მთავარი,სიახლეები

76 წელი ქორწინებაში – ქედელი ცოლ-ქმრის რეკორდი

11.05.2017 • 26397
76 წელი ქორწინებაში – ქედელი ცოლ-ქმრის რეკორდი

მერისის ხეობაში მდებარე სოფელ გარეტყეში ცოლ-ქმარი – ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ამ ცოლ-ქმრის თანაცხოვრების ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ ისინი ერთად 76 წელია ცხოვრობენ.  მათ 162 შთამომავალი ჰყავთ – 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი.

უხუცესი აჭარელი წყვილის თანაცხოვრების ისტორიით საქართველოს რეკორდების ფედერაციაც დაინტერესდა. როგორც ზექიეს და ხუსეინის ერთ-ერთი შვილი, იასონ თურმანიძე ამბობს, რამდენიმე დღის წინ ოჯახს რეკორდების ფედერაციის  წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სოფელში ჩასვლას აპირებენ.  მათ ჩასვლამდე კი თურმანიძეების საგვარეულო 14 მაისს ერთად შეკრებას და საოჯახო ფოტოების გადაღებას გეგმავს.

„დამიკავშირდნენ და მთხოვეს ქორწინების მოწმობა გადაგვეგზავნა, რაც საარქივო მასალებში ვიპოვეთ და გადავუზავნეთ, როგორც მაცნობეს, 17 მაისს აპირებენ ჩვენთან ჩამოსვლას და ჩემი მშობლების გინესის წიგნში შეყვანას,“ – ამბობს იასონ თურმანიძე.

საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით,  მათი მონაცემებით, ქედელი ცოლ-ქმარი საქართველოში ყველაზე დიდი ხანია ერთად ცხოვრობს ქორწინებაში. რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, ქორწინებაში თანაცხოვრების რეკორდი ამჟამად 86 წელია.

ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები

ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები

ზექიე დუმბაძე სოფელ მეძიბნაში 1920 წელს დაიბადა, მას შემდეგ რაც გათხოვდა, ქმრის გვარზე გადავიდა.

„20 წლის ვიყავი, როდესაც მაჭანკლის გარიგებით მოვიყვანე ზექიე, მაშინ 19 წლის იყო, მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ, ერთად მოგვაქვს ჭაპანი,“ – ამბობს ხუსეინ თურმანიძე.

ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახის ისტორია 1941 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც სამამულო ომს სოფლებში შიმშილი მოჰყვა.

ზექიე გარეტყეში მეზობელი სოფლიდან გამოთხოვდა. იგი ძველ, ტრადიცულ აჭარულ ქორწილს იხსენებს:

„მაშინ მანქანა და კარგი ცხოვრება სად იყო, ცხენით წამომიყვანეს დედოფალი, ექვსი ცხენი იყო სულ, ერთზე მე ვიყავი, მეორეზე ჩემი მეჯვარე, სოფლის გზაზე ცხენებით ერთი მეორეს მოყოლებით  ჩამწკრივებული მოვდიოდით. მაშინ ქორწილი ღამით იწყებოდა და მეორე დღესაც გრძელდებოდა, იმ დროს ცხენი ყველა სოფელში ჰყავდათ, როცა გოგო თხოვდებოდა ან ბიჭი ქორწინდებოდა, მეზობლები ერთმანეთისგან დროებით თხოულობდნენ ცხენს,“ – იხსენებს ზექიე.

ოჯახის შექმნიდან მოკლე ხანში შომშილობა დაიწყო. ცხოვრება ისე გაჭირდა, რომ მჭადის მომზადების რეცეპტიც კი შეიცვალა:

„როცა გამოვთხოვდი, იმ წლის ზაფხულში დიდი თოვლი მოვიდა, სიმინდი იყო, ლობიო თუ სხვა ბოსტნეული, რასაც ვრგავდით, ყველაფერი გაგვინადგურდა, თოვლმა დატეხა. გაუსაძლისი შიმშილობა იყო, სიმინდი არ იყო იმდენი, რომ მთელი ზამთარი ოჯახებს თავი გაგვეტანა. სოფლებში ხმა გავრცელდა, რომ წიფლის ქერქი იფქვევა და სიმინდის ფქვილთან ერთად ცხვებაო. ყველა ტყეში გადიოდა ქერქის მოსატანად, მჭადის ფქვილსა და წიფლის დაქფულ ქერქს ერთმანეთში ვურევდი და იმას ვაცხობდი მჭადად. წიფლის ქერქის ჭამა ბევრმა ვერ აიტანა, მაშინ ბევრი ხალხი დაიხოცა სოფელში. ქერქი რომ ვეღარ ავიტანეთ, მერე მჭადის ფქვილში კარტოფილისა და ხაპის [გოგრა] შერევა დავიწყეთ, საშინელი წლები გამოვიარეთ,“ – გვიყვება ზექიე თურმანიძე.

ზექიე ახლა 97 წლისაა. მას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც სოფლად მცხოვრები ქალები მხოლოდ ქალების სკოლაში დადიოდნენ სასწავლებლად, ხოლო ბიჭებისთვის ცალკე სკოლა ფუნქციონირებდა. იგი იმ დროსაც იხსენებს, როდესაც აჭარის სოფლებში უხუცესები ჩადრით დადიოდნენ.

„მე ახალგაზრდა ვიყავი და არც მე და არც სხვა ახალგაზრდები ჩადრს არ ვიხურავდით, მაგრამ უხუცესები სადმე რომ წავიდოდნენ, ჩადრში გაეხვეოდნენ, ასეთი წესი იყო მაშინ, ახლა უფრო კარგი დროა. მხოლოდ ოთხი წელი ვისწავლე, მეზობლის სახლის ერთ ოთახში იყო სკოლა, ბავშვებთან ერთად წერა-კითხვის სასწავლად ქალებიც დადიოდნენ. ოთხი კლასი ვისწავლე და სკოლიდან გამომიყვანეს, სახლში ბევრი საქმე იყო და ოჯახს უნდა დავხმარებოდი. სულ რვა დედმამიშვილი ვიყავით, მაგრამ რადგანაც მე უფროსი ვიყავი, ყველა საქმე მე მიწევდა“ – ამბობს ზექიე.

„მე დაწყებითი სკოლა აქ რომ დავამთავრე, მერე სოფლიდან 5 კილომეტრში, მერისის სკოლაში გადავედი სასწავლებლად. დღეში 10 კილომეტრის გავლა გვიწევდა ბავშვებს, ცუდი დრო იყო, მაშინ არც გზა იყო, არც შუქი და წყალი, მახსოვს სოფელში გზა რომ გამოვიყვანეთ და პირველად მანქანა რომ ამოვიდა, მერისელებმა მანქანით ამოსულ სტუმარს პატივი სცეს, დიდი საქმე გააკეთე, მანქანით ამოხვედიო…  ვმუშაობდით ძალიან ბევრს, დილას ზოგჯერ ისე ადრე გავდიოდით ყანებში სამუშაოდ, რომ გზას ვერ ვხედავდით, საქმე რომ მოგვესწრო, მთვარის შუქზეც კი ვმუშაობდით“ – იხსენებს ხუსეინ თურმანიძე.

„ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ პირველი შვილი გოგო შეგვეძინა, პირველი გოგოს ხუთი გოგო მოჰყვა, მაგრამ ამაზე  დედამთილი არ გაბრაზებულა, მაშინ ქალს ბიჭი თუ არ შეეძინებოდა, დედამთილები უბრაზდებოდნენ, ოჯახში გვარის გამგრძელებელი აუცილებლად უნდა გაჩენილიყო,  მაგრამ ჩემს დედამთილს ეს არასდროს უხსენებია,  არასდროს არ გაბრაზეულა, ცხვირი ჩემთვის არ აუწევია, ბოლოს ღმერთმა მეც მომცა ბიჭი, მეექვსე შვილი ბიჭი გაგვიჩნდა, ბიჭის შემდეგ კი ისევ გოგონა დაიბადა,“ – მიყვება ზექიე.

ცოლ-ქმარს ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ზექიეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, ხელჯოხის დახმარებით  სახლში მხოლოდ ოთახიდან ოთახში გადაადგილდება, ამბობს, რომ ხშირად წნევებიც აწუხებს.  ტკივილი აწუხებს მის ქმარსაც. ხუსეინმა ერთი წლის წინ მხედველობა დაკარგა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.

„მალე 100 წლის გავხდებით. მართალია, წნევა მაწუხებს, მაგრამ ღმერთს მადლობა, რომ ამდენი ვართ, გაზეთების კითხვა ძალიან მიყვარდა, სულ ვკითხულობდი, მაგრამ ახლა საერთოდ ვეღარ ვხედავ და უმეტესად ვწევარ,“ – ამბობს ხუსეინი.

სოფელი გარეტყე

სოფელი გარეტყე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: