მთავარი,სიახლეები

არ მინდა ისევ გაუგებრობაში მოვხვდე – მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გონიოს მიწებზე

11.04.2017 • 2816
არ მინდა ისევ გაუგებრობაში მოვხვდე – მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გონიოს მიწებზე

თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას გონიოში მიწების დაკანონების შესახებ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისია არ გაასაჩივრებს, კომისიამ ხელახლა უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ოქრაძეა. ის 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. მას შემდეგ, რაც გონიო ბათუმის საზღვრებში შემოვიდა, გონიოშიც თვითნებურად დაკავებული მიწის საკითხს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია განიხილავს.

„მაშინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი, ახლა – მერიის თანამშრომელი ვარ,“ – გვითხრა დავით ოქრაძემ. ამჟამად იგი ბათუმის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული დაგეგმარების განყოფილების უფროსია.

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ გონიოელებს, რომლებსაც ერთხელ უკვე გაუუქმეთ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება? – დავით ოქრაძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი კითხვების გაჩენის გამო, ის კომისიაში არ განიხილავს იმ შემთხვევებს, რომლებიც გონიოში წლების განმავლობაში სადავო მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.

„მე არ ვმუშაობდი ხელვაჩაურის კომისიაში მაშინ, როცა ამ ადამიანებს მისცეს მიწის ნაკვეთები. მიმაჩნია, რომ ჩამორთმევის აქტი იყო სამართლიანი, რადგან სრულიად დაუზუსტებელი იყო ნახაზები, იქ არ იყო გათვალისწინებული არც ღობე, არც არხები და ქარსაფარი ზოლები. მე ამჟამადაც კომისიას ტექნიკურად დაზუსტებულ ინფორმაციას ვაწვდი, ვარ GPS ტექნოლოგიების სპეციალისტი და ვცდილობ, შეცდომაში არ შევიდეს კომისია,“ – ამბობს დავით ოქრაძე.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების კომისიის ერთ-ერთი გადაწყვეტილება გვაჩვენეს, რომელიც 2017 წლის 14 თებერვლითაა დათარიღებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, კომისიას გონიოს მიწის საკითხზეც უმსჯელია. გადაწყვეტილებას სხვებთან ერთად დავით ოქრაძეც აწერს ხელს. აქვე წერია, რომ კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება.

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, დავით ოქრაძეს ხელახლა დავუკავშირდით. გვითხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღარ მიიღებს მონაწილეობას გონიოელების საქმის განხილვაში. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ათობით გონიოს მკვიდრს მიწის საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს, უკანონოდ, მიმდინარე წლის 31 მარტს მიიჩნია.

დავით ოქრაძე: „მე აღარ ვაპირებ ამაში მონაწილეობას. არ მინდა, ისევ გაუგებრობაში მოვხვდე. მირჩევნია, ამას ავარიდო თავი, რადგან რეალურად ისევ დაუზუსტებელი ნახაზები შემოდის. რა არის ამის რეალური ინტერესი, არ ვიცი.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, დავით ოქრაძის შემთხვევაში რომელიმე კანონი არ ირღვევა, მაგრამ „არსებობს ეთიკური პრობლემა და უნდობლობა, რომელიც მოსახლეობის თვალში იმატებს. ეს კომისია თავისი საქმიანობით ისედაც ბევრ კითხვას აჩენს და მათ გადაწყვეტილებებს სასამართლო აფასებს უკანონოდ,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი. ის სასამართლოში გონიოელების ინტერესებს იცავს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში სულ 7 წევრია. გადაწყვეტილება კომისიაში უბრალო უმრავლესობით მიიღება.

ამავე თემაზე:

გონიოს მცხოვრებს მიწის აღიარების კომისიამ მიწის გადაცემაზე ისევ უარი უთხრა 

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: