მთავარი,სიახლეები

კონსული თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე: დემოკრატიის გამოცდა პირნათლად ჩავაბარეთ

15.07.2017 • 1962
კონსული თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე: დემოკრატიის გამოცდა პირნათლად ჩავაბარეთ

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის პირველი წლისთავის აღსანიშნავად თურქეთის კონსული ბათუმში – იასინ თემიზქანი ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე კონსულმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „15 ივლისი დემოკრატიის გამარჯვებაა“.

„ამ ადამიანებმა იარაღი გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მათ არაფერი ჰქონდათ ხელში… იყო მოლოდინი, რომ ტერორისტები უკან დაიხევდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ტანკები გამოიყვანეს, ცეცხლი გაუსხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას. 250 მოქალაქე დაიღუპა იმ ღამით გმირულად. ჩვენთვის ეს იყო დემოკრატიისa და სახელმწიფობრიობის გამოცდა,“ – თქვა იასინ თემიზქანმა.

იასინ თემიზქანმა ისაუბრა ფეტულა გიულენზეც, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით იყო დაინტერესებული და ეს გასული წლის 15 ივლისამდეც ცნობილი იყო თურქეთის ხელისუფლებისთვის. კონსულმა გიულენის მხარდამჭერები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოიხსენია, როგორც კულტს დამორჩილებულები.

„ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ფეტულა არის მესია, თვითონ ისინი კი ოქროს თაობა. ისინი მის კულტს ემორჩილებიან და არიან რადიკალიზმის ნიმუში. წლების განმავლობაში ისინი მალავდნენ კავშირს ფეტულა გიულენთან და იყვნენ სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული. მათ გააყალბეს საჯარო მოხელეების შესარჩევი კონკურსის შეეგები და თავიანთი ხალხი დაასაქმეს. ჩვენმა ხელისუფლებამ 15 ივლისამდე დაიწყო შესაბამისი ზომების გატარება,“ – აღნიშნა კონსულმა.

იასინ თემიზქანმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერას. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრზეც ისაუბრა, რომელიც გადატრიალების მცდელობის დროს პირველად სტუმრობდა ოფიციალური ვიზიტით თურქეთს.

საკონსულომ შეხვედრაზე თურქეთის სახელმწიფო თანამდებობის პირების წერილობითი მიმართვებიც წარმოადგინა, სადაც ასევე იყო საუბარი დემოკრატიის გამარჯვებაზე.

„ბათუმელებმა“ თურქეთის კონსულს კითხა, რატომ აქცენტირებს თურქეთი დემოკრატიის გამოცდის ჩაბარებაზე და ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ამ პროცესში კითხვები გაჩნდა სწორედ დემოკრატიის საფრთხეზე?კონსულს შევახსენეთ ისიც, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დარწმუნდა ფეტულა გიულენის ტერორიზმთან კავშირში და მის ექსტრადაციაზე უარი თქვა.

კონსულმა გვიპასუხა, რომ ყველა ქვეყანას შესაძლოა ჰქონდეს თავისი მოსაზრება: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის…  ჩვენი ხელისუფლება არის არჩეული დემოკრატიული გზით და ხელისუფლება იცვლება მხოლოდ არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიის ყველაზე მთავარი პრინციპი… საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი, ყველამ  დადო დადებითი დასკვნა ამ პროცესებთან დაკავშირებით. სხვადასხვა ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება. ამ ქვეყნებთან ჩვენ ომხრივი შეხვედრები გვაქვს და ვცვლით ინფორმაციას“

თურქეთის კოსულს ბათუმში, იასინ თემიზქანს „ბათუმელებმა“ კითხა დაუსვა სასამართლო პროცესებზეც, რომელიც გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოების საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სტრასბურგის სასამართლოს წევრმა ჰკითხა, რატომ ჭიანურდებოდა ამ საქმეების განხილვა.

იასინ თემიზქანის თქმით, ამ დროისთვის პასუხისგებაში მიცემულია 110 ათასამდე ადამიანი და მიმდინარეობს სასმართლო პროცესები. მისივე თქმით, საჯარო და კერძო სამსახურებში ადმინისტრაციული საქმისწარმოების შემდეგ დაბრუნდა 30 ათასი ადამიანი.

იასინ თემიზქანი: „საუბარია ძალიან ბევრ სასამართლო პროცესზე. არსებობს პირობაც, რომ სანამ არ დასრულდება საქმის განხილვა თურქეთში, ვერ გაიგზავნება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. თურქეთში ყველას აქვს უფლება, რომ პროცედურების გავლის შემდეგ მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ჩვენ ვაღიარებთ ამ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ვასრულებთ მათ. მინდა მოგახსენოთ, რომ ის ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ უსაფუძვლოდ იმყოფებიან ეჭვქვეშ, უნდა მიმართონ საგამოძიებო კომისიას. გუშინ გამოქვეყნდა ნორმატიული აქტი და კიდევ 300 ადამიანი აღადგინეს სამსახრუში. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ პროცესში ვინმე დაზარალდეს. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხებს. მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ მიმართონ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ნორმების ფარგლებში.“

 სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, ხოლო 60 ათასი სახელმწიფო მოხელე სხვადასხვა უწყებიდან დაითხოვეს სამსახურიდან. სააგენტო ანადოლუს ცნობით, 27 ივლისს კიდევ დაახლოებით 1700 ჯარისკაცი დაითხოვეს და მათ შორისაა 47 გენერალი.  მასობრივი დაკავებების შემდეგ ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 15 ჟურნალი, 29 საგამომცემლო სახლი და სამი საინფორმაციო სააგენტო დახურა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: