მთავარი,სიახლეები

მოქალაქე: „პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“

16.06.2017 • 2506
მოქალაქე: „პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“

„პარკირებისთვის ჯარიმა ორჯერ გადამახდევინეს“, – ამბობს მოქალაქე, ვინც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა. მისი თქმით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო ავტომანქანასთან ჯარიმის ქვითარი მარტში დახვდა. ამბობს, რომ ჯარიმა მაშინვე გადაიხადა სწრაფი გადახდის აპარატიდან.

„რამდენიმე დღის წინ სახლში მომივიდა წერილობითი შეტყობინება, რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელი ისევ. დავრეკე შესაბამის სამსახურში და მითხრეს, რომ სწრაფი გადახდის აპარატიდან შეუძლებელი იყო პარკირების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდა, ხოლო ის 11 ლარი, რაც გადავიხადე, პარკირების მომსახურების საფასური იყო. მეც არ დავაკვირდი, რომ აპარატში კონკრეტულად ჯარიმა არ ეწერა და მითითებული იყო პარკირების საფასური. სატელეფონო კონსულტაციის დროს განმიმარტეს, რომ ჯარიმის გადახდა მხოლოდ ბანკებშია შესაძლებელი. ახლა უკვე მეორედ გადავიხადე ჯარიმა. მინდა, სხვებმაც იცოდნენ, რომ ჯარიმა არ იფარება სწრფი გადახდის აპარატებნიდან,“ – გვიყვება მოქალაქე, რომელსაც ვინაობის დაფიქსირება არ სურს.

„ეს პრობლემაა და უნდა დავაყენო ეს საკითხი“, – გვითხრა გიგა ჩხეიძემ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. ის განმარტავს, რომ საჯარიმო ქვითრის ფორმა ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა და სამწუხაროდ ქვითარზე მითითებული არ არის, სად უნდა გადაიხადოს მოქალაქემ ჯარიმა.

„ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოქალაქეს აქვს წერილობითი შეტყობინების ოფიციალური ჩაბარების მომენტიდან. მანამდე მას მხოლოდ ნებაყოფლობით შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა. პარკირების მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკომატიდან, ასევე ბანკში, ხოლო პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმის გადახდა მხოლოდ ბანკში შეიძლება,“ – ამბობს გიგა ჩხეიძე, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე:

გადაიხდით, მაგრამ ვერ გააჩერებთ

როგორ „მოაგვარა პრობლემა“ ბათუმის მერიამ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: