მთავარი,სიახლეები

რას შეცვლის ლიდერი დირექტორი სკოლაში

24.10.2016 • 2889
რას შეცვლის ლიდერი დირექტორი სკოლაში

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სკოლის დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ. პროექტი – „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“  სამწლიანია და სამი მოდულისგან შედგება: 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები, ეფექტური დირექტორი  –  თეორიიდან პრაქტიკისკენ და დირექტორი როგორც მენეჯერი, ადამიანური რესურსები, დროის მენეჯმენტი და სამართლებრივი საკითხები. კურსი 14-მილიონიანი პროექტის ფარგლებში ტარდება. აძლევს თუ არა დღევანდელი სკოლა დირექტორს ლიდერობის შესაძლებლობებს? ამ თემაზე „ბათუმელებს“ მე-13 საჯარო სკოლის ტრენერი დირექტორი, დათო ჩხაიძე ესაუბრა.

ბატონო დათო, რა მოეთხოვება ლიდერ დირექტორს და სკოლებში დღეს არსებული მდგომარეობა თუ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თეორიული უნარები პრაქტიკაში ეფექტურად განახორციელოს?

ერთი-ორი სიტყვით ამის ჩამოყალიბება რთული იქნება. წლების განმავლობაში სკოლაში ტრაფარეტული სასწავლო გეგმა დგებოდა, ამჯერად კი დირექტორმა სკოლის კონკრეტული საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. კონკრეტულ მახასიათებლებზე უნდა შეადგინოს სასწავლო გეგმა. ამას სჭირდება ბევრი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.  გარდა ამისა, თუკი წლების წინ დირექტორი არ ესწრებოდა გაკვეთილებს და არ ჰქონდა სასწავლო პროცესზე რეალური ინფორმაცია, დღეს უკვე დირექტორი ვერ იქნება წარმატებული და ლიდერი, თუკი მან არ იცის რა ხდება სკოლაში. თუ ადრე ყურადღება გამახვილებული იყო დირექტორზე, როგორც ფინანსურ მენეჯერზე, ახლა საუბარია იმაზე, რომ სკოლის დირექტორმა მენეჯერობის გარდა კარგად უნდა იცოდეს სასწავლო პროცესი და რაც მთავარია, უნდა იყოს ლიდერი. დღეს დირექტორი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი დაკვირვების ფორმები და შეძლოს კომუნიკაცია მასწავლებელთან, მოსწავლესთან და ა.შ. წლების წინ ეს ფუნქციები ჰქონდათ სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელებს.

რას შეცვლის დირექტორის დასწრება საგაკვეთილო პროცესზე, თუკი მას არ შეუძლია არაკვალიფიციური მასწავლებლის სკოლიდან დათხოვნა?

გაკვეთილზე დასწრების მიზანი არ არის მასწავლებლის შეფასება, მასწავლებლის კომპეტენცია ფასდება გამოცდებით. მთავარი არის ის, რომ დირექტორმა უნდა იცოდეს რა სჭირდება საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებას, რაში უნდა გაიხარჯოს სკოლის თანხები. თუ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის შესაძლებლობები არ არის გამოვლენილი, ესე იგი, მასწავლებლის მუშაობა არ არის სწორი. დირექტორი უნდა დაეხმაროს მასწავლებელს მიზნის მიღწევაში, მასწავლებელი კი მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში. ამის დასადგენად ბევრი ფორმა არსებობს, დირექტორს შეუძლია პრობლემები მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილოს და ასეთი საკითხები მოაგვაროს.

 საგნობრივი გამოცდების შედეგების მიხედვით, მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ აბარებს იმ საგანში გამოცდას, რომელსაც ასწავლის. თუკი დირექტორს არ აკმაყოფილებს პედაგოგის კომპეტენცია და არც აქვს სამართლებრივი ბერკეტი მისი სკოლიდან გაშვების, როგორ უნდა გახდეს დირექტორი ლიდერი ან წარმატებული?

როგორ არ აქვს ბერკეტი? სწორედ ამისთვის არის საჭირო სასწავლო პროცესის დაკვირვება. თუკი პედაგოგი რაღაცას ვერ აკეთებს, აცდენს გაკვეთილებს, სისტემატურად არღვევს შინაგანაწესს, მიეცემა გაფრთხილება ერთხელ, ორჯერ და შემდეგ მისი საკითხი განიხილება პედსაბჭოზე. შემდეგ მიიღებს დირექტორი გადაწყვეტილებას. 5-6 მასწავლებელია ამ მიზეზებით გათავისუფლებული სხვადასხვა სკოლიდან.

 თქვენ ამბობთ, რომ ტრენინგების მთავარი მიზანი არის სკოლა გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, რომ საკლასო ოთახში არ უნდა იყოს 25-ზე მეტი მოსწავლე. ამის თაობაზე პედაგოგებსაც აქვთ პრეტენზია  ამბობენ, რომ კლასში, სადაც 40 მოსწავლე ზის, გაკვეთილი ვერ იქნება ყველა ბავშვზე ორიენტირებული. შეძლებს ლიდერი დირექტორი ამ პრობლემის მოგვარებას და როგორ?

ძალიან კარგად მიწვდება ყველა ბავშვს. არის ამის უამრავი მეთოდი, კონკრეტული მაგალითები და სწავლობენ, თუ როგორ უნდა ჩაატარო ასეთ გარემოში გაკვეთილები.  ზუსტად ამას ასწავლის ეს სამივე მოდული – გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლის თავისუბურება, აღქმის უნარები და გაკვეთილი დაიგეგმოს ამის მიხედვით. მასწავლებლების ნაწილმა თანამედროვე მიდგომები ნაკლებად იცის, თუმცა მერწმუნეთ, სისტემატური ტრენინგები იძლევა ეფექტს. ცვლილებები სწრაფად არ იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში შედეგი ექნება. ჩვენ გვახსოვს სკოლა, როცა მასწავლებელი ხელკეტებით შედიოდა გაკვეთილზე და ურტყამდა მოსწავლეებს, იყო ლანძაღვა და გინება. ეს ნამდვილად აღარ არის.

თუმცა, გაჩნდა გულგრილობა. მოსწავლეებისგან არაერთხელ მსმენია, რომ მასწავლებელი გაკვეთილს ახსნის და არ აინტერესებს გაიგე თუ არა.

ამ შემთხვევაში, მთავარია, მასწავლებელს ხელი შევუწყოთ, რადგან სკოლაში ისედაც პრობლემაა მასწავლებლების მიყვანა – არ არიან იმდენი, რამდენიც საჭიროა. ერთ-ერთი სკოლისთვის ვეძებდით მათემატიკის მასწავლებელს და ვერ ვიპოვეთ. ახალგაზრდებს კი საერთოდ არ უნდათ სკოლაში შესვლა.

 სოციალურ ქსელებში პირიქით ამბობენ, ბევრი მასწავლებელი წერს, რომ მუშაობას ვერ იწყებს კვალიფიკაციის მიუხედავად, რადგან ვაკანსია, ფაქტობრივად, არ არის.

ჩემს სკოლაში ახლა მივიღეთ ხუთი ახალგაზრდა მასწავლებელი. ბევრი პირველკლასელი მოვიდა და საჭირო გახდა კლასის დამატება. პროექტი მოვიგეთ, რომლის ფარგლებშიც ავიყვანეთ სამი სპეციალური მასწავლებელი, ერთი ხელოვნების პედაგოგი და ფსიქოლოგი. სწორედ ამიტომ არის საჭირო დირექტორის დასწრება გაკვეთილებზე, რომ ზუსტად განსაზღვროს, რითი შეიძლება დაეხმაროს მასწავლებელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: