან. დასაწყისისთვის სულ მცირე ორი ჯგუფი გვინდა რომ იყოს, დაახლოებით 20-იდან 30 ბავშვამდე, თუმცა ამაზე ნაკლები რაოდენობის ბავშვიც რომ იყოს, არ გავჩერდებით. დარწმუნებული ვართ, ინტერესი აუცილებლად გაჩნდება.

სერვისის ღირებულება რამდენი იქნება? იგივე ფასი ეღირება, რაც თბილისის ვალდორფის ბაღშია დაწესებული, თუ იქნება განსხვავება?

ზოგადად, ამ ბაღის იდეა არის ის, რომ იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს ბაღი არის პირდაპირ ბავშვისთვის შექმნილი და, შესაბამისად, თუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს, ფასიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. რეალურად, საბავშვო ბაღის საფასური დაითვლება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და მაქსიმალურად გათანაბრდება ამ რეალობასთან.

საბავშვო ბაღის დაარსების შემდეგ სკოლაც გაიხსნება, თუ ესეც მოთხოვნაზეა დამოკიდებული?

ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზუსტ ვადებს და ვერც იმას განვაცხადებთ გადაჭრით, რომ სკოლა გაიხსნება, თუმცა გამორიცხული არც ესაა. ზოგადად, ევროპული გამოცდილებაც ამას აჩვენებს, რომ სადაც ბაღი იხსნება, თუნდაც ერთი ჯგუფი, ინტერესი იმდენად მზარდია, რომ ამას სკოლა და საკუთრივ ბაღის გაფართოებაც მოჰყვება ხოლმე.

კადრები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.  უკვე შერჩეული გყავთ კადრები?  

ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი უკვე გვყავს შერჩეული, მათ გაიარეს ვალდორფის პედაგოგიკის სემინარი, რომელიც თბილისში ჩატარდა და ასევე შტუტგარდში. აქედან ერთი ბათუმელია.

სახელმწიფოს მხარდაჭერა გჭირდებათ ამ იდეის განსახორციელებლად, თუ მხოლოდ საკუთარი ძალებით აპირებთ მიწის შესყიდვას?

ჩვენ აჭარის მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოსგანაც მივიღებთ მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დიალოგი და თანამშრომლობა შედგა. საკმაოდ მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

დაახლოებით როდის გეგმავთ ბაღის გახსნას, წელს გაიხსნება?

ზუსტი თარიღის თქმა, ჯერჯერობით, გაგვიჭირდება, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს იყოს ძალიან მალე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაღის გახსნას წინ უნდა უძღოდეს საინფორმაციო, შემეცნებითი შეხვედრები საზოგადოებასთან, რათა ის კითხვები, რაც გაჩნდება, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ამ მიზნით დეკემბრისთვის დაიგეგმება შეხვედრა-სემინარები, რომლებსაც წარმართავენ თბილისიდან და გერმანიიდან მოწვეული პროფესორები, სპეციალისტები, ჩვენი ჯგუფის წევრები.

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: