მთავარი,სიახლეები

ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა

08.06.2017 • 2386
ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მივიდა

მსჯავრდებული კახა მ. ბათუმის ციხიდან, ამბობს, რომ ციხიდან ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის სხვადასხვა პრობლემას ასაჩივრებდა, ადრესატს არ მისვლია. კახა მ.-მ წერილი ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებიდან პირველ მაისს გააგზავნა და ამის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს. წერილი ადვოკატ მალხაზ ზოიძეს უნდა ჩაბარებოდა.

„გზავნილი დაწესებულებიდან გაგზავნილია, წერილის ადრესატამდე მიტანას ფოსტა უზრუნველყოფს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან.

„წერილი ფოსტას რომ ჩაბარებოდა, მოვიდოდა ჩემთან, ან უკან დაბრუნდებოდა,“ – განმარატავს ადვოკატი მალხაზ ზოიძე. ის არ გამორიცხავს, რომ პატიმრის საჩივარი ციხის ადმინისტრაციამ შესაძლოა მიზანმიმართულად არ გამოაგზავნა: „პატიმარმა რაც მიკარნახა ქვითარზე მითითებული კოდი, იმით ფოსტაში წერილი ვერ მოიძებნა. მითხრეს, რომ ქსელში მსგავსი წერილი არ არის. მსჯავრდებულს როცა ვინახულებ, ამ ქვითარს გამოვართმევ და მერე იმედია, გავარკვევთ, დაირღვა პატიმრის უფლება, თუ ტექნიკური პრობლემაა. სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც გაუგზავნა იმ დღეს პატიმარმა წერილი და ისიც არ მისულა ადრესატამდე.“

სახალხო დამცველის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დაინტერესდებიან ამ კონკრეტული შემთხვევით, თუმცა აქამდე არ დაუფიქსირებიათ შემთხვევა, როცა ციხიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მისულიყო.

მსჯავრდებულები კახა მ. და ფრიდონ ჯ. ბათუმის ციხიდან ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში სამედიცინო მომსახურების პრობლემებზე საუბრობენ. ეს პატიმრები ხშირად აგზავნიან წერილებს მსგავსი შინაარსით. სასჯელაღსრულების სამინისტროს ამჯერად ვკითხეთ: სწავლობს თუ არა მონიტორინგის სამსახური სამედიცინო მომსახურების ხარისხს და რა დარღვევებია დაფიქსირებული.

სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ნებისმიერი საჩივრის საფუძველზე უწყების გენერალური ინსპექცია ავტომატურად იწყებს სამსახურებრივ შემოწმებას.

„მსჯავრდებულ ფ.ჯ.-ს  მიერ არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ ყველა მომართვაზე ჩატარებულია სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმება. შედეგად რაიმე სახის გადაცდომას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია,“ – აღნიშნულია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წერილობით პასუხში.

რაც შეეხება კახა მ.-ს, სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტავს, რომ მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი ამ დრომდე გრძელდება.

კახა მ.-ს საჩივარს აქამდე ხშირად უარყოფდა სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუმცა გასული წლის ბოლოს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ უშუალოდ კახა მ.-ს შემთხვევაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა და ერთ-ერთ ექიმს ლიცენზია შეუჩერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: