„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

ერთი ბოთლი არაყი, ერთი ბოთლი შამპანური, ლუდი, ხილის ასორტი და კოქტეილი – ეს არის იმ შეკვეთის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ღამის კლუბ „ვოგში“ მისულმა ორმა ტურისტმა და მათმა თანმხლებმა კიდევ ორმა პირმა შეუკვეთა. ტურისტები ვარაუდობდნენ, რომ ამ შეკვეთაში 800 ლარს გადაიხდიდნენ, მაგრამ „ვოგის“ ადმინისტრაციამ მათ 9 800 ლარი მოსთხოვა. იმავე საღამოს კიდევ ოთხ სტუმარს „ვოგში“ შეკვეთის ანგარიში – 17 500 ლარი მიუტანეს. ორივე შემთხვევაში სტუმრები აპროტესტებდნენ თანხის ოდენობას, მაგრამ მათ გადახდა მაინც მოუწიათ – კლუბში ისინი ჯერ სცემეს, შემდეგ კი საბანკო ანგარიშებიდან მოუხსნეს თანხა, მათთვის წართმეული ბანკის ბარათების გამოყენებით.

შემთხვევა პირველი

ეს, ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტები, ბათუმში მოხდა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის, საკონსტიტუციო სასამართლოს და ბულვარის პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარე ღამის კლუბ „ვოგში“, სადაც ჯერ ორ ტურისტს სცემეს და 9 800 ლარი გამოსძალეს, შემდეგ კი ოთხ ტურისტს გაუსწორდნენ იმავე ფორმით. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქე იყო. ეს ფაქტიც, სხვა მსგავსი შემთხვევების მსგავსად, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩებოდა, იმავე ღამეს ორ დაზარალებულ ტურისტს რომ არ გაებედა ქუჩაში შემხვედრი საპატრულო პოლიციის მანქანის გაჩერება და მათთვის „ბათუმური სტუმართმოყვარეობის“ გამოცდილების დეტალურად გაზიარება.

სარფიდან ღამის კლუბში

35 წლის მ.ჰ. და 30 წლის ი.ო. „ვოგში“, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ღამის კლუბია, ორმა ახალგაზრდა ქალმა მიიყვანა. ოფიციალური ვერსიით, მამაკაცებს სარფში, საბაჟოს გადმოკვეთისთანავე შეხვდა ორი ახალგაზრდა ქალი და ბათუმისკენ დამგზავრება სთხოვა. გზაზე მამაკაცებმა ქალებს ჰკითხეს, ხომ არ იცოდნენ იაფფასიანი სასტუმრო, ისინი ღამის გასათევს ეძებდნენ. თურქულად მოსაუბრე ქალები მათ დაჰპირდნენ, რომ მიიყვანდნენ 30-ლარიან სასტუმროში. მიყვანით კი, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, „ვოგში“ მიიყვანეს. ისინი ამ ღამის კლუბის „კლიენტის მოზიდვის მენეჯერები“ აღმოჩნდნენ.

სუფრას ახალგაცნობილები ერთად მიუსხდნენ, მამაკაცებისგან განსხვავებით ქალებმა მიმტანს კოქტეილებიც შეუკვეთეს, მას შემდეგ კი, რაც ანგარიშის მოთხოვნით ერთ-ერთი კლიენტი ბართან მივიდა და ჩეკში ჩაწერილი თანხის გაპროტესტება ხმამაღლა დაიწყო, მათ მაგიდასთან მსხდომი ქალები გაუჩინარდნენ.

ოფიციალური ვერსიით, ამ ამბის გაგრძელება ის არის, რომ ორივე მამაკაცი შეიყვანეს დირექტორის ოთახში, სადაც სცემეს და გაუპატიურების მუქარით გაშიშვლება დაუწყეს. მოძალადეები ტურისტებისგან ითხოვდნენ საბანკო ბარათებსა და პაროლებს.

ერთ-ერთ დაზარალებულს გული წაუვიდა. მოსულიერების შემდეგ მან თავისი საბანკო ბარათებიც მისცა მოძალადეებს და პაროლებიც. მას შემდეგ, რაც ოთახში გამოკეტილი ტურისტების საბანკო ანგარიშები პირწმინდად გაასუფთავეს, ნაცემი კლიენტები „ვოგიდან“ გამოაძევეს.

საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ამ ტურისტებმა უამბეს საპატრულო პოლიციას მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ.

მეორე შემთხვევა

ვიდრე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაზარალებულებს კითხავდნენ, „ვოგში“ კლიენტის მოზიდვის სხვა მენეჯერმა ქალებმა ამჯერად ოთხი ტურისტი მიიყვანეს. ოფიციალური ვერსიით, პოლიციამ ამ ორი ტურისტის გამოკითხვისთანავე დაგეგმა კლუბში ოპერაცია. „ვოგში“ მისული სამართალდამცავები კი თავად გახდნენ თვითმხილველები – ეგრეთ წოდებული დირექტორის ოთახში ახლა სულ სხვა, ოთხ მამაკაცს სცემდნენ (დაზარალებულად ცნობილების ასაკი: 33 წელი, 35 წელი, 47 წელი, 35 წელი და 33 წელი).

მსხვერპლი ამჯერადაც თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. რაც შეეხება კლიენტის მოზიდვის მენეჯერებს – პირველ შემთხვევაში ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში – ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, მეორე – უზბეკეთის.

პოლიციამ 27 თებერვლის ღამეს ოთხი მამაკაცი დააკავა – მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე. ამ საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის მასალებში კლიენტის მოზიდვის მენეჯერების შესახებ არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები. ისინი საქმეში, უბრალოდ, არ არსებობენ.

„ვოგის“ დაცვა

„ვოგს“, ისე როგორც სხვა ღამის კლუბებს, დაცვა იცავს. ამ კლუბში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე შპს „მგლების~ თანამშროლებს უნდა ეზრუნათ. ზოგადი განაწესით დაცვის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ღამის კლუბებში ნებისმიერი არეულობა აღკვეთონ, თუმცა ამ შემთხვევაში რა ვალდებულებები ჰქონდათ „ვოგის“ დაცვის თანამშრომლებს, „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია. ეს დაწესებულება ამ დროისთვის დალუქულია, ლუქი დაწესებულების კარებზე ფაქტის გამოვლენიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ გაჩნდა.

ასეა თუ ისე, დაცვის თანამშრომლებს არაფერი გაუკეთებიათ იმის შესაჩერებლად, რაც კლუბში, დირექტორის კაბინეტში ხდებოდა. ადვოკატების მტკიცებით, სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინება მათ არც შს სამინისტროს ცხელი ხაზისთვის მიუწოდებიათ.

ღამის კლუბი „ვოგი“

ღამის კლუბი „ვოგი“

რა უთხრა ადვოკატს კლიენტმა პოლიციელების შესახებ

27 თებერვლის ღამის ძალადობისთვის შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ოთხი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს, ხოლო სამი – თურქეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი დაკავებულის, 24 წლის ბ.ე-ს ადვოკატი ზაზა პაპიძე „ბათუმელებს~ მოუყვა, რაც საპყრობილეში თავის კლიენტთან შეხვედრის შემდეგ გაიგო.

ზაზა პაპიძე: „ჩემი კლიენტი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. ის მიმტანად მუშაობდა ღამის კლუბში. მან ჩემთან დაადასტურა ძალადობის ფაქტი, მაგრამ მითხრა, რომ ამაში თავად არ მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ კლუბის მეპატრონის ძმასთან ერთად მოქალაქეებს ფულს სისტემატურად სწორედ დაცვის თანამშრომლები სძალავდნენ. ჩემი კლიენტი კონკრეტულად ორ პირზე საუბრობს – გ. ჩიჩუასა და ვ. გაბეჩავაზე. ჩემი კლიენტი ამბობს, რომ „ვოგში“ სისტემატურად ჰქონდა ადგილი მსგავს გამოძალვებს. გარდა ამისა, მან დაასახელა ბულვარის პოლიციელების ვინაობაც, ის ბულვარის პოლიციის განყოფილების ორ პოლიციელზე მიუთითებს – თ.მ-ზე და ს.ბ-ზე“ (ადვოკატი ასახელებს როგორც დაცვის თანამშრომლების, ისე პოლიციელების სახელებსა და გვარებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, „ბათუმელები“ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს – ავტ).

ზაზა პაპიძე ამბობს, რომ თავისი კლიენტის ნათქვამის დასადასტურებლად ის სხვა მოწმეებსაც შეხვდა. ერთ-ერთი მათგანი არის უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ზაზა პაპიძის კლიენტთან მეგობრობდა. „ამ ქალმა ზუსტად ის მითხრა, რაც საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა ჩემმა კლიენტმა – თანხის გამოძალვას და ბულვარის პოლიციის განყოფილების პოლიციელებისთვის ფულის გაყოფას ვგულისხმობ. შევუთანხმდი ამ ქალს, რომ თარჯიმანთან ერთად მივიდოდი და ოფიციალურად დავკითხავდი. ის დამთანხმდა, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც მივედი მოწმესთან გამოსაკითხად, იქ ოთხი პოლიციელი დამხვდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა.

ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მას პოლიციელებმა არ მისცეს ქალის დაკითხვის უფლება. „განსაკუთრებით აგრესიული იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. ის მომმართავდა ისეთი სიტყვებით, როგორიც არის „დაახვიე აქედან“, „ვერ მიიღებ შენ ამ ჩვენებას“, ანუ ვაჟა ბურკენაძემ პროფესიულ მოვალეობის შესრულებაში ხელი შემიშალა“.

ადვოკატის თქმით, პოლიციელი მას შეურაცხმყოფელი და ქურდული მენტალიტეტის მქონე პირების ლექსიკით ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც ადვოკატმა თავისი უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელებს პროკურატურაში უჩივლა, პოლიციელებმა ადვოკატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყეს მოკვლევა.
ზაზა პაპიძე: „მოწმეს ჩემ წინააღმდეგ განცხადება დააწერინეს, თითქოს მე მის სახლში შევიჭერი, მქონდა ძალადობის მცდელობა და ასევე თითქოს მოწმის მოსყიდვას ვაპირებდი. ამის შესახებ 8 მარტს მითხრეს გონიოს პოლიციაში, როცა გამოკითხვაზე დამიბარეს. მე მოვითხოვე, რომ დასაკითხად სასამართლოში გამომიძახონ. არ ვენდობი პოლიციას“.

კლიენტის მოზიდვის მენეჯერები

სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელებმა“ ღამის კლუბ „ვოგის“ კლიენტის მოზიდვის რამდენიმე მენეჯერის საკონტაქტო მონაცემები დაადგინა. არც ერთმა მათგანმა არ ისურვა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 27 თებერვლის ღამეს, როცა კლუბში ტურისტებს სცემეს.

როგორც ამ საქმეში ჩართული სხვა ადვოკატებიც ამბობენ, კლიენტის მოზიდვის მენეჯერების შესახებ საქმის მასალებში არაფერი წერია. ასევე ადვოკატების ვარაუდით, ამ პროფესიის ადამიანები ძირითადად ხელშეუხებლობით სარგებლობენ, რადგან მათ პოლიცია იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, მათ შორის ხშირად მოწმის სტატუსით იძახებენ სასამართლოში.

კლიენტის მოზიდვის მენეჯერთაგან ორმა „ბათუმელებს“ იმის შესახებ უთხრა, რომ ისინი დაკავებულების მეუღლეები არიან.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. სატელეფონო კონტაქტი კი მათთან ვერ მოხერხდა.

გამოძალვის სხვა შემთხვევები

სტუმრად ჩამოსულ უცხოელებს, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეებს, ბათუმში ფულს რომ სძალავენ ძალადობის გზით, ეს „ბათუმელების“ მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციითაც დასტურდება. ასე, მაგალითად, ახლახან გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ე.ფ. 2015 წელს ხელვაჩაურის სასამართლომ იდენტური ბრალდებით გაასამართლა, ის 4 000 ლარით დააჯარიმეს. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ღამის კლუბში მისულ სატრანზიტო მანქანების მძღოლებს სცემეს.

ე.ფ. და მისი კოლეგები ღამის კლუბიდან გონიოში, ღამის კლუბ „დედიკო დუში“-ში შესულ ყაზახეთის მოქალაქეს 2 800 დოლარის გადახდას სთხოვდნენ, ამ ღამის კლუბის მიერ შეთავაზებული სერვისის სანაცვლოდ.

ქუთაისში იმავე პირებს სასამართლომ ბრალი დაუმძიმა, ხოლო პირადად ე.ფ-ს ორი წლით აღუკვეთა თავისუფლება.

ამ ძალადობაშიც, ისე როგორც 27 თებერვლის ღამეს, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. დაცვამ არც ამ შემთხვევაში აღკვეთა სავარაუდო უწესრიგობა, ხოლო ადგილზე მისულმა პოლიციელებმა არასათანადოდ შეაგროვეს მტკიცებულებები.

27 თებერვალს დაკავებულებს თავდაპირველად ბრალი სამი მუხლით ჰქონდათ წაყენებული. ერთ-ერთი იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143-ე მუხლი), ასევე 181-ე მუხლით (გამოძალვა) და 178-ე მუხლით (ძარცვა). სასამართლომ 143-ე მუხლი ბრალდებულებს უკვე მოუხსნა, რადგან ჩათვალა, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას „ვოგში“ ადგილი არ ჰქონია.

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელები“ მარტის ნომერში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან