ვაჟა ბოლქვაძე ქედის წყალკანალს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ქედის საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე  შპს „ქედის წყალკანალის“ მიერ განხორციელებულ 15 000-ლარიანი სახელმწიფო შესყიდვის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ელექტრონული ტენდერი, რომლითაც შპს-ს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი უნდა შეეძინა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„წყალკანალის მიერ ავტომობილის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ტექნიკურ პარამეტრებში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რითაც სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი ინდმეწარმე იღებს მონაწილეობას და თან ერთ თეთრსაც კი არ აკლებს, და საერთოდ რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი უაზის ტიპის ავტომობილს, მაშინ როდესაც მის ბალანსზე არსებული, მუშა მდგომარეობაში მყოფი ამ ტიპის ავტომობილი გამგეობის ეზოში ორი წელია დგას,“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.

ვაჟა ბოლქვაძის ბრალდებასთან დაკავშირებით ქედის წყალკანალის უფროსი ემზარ ბერიძე ამბობს, რომ ელექტრონულ ტენდერში კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შესასყიდი ავტომობილის ტექნიურ მოთხოვნებს, მისი თქმით პარამეტრები სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე გაწერეს.

„ეს არის წყალკანალი, კანალიზაცია კი მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს, როცა ავტომობილს ამ სფეროში მომუშავე თანამშრომლები გადაჰყავს სპეციალური გაწმენდვა სჭირდება და თუ მხედველობაში ვაჟა ბოლქვაძეს ტყავის სავარძლები აქვს აღებული, ვუპასუხებ, მოთხოვნაში იმიტომ ჩავდეთ, რომ შესაბამისად გაირეცხოს და სავარძლები არ დასველდეს,“ – ამბობს ემზარ ბერიძე.

მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქედის წყალკანალმა სავარაუდო თანხით -15 000 ლარით 27 თებერვალს გამოაცხადა.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილი, რომელსაც ქედის წყალკანალი შეისყდდა, არანაკლებ 1999 წელს გამოშვებული, 2400 დან-2500 მდე ძრავის მოცულობის, ბენზინზე მომუშავე, ტყავის სალონით, ოთხი უსაფრთხოების ღვედით, არაუმეტეს 100000 კილომეტრი გარბენი, 7- ადგილიანი, 4- ცილინდრიანი, მარცხენა საჭით, არანაკლებ 5- სიჩქარიანი და 4/5 -კარიანი, 4 ახალი და ერთი ახალი სათადარიგო საბურავით უნდა ყოფილიყო, ამავდროულად ავტომობილი არ უნდა ყოფილიყო ნაავარიევ-შენადუღები.

ამ პარამეტრებით ქედის წყალკანალის მიერ გამოცხადებული ტენდერი 6 მარტს დასრულდა, ტენდერში მონაწილეობა კი მხოლოდ ერთმა – ინდმეწარმე დათო საკანდელიძემ მიიღო 15 000 ლარით.

ქედის წყალკანალს ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმესთან ავტომობილის შესყიდვაზე ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, ემზარ ბერიძე ამბობს, რომ ტენდერი კანონიერად ჩატარდა და ტენდერის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, უაზის ტპის ავტომობილი, რომელიც გამგეობის ეზოში დგას, ჩამოსაწერია და მას მუნიციპალიტეტი მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში იყენებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი