მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი მინისტრები წარადგინა

20.12.2016 • 3684
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალი მინისტრები წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრი, ინგა შამილიშვილი წარუდგინა.

ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

,,ვფიქრობ, ინგა შამილიშვილი არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ კრიტერიუმს, რომელიც რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელ პირს მოეთხოვება: გამოცდილება, პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობა“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მინისტრის წარდგენისას.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც წარუდგნა სამინისტროს თანამშრომლებს.

ზაალ მიქელაძე პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. ბოლო წლებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L“-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრები წარადგინა / აჭარის მთავრობის ფოტოები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრები წარადგინა / აჭარის მთავრობის ფოტოები

,,ბატონი ზაალი ბოლო წლებია რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის აჭარის კოორდინატორი გახლდათ. მას ჰქონდა უშუალო შეხება მოსახლეობასთან, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხალხთან. პროფესიით ექიმი-პედიატრი სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა. იგი გახლავთ ძალიან მზრუნველი, გულისხმიერი ადამიანი. ვფიქრობ, ეს თვისებები პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან ერთად მას დაეხმარება წარმატებით გაუძღვეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ეფექტურად განახორციელოს ჯანდაცვის სფეროში ბევრი სასარგებლო და საჭირო პროგრამა“- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა მინისტრის წარდგენისას.

მთავრობის ახალი შემადგენლობა აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დაამტკიცა. მთავრობაში განათლებისა და ჯანდაცვის გარდა კიდევ ორი მინისტრია – ლაშა კომახიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი და რამაზ ბოლქვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: