ევრობანკი ბათუმს ელექტროავტობუსებს შეუძენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) მხარდაჭერით ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევრო გამოუყო სუვერენული სესხის სახით, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა. ბათუმის მერია ამ თანხით 10 ელექტრო და 20 ევრო სტანდარტის ავტობუსს შეიძენს. ავტობუსების პარკის განახლება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას.

„მე ვიცი, რომ კავკასიელები ერთმანეთს ეჯიბრებით და კიდევ ერთი დაგემატათ საამაყო. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა კავკასიაში, სადაც ელექტროავტრობუსები ივლიან,“ – განაცხადა EBRD -ში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა.

სასესხო ხელშეკრულებას დღეს ხელი ფრანსის მალიჟმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.

ახალი დაბალძირიანი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე“ კაპიტალდაბანდების წახალისებას და მიმდინარეობს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ევრობანკი საქმიანობს.

ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს. 2008 წელს ევრობანკმა დააფინანსა 76 საშუალო ზომის დიზელზე მომუშავე ავტობუსის შეძენა, ასევე უზრუნველყო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დანადგარები.


ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.